რაგბი

18:45 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაჯობოთ იტალიელებს რაოდენობით და ქომაგობის კულტურით

27 სექტემბერს, 17 საათზე, “მიხეილ მესხზე” “თბილისის კავკასიელები” იტალიურ “როვიგოსთან” “ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს გამართავენ და 4-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრას ეცდებიან.

პირველ მატჩში შეცდომების და შემთხვევითობის გამო მიღებული სამი ლელოთი 18:22 მარცხის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ბიჭებს ამ შეცდომების გამოსწორებაზე ამუშავებს. იყო ისეთი შეცდომებიც, რომლებიც მეტოქემ ვერ გამოიყენა და საჭიროა მათი გამოსწორებაც. სიტუაცია ისეთია, ვაკეში ქართული რაგბის გულშემატკივრებს ისტორიული გამარჯვების აღნიშვნის კარგი შანსი ექნებათ.

თამაშის “ავჭალიდან” “მიხეილ მესხზე” გადატანით შეხვედრის ცოცხლად ხილვის შანსი 25-ათასამდე მაყურებელს გაუჩნდა. ბილეთის ფასი 2 ლარია, ადგილები დანომრილი არაა და მათი შეძენა სტადიონის სალაროებში პარასკევს და შაბათს იქნება შესაძლებელი. ოთხშაბათს, “შევარდენის სანაკრებო ბაზაზე”, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, ლევან მაისაშვილმა და “კავკასიელების” კაპიტანმა ლაშა ხმალაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი ნიჟარაძე: “ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა “თბილისის კავკასიელებმა” ღირსეულად ჩაატარა. ასეთი ანგარიში ბევრისთვის მოულოდნელობა იყო. პირადად მე ვამაყობ ამ ბიჭებით, რადგან მათ, ერთი კვირის შეკრებილებმა, ისეთ სერიოზულ გუნდს, როგორიც “როვიგოა”, ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და რომ არა ბოლო, შემთხვევითი ლელო გამარჯვებასაც იზეიმებდნენ. მიუხედავად ამისა, თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რადგან მეტოქე კარგად დაბალანსებული გუნდია, სადაც ახალზელანდიელი, აფრიკელი და არგენტინელი ლეგიონერები თამაშობენ. საკვანძო პოზიციებზეც ძლიერი იტალიელი მორაგბეები ჰყავთ. ვფიქრობ, “როვიგო” თბილისში ბევრად უკეთ ითამაშებს, ვიდრე იტალიაში. ამიტომ, ჩვენ სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსი, რაც გაგვაჩნია და მაქსიმუმი გავიღოთ ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად.

ბიჭებისგან ვიცი, რომ იტალიელი მაყურებელი ძალზე კეთილგანწყობილი იყო. ისინი ობიექტურად, ისე, როგორც რაგბის გულშემატკივარს შეეფერება, ტაშით აჯილდოვებდნენ ჩვენი გუნდის კარგ კომბინაციებს, ლელოებს, ტრავმირებულ თუ შეცვლილ მორაგბეებს და თამაშის შემდეგაც მთელი გუნდი ტაშით გამოაცილეს. იტალიაში გათხოვილი ეკა ჭიჭინაძისგან გავიგეთ, რომ მსგავსი რამ “როვიგოს” გულშემატკივრებისგან იშვიათია და ის თავად იყო გაკვირვებული. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ამ ქალბატონს, რომელმაც მთელს ოჯახთან ერთად გულთბილად გვიმასპინძლა, კიდევ ერთხელ გადავუხდი უდიდეს მადლობას.

მადლობას ვუხდი ფეხბურთის ფედერაციასაც, რომელიც გაგებით მოეკიდა შექმნილ სიტუაციას და ამ ისტორიული ფაქტის ზღვარზე “მიხეილ მესხის” სტადიონი დაგვითმო. ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსები თანაბარია და აქ დიდ როლს ითამაშებს მაყურებელი. რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს ტრიბუნებზე და ყველამ ერთად მოვახერხოთ მეტოქის დამარცხება. იტალიაში თამაშს 1800 გულშემატკივარი დაესწრო და მნიშვნელოვანია თბილისში ბევრად მეტი ქომაგი მივიდეს სტადიონზე, რათა ყველას დავანახოთ, რომ საქართველოში იტალიაზე მეტად უყვართ რაგბი. ვთხოვ ყველას, რომ სოციალური ქსელების დახმარებით, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოიზიდონ, რადგან ერთის მხრივ მათი სიმრავლე სერიოზულ გავლენას იქონიებს თამაშეზე და მეორეს მხრივ, ევროპელებს დავანახებთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის რაგბი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იტალიელმა გულშემატკივარმა ჩვენს ბიჭებს პატივი სცა და ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ.

