საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა კიევის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის ტრიუმფატორი დავით მარსაგიშვილი გახდა (84), რომელმაც ფინალში დაამარცხა რუსი მაგომედ ზუბაიროვი. ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) ამ ტურნირზეც მეორე ადგილით დაკმაყოფილდა, დამარცხდა რა ფინალურ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელ ვასილი ფედორიშინთან. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ელიზბარ ოდიკაძემ (96), დათმო რა რუს ალბერტ სარიტოვთან გადამწყვეტი შეხვედრა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალოსანი დავით ხუციშვილი (74) კი მესამეზე გავიდა. ბრინჯაოსთვის იჭიდავა ახალგაზრდა გენო პეტრიაშვილმაც, თუმცა საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
საპრიზოს სახით ტურნირის გამარჯვებულებს 10000-10000 ამერიკული დოლარი გადაეცათ, მეორეადგილოსნებს – 5000-5000, მესამეადგილოსნებს 2000-2000.







