“ვაშინგტონ უიზარდსის” გამთამაშებელი ჯონ უოლი და “ჰიუსტონ როკიტსის” შემტევი მცველი ჯეიმს ჰარდენი გასული კვირის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო კალათბურთელებად დასახელდნენ.
უოლის მეთაურობით “ვაშინგტონმა” კვირის სამივე მატჩი მოიგო. ჯონის საშუალო მონაგარი 25.0 ქულა, 10.7 პასი, 3.3 მოხსნა და 2.0 დაფარება გახლდათ. უოლი კვირის საუკეთესო მოთამაშე სეზონში მეორედ და კარიერის განმავლობაში მესამედ გახდა.
ჰარდენმა 24 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდში “როკეტსს” 3-დან 2 მატჩი მოაგებინა, ამასთან, “საკრამენტოსთან” თამაშში მან 43 ქულა ჩააგდო, რაც მიმდინარე სეზონში მისი საუკეთესო მაჩვენებელია.
კვირის მოთამაშეობაზე პრეტენზიას ჯეფ ტიგი (“ატლანტა”), ლენს სტივენსონი (“ინდიანა”), ბლეიკ გრიფინი (“კლიპერსი”), ლებრონ ჯეიმსი (“მაიამი”), კევინ ლავი (“მინესოტა”), კევინ დიურანტი (“ოკლაჰომა სიტი”), ტადეუს იანგი (“ფილადელფია”), დემიან ლილარდი (“პორტლენდი”), დემარ დეროზანი (“ტორონტო”), ტრევორ არიზა და მარცინ გორტატი (ორივე – “ვაშინგტონი”) აცხადებდნენ.