სტადიონების პრობლემა მომავალშიც გვექნება. “მიხეილ მესხი” სფფ-ს საკუთრებაა, “ბორის პაიჭაძე” “დინამოს” საკუთრებაა და მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს გვითხრან უარი. მათთან მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ჩვენ ზუსტად ვიცით როგორია კალენდრის არევა და მიუხედავად ამისა, “მესხზე” თამაშის უფლება დაგვრთეს, მაგრამ მოედანს ყოველთვის ვერ დაგვითმობენ და ეს გასაგებიცაა. ასეთ სიტუაციაში გამოსავალი ერთადერთია - აშენდეს 25-30 ათასიანი სუფთა სარაგბო სტადიონი. მორაგბეებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს და ახლა ჯერი სახელმწიფოზეა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ წარვადგინეთ განაცხადი 2017 წელს 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის მასპინძლობაზე და იქ პირდაპირ წერია, რომ ასეთი სტადიონი უნდა გვქონდეს. კარგი იქნება მისი მშენებლობა თუ დაიწყება, რადგან 4 ნოემბერს რაგბის საერთაშორისო საბჭოს დელეგაცია გვეწვევა, რომელიც შეამოწმებს მოვახერხებთ თუ ვერა მათი მოთხოვნების შესრულებას. ამ დონის ტურნირი აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ არ ჩატარებულა და თანხმობის შემთხვევაში ქვეყანაში დარჩება ინფრასტრუქტურა, რომელიც მომავალში არა მხოლოდ რაგბის, არამედ ფეხბურთსაც გამოადგება. ახლა ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, “როვიგოს” ბარიერის გადალახვის შემთხვევაში სად უნდა ვეთამაშოთ ისეთ გრანდებს, როგორებიც “კარდიფ ბლუზი”, “ლონდონ აირიში” და “გრენობლი არიან. შესაძლოა, მათი მასპინძლობა “ავჭალაზე” მოგვიწიოს”.

ლევან მაისაშვილი: “იტალიაში გამართული მატჩის პირველივე წუთებიდან თამაშზე კონტროლი დავამყარეთ, მაგრამ მერე ზვიად მაისურაძე გაგვიგდეს და ავირიეთ, რამაც მეტოქეს დაწინაურების საშუალება მისცა. მეორე ტაიმში ისევ მოვახერხეთ გარდატეხის შეტანა და ისეთ მომენტში გავედით წინ, აღარ უნდა წაგვეგო, მაგრამ ფორტუნამ ზურგი გვაქცია და ბოლო წუთზე არაფრისგან ლელო მივიღეთ. ჩვენი მხრიდან მრავლად იყო შეცდომები, რაც შეუთამაშებლობის და მგზავრობის ბრალი იყო. გარდა ამისა, როვიგოში დილით იწვიმა და გრუნტიც მძიმე იყო. მოკლედ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ წარმოვაჩინეთ. ახლა ამ შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობთ. განმეორებით თამაშს 0:4-ით ვიწყებთ, რაც რაგბიში ბევრი არაა და წესით თამაშის სასურველი შედეგით დასრულება უნდა შევძლოთ, დანარჩენი კი, მოედანზე გამოჩნდება.

ვფიქრობ, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. დაგვემატა სამი მორაგბე - 7-კაცა ნაკრებიდან გიორგი ფრუიძე, ვასილ ლობჟანიძე, რომელიც გამგზავრებამდეც იყო გაფართოებულ შემადგენლობაში და “ლოკომოტივის” პირველხაზელი არჩილ ბეჟიაშვილი. საბოლოო, 23-კაციანი სია, სავარაუდოდ ხუთშაბათ საღამოს გვექნება. სანამ კომისარი არ ჩამოვა, ვერ გავიგებთ თუ რა კრიტერიუმებით გაირკვევა გამარჯვებულის ვინაობა, თუკი თბილისში ჩვენ 4 ქულის სხვაობით მოვიგებთ. შესაძლოა, დამატებითი დრო დაინიშნოს, ან ყველაფერი კლასიკურად, ლელოებით და შემდგომში წითელ-ყვითელი ბარათებით გადაწყდეს. იმედია, აქამდე საქმე არ მივა და სასურველი სხვაობით მოვახერხებთ გამარჯვებას. რაც შეეხება იტალიელი მაყურებელის ქცევას, ეს პატივისცემა ჩვენი თამაშით დავიმსახურეთ”.

ლაშა ხმალაძე: “გუნდში სერიოზული განწყობაა, რაც ვარჯიშებზეც შეინიშნება. მონდომება ყველას ეტყობა და საქმისადმი უმაღლესი დონის მიდგომაა. ვემზადებით როგორც ფიზიკურად და ტაქტიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე, როგორც მოთამაშეს, მსიამოვნებს დიდ სტადიონზე, სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში, სადაც ყველა საქართველოს გულშემატკივრობს. იტალიელი გულშემატკივრისგან პატივისცემა ვიგრძენი და იგივეს ველი ქართველებისგანაც. მეტოქის სტვენა და გინება მორაგბეებს გვიქმნის უხერხულობას და თხოვნა მექნება ყველასთან - ჩვენ დაგვიჭირეთ მხარი და ნუ შეურაცხყოფთ მოწინააღმდეგეს.

რაც შეეხება ბურთს, პირადად მე ასეთი კარგი ხარისხის ბურთით აქამდე არ მითამაშია. რაც კი აქამდე გამოსულა, Gilbert-ის ეს ბურთი საუკეთესოა და არ ვიცი რას უწუნებენ მას იტალიელები. სხვათა შორის, ჩვენც ამავე ბურთით ვთამაშობდით და ეს მიზეზად არ გამოდგება. ისე, იტალიელთა დამრტყმელს სულაც არ ეტყობოდა, რომ ბურთი რამეში ხელს უშლიდა”. 

0.311355