საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 25-28 აპრილს ბუდაპეშტში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას კახეთში გადის. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ გაფართოებული შემადგენლობა ყვარლის ტბასთან მდებარე სასტუმროში დააბანაკა და ვარჯიშებს ახალაშენებულ დარბაზში ატარებს. უნგრეთში წასაყვან 9-კაციან განაცხადს კი ოფიციალურად ხვალ გაახმაურებს.
ევროპულ ტატამზე გასაყვან ქართველ ძიუდოისტთა სია ადრიანადვე გამოიკვეთა - ახლახან, გერმანულ ერთობლივ შეკრებაზე უზნაძემ სწორედ 9 რჩეული შეგირდი იახლა და ბუდაპეშტურ ჩამონათვალშიც ცხადია ისინი შეიყვანა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი იჭიდავებს, 66 კილოგრამში – ლაშა შავდათუაშვილი, 73-ში – ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი, 81-ში – ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი, 100-ში – დავით ლორიაშვილი, ხოლო მძიმე წონაში – ადამ ოქრუაშვილი.
“ყვარელში 40 ძიუდოისტი ჩამოვიყვანეთ და საკმაოდ კარგ პირობებში ვემზადებით. ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა მართლაც გამოკვეთილია და გუნდს ოფიციალურად ხვალ გამოვუცხადებ. შეკრებას 20 აპრილს დავასრულებთ, ბუდაპეშტში კი 23-ში გავემგზავრებით” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ირაკლი უზნაძემ.