კალათბურთი

19:00 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“უნიქსი” სანიკიძის გარეშე იწყებს

ვიქტორ სანიკიძის “უნიქსმა” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, თუმცა, ცხადია, ჩვენებურის გარეშე. ქართველი ფორვარდი საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და სანამ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საკვალიფიკაციო ეტაპი არ დასრულდება, ყაზანელებს ვერაფრით შეუერთდება.

სანიკიძის გარდა, “უნიქსთან” ერთად არ არიან ასევე ევრობასკეტის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაბმული რუსეთის ნაკრების წევრები – პაველ ანტიპოვი, ვალერი ლიხოდეი და დიმიტრი სოკოლოვი, ისრაელის ნაკრების წარმომადგენელი დ’ორ ფიშერი და საბერძნეთის ეროვნული გუნდის მოთამაშეები ნიკოს ზისისი და კოსტას კაიმაკოღლუ, რომლებიც აგვისტოს ბოლოდან ესპანეთში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

30 აგვისტომდე “უნიქსი” ყაზანში გაჩერდება, შემდეგ კი, როდესაც გუნდს ევროპის პირველობის კვალიფიკაციის მონაწილეები შეუერთდებიან, რუსული გრანდი ლიტვურ ალიტუსში გაემგზავრება და იქ 12 სექტემბრამდე დაჰყოფს.

ლიტვიდან “უნიქსი” გერმანულ ბამბერგში გაემგზავრება და ადგილობრივ საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს, რაც ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ ბოლო რეპეტიცია იქნება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მინი-ტურნირი ბელგიის ქალაქ ოსტენდეში შედგება. პირველ წრეში “უნიქსი”, რომელსაც ბერძენი მწვრთნელი არგირის პედულაკისი ავარჯიშებს, პოლონურ “ჟიელონა გორას” გაეჯიბრება.

0.120181