კატალონიის “ბარსელონას” კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი გუნდს ლა ლიგის უახლოეს 4 მატჩში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი სადისციპლინო კომიტეტის მიერ მისთვის მიცემული დისკვალიფიკაციაა.
ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩის დასრულების შემდეგ, ვალდესი შეხვედრის მთავარ არბიტრთან მიიჭრა და მის მიმართ პროტესტი უხეში ფორმებით დააფიქსირა. ვალდესი “რეალთან” გამართული თამაშის მიწურულს, მეტოქის კარში თერთმეტმეტრიანის არდანიშვნამ გააღიზიანა. მატჩის არბიტრის მიერ ოქმში შეყვანილი ინფორმაციის თანახმად, ვალდესმა მის საქციელს სამარცხვინო რამდენჯერმე უწოდა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ვალდესი 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებდა და ასეც მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ “დეპორტივოს”, “რაიოს”, “სელტასა” და “მალიორკას” წინააღმდეგ, “ბარსელონას” კარს ხოსე მანუელ პინტო დაიცავს.