10 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი შეხვდა შასკი Baskonia, S.A.D.-ის ფონდის დირექტორს ხესუს ვასკესს, რომლის მფლობელობაშია საფეხბურთო გუნდი “ალავესი” და ბასკონიის სპორტის უნივერსიტეტის დამფუძნებელს ინიაკი ურკიახოს. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები, ეფუძნებიან რა მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებსა და აცნობიერებენ რა საქართველოში ფეხბურთისა და კალათბურთის განვითარების აუცილებლობას, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სამოქმედო გეგმასთან, განიხილავენ თანამშრომლობის პერსპექტივებს, რათა მიაღწიონ ზემოაღნიშნული მიზნების განხორციელებას შესაბამისი ზომების შემუშავებით და აცხადებენ თავიანთი განზრახვის შესახებ ხსენებულ მემორანდუმში.
მემორანდუმის არსი:
წინამდებარე მემორანდუმი შემუშავდა საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფეხბურთისა და კალათბურთის განვითარებას და დაახლოებას მსოფლიო სტანდარტებთან. საკონსულტაციო ჯგუფის მთავარ საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს ახალგაზრდა ნიჭიერი სპორტსმენების პროფესიული ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რაშიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ფონდის ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსები, რაც ხელს შეუწყობს პერსპექტიული სპორტსმენების სამომავლო წარმატებულ სპორტულ კარიერას. წინამდებარე მემორანდუმის მხარეები, ეფუძნებიან რა, მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს და ითვალისწინებენ რა, ფონდის დიდ გამოცდილებას, ასევე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სამომავლო გეგმებს, თანხმდებიან ორმხრივ თანამშრომლობაზე შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით (დამატებით განისაზღვრება სამართლებრივი და საორგანიზაციო ფორმა);
მოიწვიონ ექსპერტები საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობის წესის შემუშავებისთვის;
შეიქმნას ყველა პირობა საკონსულტაციო ჯგუფის ეფექტური ფუნქციონირებისთვის;
მოხდეს ყველა საორგანიზაციო საკითხის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტა;
ჯანმრთელი თაობის, წარმატებული ფეხბურთელებისა და კალათბურთელების აღზრდისა და მათი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მხარეები დახმარებას გაუწევენ საკონსულტაციო ჯგუფს შესაბამისი სპეციალისტების შერჩევაში და მათ საქართველოში ჩამოყვანაში, რათა შემდგომში ჩაატარონ მასტერკლასები და ტრეინინგები;
თავის მხრივ, ფონდი უზრუნველყოფს ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენების გამგზავრებას თავის კლუბებში, მათი სრულფასოვანი განათლებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით;
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათი თანამშრომლობის ეფექტურად განხორციელებისთვის საჭიროა ერთმანეთს დახმარება გაუწიონ საერთო მიზნების მიღწევაში, რაც საწყის ეტაპზე გამოიხატება ფონდის რესურსების მაქსიმალური მობილიზაციით და მიმართული იქნება ფეხბურთისა და კალათბურთის განვითარების, სპეციალისტებისთვის სასწავლო ვიზიტების უზრუნველყოფის, სასწავლო და საკონკურსო ღონისძიებების მხარდაჭერის, პერსპექტიული სპორტსმენების აღზრდისა და მათთვის მაღალი რეიტინგის მქონე კლუბებთან კონტრაქტის დადების ხელშეწყობისთვის.
თავის მხრივ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გამოხატავს სრულ მზადყოფნას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს კერძო სამართლის ყველა იურიდიულ პირს, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში. მხარეები თანხმდებიან, რომ თავიანთი მიზნების სრული განხორციელებისთვის საჭიროა სწრაფი და ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური