ოთხშაბათს “მიხეილ მესხის” სტადიონის მედიაცენტრში სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომამ არ გაითვალისწინა თბილისის “დინამოს” შუამდგომლობა მათი ფეხბურთელის, ჩისკოსთვის დისკვალიფიკაციის მოხსნის თაობაზე, ასე რომ, ესპანელი დადგენილ სამ მატჩს გამოტოვებს. ასევე, კომიტეტმა 800 ლარით დააჯარიმა გორის “დილა”, გულშემატკივრების მიერ მაშხალების სროლის გამო.
სხდომამ გაფრთხილება მისცა გორელთა მწვრთნელ ვალდას ივანაუსკასს, რომელმაც ბოლო ტურში თბილისის “დინამოსთან” მატჩის შემდეგ მსაჯები არცთუ სასიამოვნო ეპითეტებით მოიხსენია. ლიტველ სპეციალისტს “მსოფლიო სპორტიც” ესაუბრა:
- ვალდას, რა გითხრეს კომიტეტის სხდომაზე?
- გაფრთხილება მომცეს, თუმცა იმაზეც შევთანხმდით, რომ ჩემი მაშინდელი ნათქვამი გარშემომყოფებმა მთლად სწორად ვერ გაიგეს. მე საკუთარი აზრი გამოვთქვი, მათ მომისმინეს. ფაქტია, რომ მსაჯებმაEშეცდომები დაუშვეს და არამარტო ამ მატჩში. ეს ვიდეოჩანაწერებითაც შემიძლია დავამტკიცო. თუმცა ჩემთვის ეს თვითმიზანი არ არის. სხვა მხრივ, ისინიც ადამიანები არიან და შეიძლება რაღაც შეეშალოთ. ყველას ეშლება. ნახეთ უფრო მაღალ დონეზე, ჩემპიონთა ლიგაში როგორ შეცდომებს უშვებენ. მე მწვრთნელი გახლავართ და მინდა ჩემი და ფეხბურთელების ნაწვალები შეცდომების გამო წყალში არ ჩაიყაროს. დანარჩენი ფეხბურთის ფედერაციისა და სადისციპლინო კომიტეტის გადასაწყვეტია. მთავარია, ეს შეცდომები ტენდენციად არ გადაიქცეს.
- უკვე ყველა აშკარად საუბრობს გორის “დილას” ფინანსურ პრობლემებზე. რა ხდება?
-კრიტიკული სიტუაციაა. როცა მე და გერმანელი ფიზმომზადების მწვრთნელი თომას კლიმეკი გუნდში მოვედით, ასეთ პრობლემებზე არც გვიფიქრია. პრობლემები ისედაც თავზე საყრელია. არ გვაქვს ნორმალური სავარჯიშო პირობები, ვეხვეწებით, რომ ვინმემ სავარჯიშო მინდორზე შეგვიშვას. ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ ამ ხნის განმავლობაში ბიჭებმა მართლა მთელი გული ჩადეს საქმეში. ისინი ნამდვილი გმირები არიან, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, მოთმინების ფიალაც აივსო. სირცხვილია ეს ყველაფერი. ფული ფულად, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არ ვიცით რა იქნება ახლო მომავალში. ევროპის ლიგაზე გვიწევს თამაში და რაღაც გეგმა ხომ უნდა არსებობდეს. გასარკვევია ურთიერთობა ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან, ექიმებთან და საერთოდ, გუნდის ყველა რგოლთან. რაზეა საუბარი, როცა ფეხბურთელები ლამის მშივრები სხედან და არავინ იცის რა იქნება ხვალ. არადა, პერსპექტიული ბიჭები არიან და თუ ეს “დილა” დაიშალა, მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება.
- თქვენ პროფესიონალი ხართ. თუ ასე გაგრძელდა, ზაფხულამდე წახვალთ გუნდიდან?
- გინდათ ალალად გითხრათ? წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ კლუბში ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა. თუ ფული არ აქვთ, გვითხრან რომ არ აქვთ. ბიჭები მაინც ითამაშებენ, თუნდაც გორის სახელისთვის. მადლობა მათ. ზაფხულისთვის კი სხვა კლუბებში წავლენ, რადგან ნიჭიერები არიან და პერსპექტივა აქვთ. ბოლომდე დაველოდებით კუთვნილ ფულს, თუმცა კიდევ გავიმეორებ, მთავრია რა ელის “დილას”. ამ გუნდს ევროპის ლიგაზე შორს წასვლა შეუძლია, მაგრამ თუ საქმე არ გამოსწორდა, პირველივე წრეში გავარდება.
...შემდეგ “დილას” მენეჯერს, გია ისიანს ვესაუბრეთ. გეტყვით, რომ მისი პროექტი “ფეხბურთის განვითარების შესახებ” (ამ პროექტზე დაწვრილებით “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა), სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა მოიწონა და დახმარებაც აღუთქვა: “ძალიან სასიხარულოა, რომ მინისტრი დაეთანხმა ამ იდეას. ცხადია, დეტალები დასაზუსტებელია. ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციასთანაც აქტიურად ვმუშაობთ. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ასე გადავარჩენთ ქართულ ფეხბურთს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მედიის როლი ხსნენებულ პრობლემასთან დაკავშირებით. სწორედ თქვენგან იგებს საზოგადოება პრობლემების შესახებ და დიდი მადლობა ამისთვის”, – გვითხრა ისიანმა.