2015 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის ორგკომიტეტი გარკვეული ზომების გატარებას აპირებს, რათა ფიბა-ევროპამ უკრაინას მომავალი ტურნირის მასპინძლობის უფლება არ ჩამოართვას.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინტერფაქს-უკრაინა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015 საფრთხის წინაშე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ დადგა და მის სხვა ქვეყანაში გადატანის შესახებ საუბარი სერიოზულად დაიწყეს.
სწორედ ამიტომ, მომავალი ევროპირველობის დირექტორი მარკიან ლუბკივსკი და უკრაინის კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ალეკსანდრ ლარინი სამშაბათს მიუნხენში გაემგზავრნენ, სადაც ფიბა-ევროპას შტაბ-ბინაში აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდებიან და ფიბა-ევროპას აღმასრულებელი კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოვლენ.
როგორც ირკვევა, ლარინი და ლუბკივსკი ევროპული კალათბურთის ხელმძღვანელების დარწმუნებას ეცდებიან, რომ უკრაინაში ევრობასკეტის ჩატარებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამას გარდა, უკრაინელი ჩინოვნიკები ფიბა-ევროპას ხელმძღვანელების კიევში ვიზიტის მომზადებას ეცდებიან, რათა ისინი ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობას მიმდინარე საკითხების განსახილველად შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ პოლიტიკური კრიზისის დრამატულ ფინალამდე ფიბა-ევროპა მომავალი ევროპის ჩემპიონატის ბედთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა. მეტიც, საფრანგეთმა და ლატვიამ მზადყოფნაც კი გამოთქვეს, რომ ამა თუ იმ კუთხით, უკრაინელებს ტურნირის მასპინძლობაში დახმარებოდნენ.
გასული კვირის მოვლენების შემდეგ კი, ევრობასკეტის საკითხი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. საქმე ის გახლავთ, რომ არსებული ინფორმაციით ქვეყნის დატოვება მოუხდა უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალეკსანდრ ვოლკოვს. ეს უკანასკნელი ოპოზიციაში გადაბარგებული “რეგიონების პარტიის” წევრი გახლდათ და როგორც სჩანს, სამშობლოში აღარ დაედგომებოდა...