მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ ვისენტე დელ ბოსკე მთავარ მწვრთნელად რომ დანიშნა, ალბათ, ბევრი ვერ იფიქრებდა, წლების შემდეგ მას “ულვაშა გენიოსს” თუ შეარქმევდნენ. დიახ, სწორედ ასე მოიხსენიებდა ბევრი ევროპის პირველობის დროს ესპანელთა თავკაცს და ძნელია ამ ადამიანებს შეედავო.
უკრაინაში ყოფნისას ესპანელების სამ მატჩს დავესწარი და დელ ბოსკეს გუნდის საქმეში ხილვის საშუალებაც მქონდა. თავიდან ჩემთვისაც უცნაური იყო, როდესაც მან გამოკვეთილი ფორვარდით თამაშზე უარი თქვა, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და მისმა არჩეულმა ტაქტიკამ სასურველი შედეგი გამოიღო.
სხვათა შორის, დელ ბოსკეს ფინალის მერეც ჰკითხეს – ფორვარდის გარეშე თამაშობდით და ფეხბურთში ახალი სტილი დანერგეთო? მწვრთნელის პასუხი მარტივი იყო: “ფეხბურთში გამარჯვების მოსაპოვებლად მხოლოდ ერთ გზას არ ვირჩევ და ჩვენთან გოლის გატანა არბელოასაც კი შეუძლიაო”. შეკამათება მართლაც რთულია.
რაც არ უნდა თქვან, რომ დელ ბოსკემ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ლუის არაგონესისგან აწყობილი გუნდი ჩაიბარა, მან ესპანეთის ნაკრებს სულ სხვა სული შთაბერა. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პერიპეტიებს არ გავიხსენებ. დელ ბოსკეს სამწვრთნელო ოსტაობის დასტურად განვლილი ევროპირველობაც გამოდგება. გარდა გამოკვეთილ ფორვარდზე უარის თქმისა, დელ ბოსკემ საუცხოო წყვილი შექმნა მარცხენა ფრთაზე ინიესტასა და ხორდი ალბას სახით. ფრანგებთან 1/4-ფინალის პირველ ტაიმში ეს წყვილი პრესლოჟის მხარეს მოქმედებდა და თავად ვნახე, რა დღეში ჩააგდო მეტოქის დაცვის ხაზი. თამაშის შემდეგ, ლორან ბლანმაც აღნიშნა, რომ ინიესტა და ალბა ვერ გავაჩერეთო.
საოცარია, როგორ ინარჩუნებს სიმშვიდეს დელ ბოსკე ნებისმიერი თამაშის დროს. სამი მატჩის განმავლობაში არ შემიმჩნევია, რომ ხმამაღლა დაეყვირა ან მწყობრიდან გამოსულიყო. მოედნის კიდესთან მდგომი ყოველთვის მშვიდად აძლევდა ფეხბურთელებს დარიგებას. ერთადერთი პორტუგალიასთან მეტად დაძაბული შეხვედრის მიმდინარეობისას სათადარიგოთა სკამიდან უფრო ხშირად დგებოდა, ვიდრე სხვა მატჩებში.
აღსანიშნავია, რომ თამაშის მერე პრესკონფერნციებზეც ის სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა და სახეზე ნამდვილად ვერ წაიკითხავდი ფინალში გასვლით თუ ევროპის ჩემპიონატის მოგებით გამოწვეულ სიხარულს. იტალიის დამარცხების შემდეგაც კითხვებს წყნარად პასუხობდა, ერთი არ გაუღიმია და მოთმინებით უცდიდად როდის ჩამოაყალიბებდა ჟურნალისტი თავის შეკითხვას. პასუხებს კი, მაქსიმალურად ამომწურავად იძლეოდა.
დელ ბოსკეს არაცერთხელ დაუკარგავს დელიკატურობა და ფინალის მერე თავად გაუსვა ხაზი, რომ იტალიელები ცუდ დღეში მოედანზე 10 კაცით დარჩენამ ჩააგდო. მეტიც, გაჩემპიონებიდან ერთ საათში უკვე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის გუნდის მომზადებაზე საუბრობდა. ერთადერთი, რასაც დელ ბოსკემ ხაზი გაუსვა ის იყო, რომ ესპანეთისთვის ისტორიული მომენტი დგასო. როდესაც ჰკითხეს რას გულისხმობდა, მან განამარტა, რომ ფეხბურთის გარდა ევროპის ჩემპიონები კალათბურთელები გახდნენ, რომ ჩოგბურთელები წარმატებით გამოდიან და თუ ადრე ესპანური კლუბები მასობრივად იწვევდნენ უცხოელ ლეგიონერებსო, ახლა ჩვენ ფეხბურთელებზეა დიდი მოთხოვნაო.
ნებისმიერ გუნდს მაშინვე ეტყობა მწვრთნელი რამდენად არის მოწოდების სიმაღლეზე და ესპანეთის ნაკრებში დელ ბოსკეს რა ავტორიტეტიც აქვს, უშუალოდ ვნახე. ადვილია არაა, რომ ერთბაშად ამდენი “ვარსკვლავისგან” კოლექტივი შეკრა, მაგრამ “ულვაშა გენიოსს” ამის პრობლემა არ ჰქონია. ის ახერხებდა, რომ გუნდში სამუშაო, მაგრამ საკმაოდ მხიარული ატმოსფერო შეექმნა. მითუმეტეს, ესპანელ ფეხბურთელებს მხიარულება ნამდვილად არ აკლდათ – რეინა და კასორლა უკვე საკმარისი იყო.
იმ მატჩების განმავლობაში რაც მე ესპანეთის მონაწილეობით ვიხილე – მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი, ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ დელ ბოსკეს მინდვრიდან ვინმე შეპასუხებოდა ან რომელიმე შეცვლილ ფეხბურთელს უკმაყოფილება გამოეხატოს. ზოგჯერ ტელევიზორში ყველაფერი არ ჩანს და მსგავსი დეტალები ტრიბუნიდან უფრო შესამჩნევია. იგივე ტორესი, რომელსაც მწვრთნელი ხშირად არ წყალობდა, მოთმინებით იჯდა და თავის ჯერს ელოდა. შესაძლოა, გამომეტყველების მიხედვით ეს სულ არ სიამოვნებდა, მაგრამ დელ ბოსკეს პირველივე დაძახებაზე მეტად მონდომებით ითელებოდა და მოედანზე შესასვლელად სიხარულით ემზადებოდა.
საბოლოოდ, დელ ბოსკეს მაღალმა პროფესიონალიზმმა და განსწავლულობამ თავისი შედეგი გამოიღო. გარდა იმისა, რომ ესპანეთმა ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, “ულვაშა გენიოსი” ერთადერთი მწვრთნელი გახდა, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე, მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროპის პირველობაზე გაუმარჯვია.
თუმცა, 61 წლის სპეციალისტი მიღწეულით არ კმაყოფილდება და ევრო-2012-ის ფინალის შემდეგ, თავად ვუსმენდი როგორ თქვა, კარგი იქნება თუ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატსაც მოვიგებთ და შევეცდებით ეს გავაკეთოთო.
ლაშა თაბაგარი