რაგბი

17:12 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი “ბორჯღალოსნები” ფინალში “კლერმონს” ეთამაშებიან

გუშინ, 26 აგვისტოს, კლერმონთან ახლოს მდებარე დაბა ბესში გაიმართა ახალი საერთაშორისო ტურნირის -"აკადემიების გამოწვევის" - ნახევარფინალები.

ტურნირის პირველ შეხვედრაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ინგლისური ლესთერ თაიგერსის 20-წლამდელთა გუნდს შეხვდა და 24-21 გაიმარჯვა. მეორე შეხვედრაში კლერმონელთა 20 წლამდელები მანსთერელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 19-13 მოიგეს.

ქართველთა მატჩი პირველიდან უკანასკნელ წუთამდე ძალზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრამ გაამართლა სტადიონზე კარგი ბურთაობის სანახავად შეკრებილი ქომაგის მოლოდინი, ვინაიდან ორივე გუნდმა მაღალი ხარისხის რაგბი ითამაშა.

უმცროსი ბორჯღალოსნები ბოლო წუთზე 4 ქულის სხვაობით - 17:21 აგებდნენ. ამ დროს, ინგლისელთა 5-მეტრიან ნიშნულზე ქართველების შერკინება დაინიშნა. თაიგერსის ფორვარდებს, ისევე, როგორც მთელი მატჩის განმავლობაში, ჩვენი ბიჭების მიწოლის გაძალიანება გაუჭირდათ და რამდენიმეჯერ უკან დახევის შემდეგ, მსაჯმა ბორჯღალოსნებს ტექნიკური, გამარჯვების მომტანი ლელო  ჩაუთვალა. მისი გარდასახვა რეზი ჯინჭველაშვილს არ გასჭირვებია.

შეხვედრაში ანგარიში 19-წლამდელებმა მე-14 წუთზე გახსნეს: ჯინჭველაშვილის საჯარიმო ზუსტი აღმოჩნდა და 3:0 დავწინაურდით. მიუხედავად იმისა, რომ თავს კარგად იცავდა, გუნდმა რამოდენიმეჯერ ვერ მოახერხა დროულად გადაწყობა. ინგლისელებმა ეს შეცდომები გამოიყენეს და ორჯერ შეძლეს ბურთის ჩვენს ლელოში დამიწება.

მიუხევადავად ამისა, ქართველი მორაგბეები პირველი ტაიმის დარჩენილ დროში აქტიურად თამაშობდნენ და სამჯერ ჰქონდათ ლელოს დადების შანსი, მაგრამ პირველ შემთხვევაში მოწინააღმდეგემ საკუთარ ლელოში გაგვიჭედა ბურთი, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში, ბურთი ინგლისელთა 5-მეტრიანში წინ დაგვივარდა ბურთი. პირველი ტაიმი ანგარიშით 3:14 დასრულდა.

შესვენების შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები მოედანზე მეტი თვითდაჯერებით გავიდნენ. ტაიმის დებიუტშივე, რამოდენიმე ფაზიანი შეტევა მეორე ხაზელმა ბადრი დანგაძემ ფრთიდან დადებული ლელოთი დაასრულა, ჯინჭველაშვილმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 10:14 გახდა.

4-ქულიანი სხვაობა ინგლისელებმა გარდასახული ლელოთი მალევე თერთმეტამდე გაზარდეს. ცხრა წუთის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა 4-ქულიანი სტატუს-ქვო თორნიკე ბუბუტეიშვილის ლელოთი აღადგინეს 17:21.

ამის შემდეგ ჩვენებმა კიდევ უფრო უმატეს შეტევებს. დარჩენილ დროში მოწინააღმდეგის 22 და 5-მეტრიან ზონებს შორის მიდიოდა თამაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მატჩის ბოლო წუთზე, ინგლისელებმა თავიანთ ლელოსთან დანიშნულ შერკინებაში ქართველ ფორვარდებს ვერ გაუძლეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ამ გამარჯვებით ფინალში გავიდა, სადაც მეორე წყვილის გამარჯვებულს, კლერმონის 20-წლამდელთა გუნდს შეხვდება. ეს მატჩი პარასკევს, 29 აგვისტოს, 17:30 საათზე გაიმართება.

შეხვედრის ტექსტური ლაივი იწარმოებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion

ლადო კილასონია (19-წლამდე ბორჯღალოსნების მწვრთნელი): “მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს კარგი თამაშისათვის. მათ თავდაჯერება არ დაუკარგავთ, ბოლომდე იბრძოლეს და გაიმარჯვეს. მოწინააღმდეგედ ნამდვილად კარგი გუნდი გვყავდა, ლესთერელები გაშლილად – ი ნგლისურად თამაშობდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, შერკინებაში საგრძნობლად ვაჯობეთ.

მთლიანობაში, შერკინების თამაშით კმაყოფილი ვარ. დაცვაში ცოტა ცუდად დავდექით, ფეხებიც დაუმძიმდათ ბიჭებს მოედანზე. ალბათ ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ ჩამოსვლიდან მეორე დღეს მოგვიწია თამაშმა და სრულფასოვანი აღდგენა ვერ მოვახერხეთ. ამან თამაშზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა.

შეტევაში, მართალია, აქტიურად ვერთვებოდით, ფაზებსაც ვახორციელებდით, მაგრამ რამოდენიმეჯერ ხან წინ გაგვივარდა ბურთი, ხან კი უბრალოდ ვერ დავდეთ ლელო. შესაბამისად, შეტევას კარგად ვერ შევაფასებ.

უკანა ხაზს რაც შეეხება, მთლიანობაში მათი თამაში მომეწონა და გამოვყოფდი ფეხით კარგ თამაშს. მთლიანობაში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე სძლიეს.

ხვალ ფუნდემენტალურად გავივლით თამაშს, შევაფასებთ დადებით და უარყოფით მხარეებს და დავიწყებთ მზადებას ფინალისთვის, რომელშიც ტურნირის მასპინძლებს, კლერმონელ 20 წლამდელებს ვეთამაშებით”.

www.rugby.ge

მატჩის ფოტოები >>>

0.116367