ძიუდო

20:00 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

უზნაძემ ევროგანაცხადი შავდათუაშვილის გარეშე შეავსო

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში 24-27 აპრილს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა გამოაცხადა. სპეციალისტმა მონაწილე ნაკრებებისთვის დაწესებული ქვოტა მოლოდინისამებრ, სრულად გამოიყენა და ფრანგულ ტატამზე 9 შეგირდს გაიყვანს.

ქართულ გუნდს შვიდი წონითი კატეგორიიდან ექვსში ეყოლება წარმომადგენელი. 66 კილოგრამში კი სატურნირო ბადე საქართველოს ნაკრების წარმომადგენლის გარეშე შეივსება. 73, 90 და +100 კილოგრამებში კი კიმონოს ორ-ორი ქართველი მოირგებს.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში არსებული შიდა კონკურენციიდან გამომდინარე, ძიუდოს მოყვარულები განსაკუთრებული ინტერესით სწორედ ამ წონაში ელოდნენ მწვრთნელის არჩევანს. თბილისის გრან პრის ჩემპიონ ნუგზარ ტატალაშვილს ევროტატამზე გასვლა უკვე განაღდებული ჰქონდა, ზებედა რეხვიაშვილსა და წონის დებიუტანტ ლაშა შავდათუაშვილს შორის კი ირაკლი უზნაძემ უპირატესობა რეხვიაშვილს მიანიჭა.

ინდივიდუალურ პირველობაზე მოჭიდავე ძიუდოისტების გარდა მონპელიეს ქართულ დელეგაციაში შალვა ქარდავა (66 კგ) და უშანგი მარგიანიც (81 კგ) მოხვდნენ, რომლებიც საქართველოს ნაკრებს საჭიროების შემთხვევაში გუნდურ შეჯიბრებაში დაეხმარებიან.

 

საქართველოს ნაკრები

60 კგ - ამირან პაპინაშვილი

73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი

81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი

90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური

100 კგ - გურამ თუშიშვილი

+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი

0.110368