ჩოგბურთი

17:01 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“უმადური” ჩეხები

ჩეხეთის პოლიციამ პეტრა კვიტოვას მიმართ თავდასხმის მუქარის ბრალდებით 23 წლის წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. ჩეხეთის პრესის ცნობით, იგი უიმბლდონის ორგზის ჩემპიონს მოკვლით ემუქრებოდა. კვიტოვას პრესმდივანმა კარელ ტრეიკალმა პეტრას მისამართით გამოთქმული მუქარა არ დაადასტურა, თუმცა, პოლიციელთა მიერ მაღალ დონეზე ჩატარებულ სამუშაოს ხაზი გაუსვა.

არაა გამორიცხული, კვიტოვას მისამართით გამოხატული აგრესია ჩეხ პოლიტიკოსთა ბოლოდროინდელმა გამონათქვამებმა გააღვივა. ქვეყნის პარლამენტის წევრის სტანისლავ ჰიუმლა პეტრასთვის ჩეხეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიციატივით გამოვიდა. “კვიტოვა მონაკოში ცხოვრობს და გადასახადებსაც ჩეხეთის ხაზინაში არ იხდის. პეტრა კარგი სპორტსმენი, მაგრამ ცუდი ადამიანია. იგი იმ ბაზებზე ვარჯიშობდა, რომელიც ჩვენი ხელმოკლე მოქალაქეების სახსრებითაა აშენებული. უპრიანია, თუკი მას მოქალაქეობას ჩამოვართმევთ”, - აცხადებს 58 წლის პოლიტიკოსი.

კვიტოვას დამცველად ჩეხეთის საჩოგბურთო ასოციაციის თავკაცი ივო კადერკა დაუდგა. მისი თქმით, ჩეხეთის საზოგადოების ნაწილს პეტრას დასჯა მოპოვებული წარმატებების გამო სურს, რაც აღმაშფოთებელია.

შეგახსენებთ, უიმბლდონის მოგებისთვის პეტრა კვიტოვამ საპრიზო ფონდიდან მილიონ 760000 გირვანქა მიიღო.

აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ კვიტოვას გარდა მონაკოს რეზიდენტები სხვა ჩეხი ჩოგბურთელები ლუსი შაფარჟოვა, ტომაშ ბერდიხი და რადეკ შტეპანეკი არიან.

0.115552