ძიუდო

22:37 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთში ქართული დღეები გრძელდება

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპირველობაზე კაცებში უკვე მედლების 4 კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს სახელით ტატამზე 6 სპორტსმენი გავიდა და ხუთმა მათგანმა კვარცხლბეკზე ასვლაც შეძლო. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე ორი საჭიდაო დღის შემდეგ 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაოა, რითაც საქართველოს ნაკრები არა მარტო კაცების, არამედ კაცთა და ქალთა ერთობლივ გუნდურ ჩათვლაშიც პირველ ადგილზეა.

ამირან პაპინაშვილისა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილის (66 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ოქროებს დღეს თავისი ოქრო ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) მიამატა. ნუგზარ ტატალაშვილს (73 კგ) ტიტულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ზებედა რეხვიაშვილმა (73 კგ) ბრინჯაო გამოიმუშავა.

81 კილოგრამში პირველ ნომრად განთესილმა ჭრიკიშვილმა ჩემპიონატი ესტონელ გეორგი ლადოგინთან შეხვედრით გახსნა. თავიდანვე აქტიურად შეუტია და მსაჯს საწყის ორ წუთში მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა. მესამე წუთზე კი ვაზარზე ლადოგინი დააგდო და ეს უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა. მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა პორტუგალიელ კარლოს ლუზის ერთ წუთში მოუმთავრა საქმე, ლამაზი გდებით. მეოთხედფინალში მონტენეგროელ სრჟან მრვალიევიჩთან ძირითადი დრო უქულოდ ჩაამთავრა, მაგრამ ოქროს დროის დაწყებისთანავე მეტოქე იპონით ჩამოიცილა.

ფინალის საგზური ავთანდილ ჭრიკიშვილმა უილეთოდ მოიპოვა - ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიეს აქტიურობით აჯობა და თავისი ერთი გაფრთხილების წილ სამი შიდო მიაღებინა. საჩემპიონო ბრძოლაში სულაც ერთადერთი შიდო აღმოჩნდა გადამწყვეტი – ჭრიკიშვილმა ხორვატი ტომისლავ მარიანოვიჩი მსაჯს მესამე წუთზე გააფრთხილებინა და უპირატესობა ბოლომდე მშვიდად შეინარჩუნა.

მეორე საჭიდაო დღე სწორედ ამ გამარჯვების გამო აჟღერებული საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. იქამდე კი კვარცხლბეკზე ასვლა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველებმაც მოასწრეს. ტურნირში ორივე მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო.

რეხვიაშვილი რუმინელ კოსტელ დანკულეას დაეჭიდა და მეორე წუთზე ვაზარზე დავარდა, მაგრამ მალევე თავადაც შეასრულა ვაზარად შეფასებული გდება, რომელსაც უმალ შებოჭვა მოაყოლა. ტატალაშვილმა სლოვენიელ ტადეჟ ცეჰს თავიდანვე აგრესიულად შეუტია და სულ რაღაც წუთნახევარში ისე მოუმთავრა საქმე, ილეთის გაკეთებაც არ დასჭირვებია – პასიურმა სლოვენიელმა შიდო ოთხჯერ მიიღო.

ქართველებმა მერვედფინალშიც წყვილად იმარჯვეს. ნუგზარ ტატალაშვილმა ბელარუს ალექსეი რამანჩუკს თავიდანვე აუღო იუკო. საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე კი იპონზეც დააგდო. ზებედა რეხვიაშვილმა ევროპის 2008 წლის ჩემპიონს, უკრაინელ ვოლოდიმირ სოროკას მეორე წუთზე იუკო აუღო. შემდეგ მსაჯს მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი სოროკამ ფეხიდან სცადა ილეთის გაკეთება და უმალ მოხსნეს.

მეოთხედფინალური ბარიერის დაძლევა მხოლოდ ტატალაშვილმა შეძლო – რუსეთის ნაკრების წევრ მურატ კოძოკოვს უილეთოდ სძლია – მსაჯს მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა, მაშინ, როდესაც თავად მხოლოდ ერთი შიდო მიიღო. ნახევარფინალში ნუგზარმა ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს ოქროს დროში შესრულებული ვაზარით მოუგო. ფინალში კი სლოვენიელ როკ დრაკშიჩს დაუპირისპირდა და თანაბარ ბრძოლაში იუკოთი დამარცხდა.

რეხვიაშვილმა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ფრანგ პიერ დუპრასთან წაგებით დაკარგა. შიდო-შიდოზე ჩამთავრებული ხუთწუთეულის შემდეგ, დამატებით დროში დუპრამ იპონით იმარჯვა. ამ შეხვედრამდე ფრანგმა ევროპირველობას უნგრელთა ჯილა მიკლოშ უნგვარი გამოთიშა. რეპეშაჟში გადართულმა ზებედა რეხვიაშვილმა რუსეთის ნაკრების წევრი მუსა მოგუშკოვი და ბელგიელი დირკ ვან ტიჩელტი საფინალო სირენამდე ჩამოიშორა. მოგუშკოვს საქმე იპონით მოუმთავრა, ხოლო ვან ტიჩელტი მსაჯს მეხუთე წუთის მიწურულს მეოთხე გაფრთხილების გამო მოახსნევინა.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან ერთადერთი, ვინც ამ ორ დღეში საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა, ლევან წიკლაურია (81 კგ). არადა კვარცხლბეკამდე სულ ცოტა დააკლდა – რეპეშაჟის ფინალში, ჟოაკიმ ბოტიესთან ოქროს დროში იუკოთი წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. დამამშვიდებელ ეტაპზე წიკლაური მეოთხედფინალიდან გადაერთო, სადაც ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩთან იპონზე დავარდა. ამ შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა ორი მეტოქის ძლევა მოასწრო. სლოვაკ მარიან ბენკოცკის ვაზარი-ვაზარზე ჩამთავრებული ხუთი წუთის შემდეგ, დამატებითში იუკოთი აჯობა. ტრიბუნების აქტიური ქომაგობით დამუხტული უნგრელი ლასლო სზოკნიაი კი ორ წუთში დასცა ბეჭებზე. რეპეშაჟის ფინალამდე წიკლაურმა უკრაინელი ვიტალი დუდჩიკის დაიპონებაც მოასწრო.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში: 90, 100 და +100 კილოგრამში გამოვლინდება. საქართველოს სახელით საქმეში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ჩაერთვებიან.

ლიპარტელიანი ევროპირველობას შვეიცარიელ კირილ გროსსკლაუსთან შეხვედრით გახსნის, ლორიაშვილი რუსეთის ნაკრების წევრ ადლან ბისულტანოვს დაეჭიდება, ოქრუაშვილი კი ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკსა და პოლონელ მაციეჟ სარნაცკის შორის მოგებულს შეხვდება.

 

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი

ბუდაპეშტი

კაცები

 

25 აპრილი

 60 კგ

1 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

2 ლუდოვიკ ჩამარტინი (შვეიცარია)

3 არტემ არშანსკი (ისრაელი)

3 ეშლი მაკკენზი (ბრიტანეთი)

 

66 კგ

1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

2 კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი)

3 დიმიტრი დრაგინი (საფრანგეთი)

3 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)

 

26 აპრილი

 73 კგ

1 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)

2 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

3 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

3 პიერ დუპრა (საფრანგეთი)

 

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

2 ტომისლავ მარიანოვიჩი (ხორვატია)

3 ჟოაკიმ ბოტიე (ბელგია)

3 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

5 ლევან წიკლაური (საქართველო)

 

 

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფოტო


0.116799