ფეხბურთი

14:56 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაიმ იორდანია გაანადგურა

ოსკარ ტაბარესის შეგირდებმა იორდანიელებთან პლეი ოფის პირველივე მატჩში მოაგვარეს საქმე, სტუმრად 5:0 დაამარცხეს და საპასუხო შეხვედრა ფორმალობად აქციეს.

ეგზოტიკურმა იორდანიელებმა დიდი წვალებით მაგრამ ბოლოს მაინც მოუგეს უზბეკეთის ნაკრებს და პლეი ოფში მოხვდნენ. ყოფილ საბჭოელებთან ორივე მატჩი ერთი და იმავე (1:1) ანგარიშით დაასრულეს და პენალტების სერიაში აჯობეს (9:8). მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მწვრთნელმა ჰოსამ ჰასანმა კი თქვა; ეს წარმოუდგენელი წარმატებაა ჩვენთვის, მუნდიალთან ერთ ნაბიჯში ვდგავართ და ახლა თავისუფლად ვითამაშებთ. რომც წავაგოთ, არავინ დაგვძრახავს, თუმცა პლეი ოფში თავს არ დავზოგავთო.

ურუგვაელებმა კი “ტრადიციას” არ უღალატეს. ნამდვილ საკონტინენტთაშორისო პლეი ოფების მამებად იქცნენ. 2002 წლის მუნდიალზე მოსახვედრად მათ ავსტრალიასთან ორი მატჩი დასჭირდათ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ისევ “სოკერუზსს” დაუპირისპირდნენ და წააგეს, გერმანიაში ვერ მოხვნენ. ბოლო მსოფლიო თასზე კი კოსტა რიკასთან მოგებული პლეი ოფის წყალობით მიიღეს საგზური და სამხრეთ აფრიკაში მოულოდნელად ნახევარფინალამდე მივიდნენ. მართლაც კარგი გუნდი იყო წინა ტურნირზე ურუგვაი და ახალგაზრდული შემადგენლობის გამო, სპეციალისტები მიიჩნევდენენ, რომ ბრაზილიაში უკვე დაღვინებული გუნდი ჩავიდოდა და შესაძლოა, ერთ-ერთი ფავორიტიც ყოფილიყო. ვნახოთ, ფაქტია, რომ სამხრეთ ამერიკის ჯგუფში კვლავ გაუჭირდათ, მე-5 ადგილზე გავიდნენ და ისევ პლეი ოფით უწევთ ფინალური საგზურის მოპოვება.

ცხადია, წყვილის აშკარა ფავორიტები სამხრეთამერიკელები არიან, თუნდაც მარტო სუპერფორვარდები კავანი და სუარესი რად ღირს. ეგ არის, ამდენი გოლიდან ლივერპულელს არცერთი გაუტანია, კავანიმ კი მსაჯის მიერ წამატებულ მეორე წუთზე შეაგდო. ისე ლამაზი გოლი კი გამოუვიდა, შესანიშნვად შეასრულა საჯარიმო, პირდაპირ “ცხრიანში” ჩასვა. საკუთრივ მატჩს რაც შეეხება, პირველი წუთებიდანვე ნათელი გახდა რომ მეტოქეთა კლასში ძალიან დიდი სხვაობა იყო. “რაინდებმა” (იორდანიელების მეტსახელია) თავი არ დაზოგეს, მაგრამ ძალამ აღმართი მოხნა.

 

იორდანია – ურუგვაი 0:5 (0:2)

13 ნოემბერი. ამანი. “ინტერნეიშენალ სთედიუმი.”

იორდანია: შატნავი, აკელი, ზაჰრანი (ალ ბავაბი 53), ადნანი, ზეიადი, ალ მურჯანი, ალ შაქრანი, ბანიატეია (ალ ხალიდი 65), ადოუსი, ალ საიფი (ალ ლაჰამი 59), ჰაიელ იბრაჰიმი

მწვრთნელი: ჰოსამ ჰასანი

ურუგვაი: სილვა, ლუგანო, მაქსი პერეირა, კასერესი, გოდინი, კრისტიან როდრიგესი, არევალო, ლოდეირო (ალვარო პერეირა 70), სუარესი (ფორლანი 81), კავანი, სტუანი (გასტონ რამირესი 70)

მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი

გოლები: 0:1 მაქსი პერეირა (22), 0:2 სტუანი (42), 0:3 ლოდეირო (69), 0:4 კრისტიან როდრიგესი (78), 0:5 კავანი (90+2)

გაფრთხილება: ალ საიფი (9), ალ მურჯანი (45)

მსაჯი: სვეინ მოენი (ნორვეგია)

0.188148