ჭიდაობა

2:18 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

უნაკლო პეტრიაშვილის იოლი ტიტული

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ახალგაზრდა მოჭიდავეთა 6-დღიანი ევროპის ჩემპიონატი ქართულად დასრულდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უმძიმესმა წევრმა გენო პეტრიაშვილმა (120 კგ) ოთხი შეხვედრა ჩაატარა, თან უმთავრეს კონკურენტებთან და ოთხივეს ძალიან ადვილად, ერთ პერიოდში მოუმთავრა საქმე. ამ ოთხ შეხვედრაში პეტრიაშვილმა სულ 31 ქულა აიღო და ერთი ქულაც არ დაუკარგავს.

საჩემპიონო გზას საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ბერძენი ატამპაცაკის ხატალამპოსის ძლევით (8:0) შეუყვა. შემდეგ სომეხი ჰამლეტ აბრაჰამიანი (7:0) და აზერბაიჯანელი ალი მაგომედაბიროვი (8:0) ჩამოიშორა, ფინალში კი უკრაინელ ანდრეი ვლასოვს (8:0) აჯობა. შეგახსენებთ, მაგომედაბიროვთან პეტრიაშვილს შარშანდელ ევროპირველობაზე ჰქონდა წაგებული და მაკედონიაში ბრწყინვალე რევანში აუღო.

დავით ბუზიაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ოქრო-ვერცხლის შანსი მან მეოთხედფინალში დაკარგა, აზერბაიჯანელ ჰაჯიმურად ომაროვთან წაგებით (0:1 3:10) და მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, თავად რეპეშაჟში გადაერთო. მეოთხედფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ ბელარუსი ანდრეი კარპაჩის ძლევა მოასწრო (6:2 5:2). ბრინჯაოს გზაზე კი ფრანგი ჯონი ჯასტ ბური (7:0) და გერმანელი კევინ კრისტოფერ ჰენკელი (3:0 6:8) დაამარცხა.

7 ივლისს ჩემპიონ-პრიზიორები კიდევ ორ წონით კატეგორიაში: 55 და 84 კილოგრამებში გამოვლინდა, მაგრამ საპრიზო სამეულები ქართველთა გარეშე შეივსო. ბექა ბუჯიაშვილმა (55 კგ) ბულგარელი მეჰმედ ზეიტი ფერაიმისა (3:4 8:0) და რუმინელი ალექსანდრ პეტკოვის (8:0) ძლევის შემდეგ, რუსეთის ნაკრების წევრ სტეპან სორკომოვთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო (3:1 0:3) და ხალიჩაზე მეტჯერ აღარ გასულა, რადგან სარკომოვი ფინალში ვერ გავიდა. ლევან გოგრიჭიანი (84 კგ) კი საწყის ეტაპზევე დამარცხდა თურქ ფაიტჰ ერდინთან (0:4 0:0).

0.113403