ტოკიოს ძიგორო კანოს სახელობის დიდი სლემის მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა პირველ დღესთან შედარებით უკეთ კი იჭიდავეს, მაგრამ კვარცხლბეკზე ასვლა მაინც ვერ მოახერხეს. დღეს მედლები 73, 81 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა.
ნაკრების დებიუტანტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ლიდერი, ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდნენ და რადგან დიდ სლემზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს, პირდაპირ მე-5 ადგილზე გავიდნენ. ჭრიკიშვილი სამეულამდე იაპონელმა ტაკაჰირო ნაკაიმ არ მიუშვა. შეხვედრის ბედი ნაკაის ვაზარმა გადაწყვიტა. ამ შეხვედრამდე ახალგაზრდა ქართველმა 2 მეტოქე ჩამოიცილა – პოლონელ რობერტ კრავჩუკს იუკოთი სძლია, ხოლო მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერს, ამერიკელ ტრევის სტივენსს – ორ წუთში, იპონით.
ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელ სო კეუნ სონგს ორ წუთსა და 42 წამში მოუმთავრა საქმე, არგენტინელ ჰექტორ კამპოსს 2 იუკო აკმარა. ბრაზილიელ ტიაგო კამილოს ვაზარი კი აუღო, მაგრამ თავად ორჯერ წამოეგო და ნახევარფინალს მიღმა დარჩა. მეხუთეადგილოსანმა ქართველებმა 60-60 სარეიტინგო ქულაც მიიღეს.
დღესვე, ტატამზე თენგიზ პაპოშვილი (73 კგ) და გიორგი ბაინდურაშვილიც (81 კგ) გავიდნენ, მაგრამ ტურნირი ორივემ მოუგებლად დაასრულა. პაპოშვილი უზბეკ ნავრუზ ჟურაკბილოვთან ორწუთნახევარში, იპონით დამარცხდა, ბაინდურაშვილს კი პორტუგალიელმა დიოგო ლიმამ იუკოთი აჯობა.
გუშინდელის მსგავსად, დღევანდელი დღეც იაპონელთა კარნახით ჩაჭიდავდა. სამივე წონაში ოქროს მედალს მასპინძლები დაეუფლნენ. 73 და 81 კილოგრამებში სულაც, იაპონური ფინალები შედგა. 73-ში რიკი ნაკაიამ იუკი ნიშიამას სძლია, 81-ში – ჭრიკიშვილის მძლეველი ტაკაჰირო ნაკაი გაჩემპიონდა, გადამწყვეტ შეხვედრაში, მასაჰირო ტაკამაცუსთან მოგებით. ლიპარტელიანის მომგები ტიაგო კამილოც ფინალში გავიდა, მაგრამ უმაღლესი სინჯის მედლამდე მასააში ნიშიამამ არ მიუშვა.
ხვალ მედლები მამაკაცთა ორ უმძიმეს წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს 100 კილოგრამში მონაწილე არ ეყოლება, +100-ში კი ტატამზე ნოდარ მეტრეველი გავა. მას კენჭისყრაში აშკარად არ გაუმართლა - პირველ წრეში იაპონელ მასარუ მომოსს უნდა დაეჭიდოს. თუ დაამარცხებს, მაშინ სავარაუდოდ, კიდევ ერთი იაპონელის პირისპირ მოუწევს დადგომა. მომოსზე გამოცდილი და სახელიანი კაზუჰიკო ტაკაჰაში იქამდე ფილიპინელ ტომოჰიკო ჰოშინას შეხვდება და რა უნდა მოხდეს, რომ ვერ აჯობოს. ამავე ბადეში არიან კუბელი ოსკარ ბრისონი და გერმანელი ანდრეას ტოლცერი. ბრისონის და მეტრეველის გზები ერთმანეთს მეოთხედფინალში გადაკვეთს, ხოლო ტოლცერისა და მეტრეველის გზები – ნახევარფინალში.
ძიუდო
დიდი სლემი
ტოკიო
12 დეკემბერი
73 კგ
1 რიკი ნაკაია (იაპონია)
2 იუკი ნიშიამა (იაპონია)
3 ნიკოლას ტრიტონი (კანადა)
3 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)
81 კგ
1 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)
2 მასაჰირო ტაკამაცუ (იაპონია)
3 იან ბარტონი (ბრიტანეთი)
3 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)
90 კგ
1 მასაში ნიშიამა (იაპონია)
2 ტიაგო კამილო (ბრაზილია)
3 ხურშიდ ნაბიევი (უზბეკეთი)
3 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







