ფეხბურთი

14:51 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინაში ქართველებიდან მხოლოდ ღვინიანიძემ ითამაშა

უკრაინის საფეხბურთო პრემიელიგის მე-6 ტურში, მარიუპოლის “ილიჩივეცმა” საკუთარ მოედანზე დონეცკის “მეტალურგს” 3:0 აჯობა. მარიუპოლელთა 18-კაციან განაცხადში დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი არ იყვნენ. “ილიჩივეცის” მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლა პავლოვმა, ქართველების არყოფნა იმით ახსნა, რომ ისინი ყაზახეთი - საქართველოს ამხანაგური მატჩის (1:0) შემდეგ, უკრაინაში “მეტალურგთან” თამაშამდე ერთი დღით ადრე დაბრუნდნენ. ამ გამარჯვების შემდეგ, “ილიჩივეცს” 4 ქულა აქვს და 16-გუნდიან პრემიერლიგაში მე-13 ადგილზეა.

ლუგანსკის “ზორიამ” პოლტავის “ვორსკლა” მიიღო და 1:2 წააგო. ჯაბა ლიპარტია მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. ლუგანსკელებს 9 ქულა აქვთ და მე-7 ადგილზე არიან.

დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” სტუმრად “სევასტოპოლთან” მხოლოდ ქულას გამორჩა. ჯაბა კანკავა მხოლოდ “დნიპროს” თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა, ხოლო სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე სამატჩო განაცხადში არ იყვნენ. “სევასტოპოლის” სასატარტო შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა მათე ღვინინიაძემ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო. აქამდე, მას მხოლოდ დუბლშემადგენლობას ანდობდნენ. დნეპროპეტროვსკელებს 13 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო “სევასტოპოლი” 6 ქულით მეთერთმეტეა.

უკრაინის პირველი ლიგის მე-6 ტურში, “მიკოლაევი”, რომელშიც გიორგი ჯგერენაია ირიცხება, არმიანსკში, “ტიტანთან” 3:4 დამარცხდა. ქართველმა მარცხენა მცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. “მიკოლაევი” 8 ქულით 16 გუნდში მერვეა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში, სამარას “კრილია სოვეტოვმა”, სადაც ალექსანდრე ამისულაშვილი და გია გრიგალავა ირჯებიან, შინ ტომსკის “ტომს” 1:0 აჯობა. ორივე ქართველმა მცველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. სამარელებს 5 ქულა აქვთ და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზე არიან.

ყაზანის “რუბინი” მოსკოვში “სპარტაკს” უგოლოდ გაეყარა. სოლომონ კვირკველია ყაზანელთა 18-კაციან განაცხადში ფიგურირებდა, მაგრამ არ უთამაშია. “რუბინს” 7 ქულით მე-7 პოზიცია უკავია.

გერმანიის პირველი ბუნდესლიგის მე-2 ტურში, ბერლინის “ჰერტამ” გასვლაზე “ნიურბერგთან” 2:2 ითამაშა. ლევან კობიაშვილი ბერლინელთა სამატჩო განაცხადში კვლავ არ იყო. ორი ტურის მერე, “ჰერტა” 4 ქულით 18 გუნდში მეექვსეა.

გერმანიის მე-4 ლიგის მე-3 ტურში, “ჰალეშერი”, რომელშიც აკაკი გოგია გამოდის, სტუმრად “ჰოლსტეინთან” 0:1 დამარცხდა. გერმანული პასპორტის მქონე ქართველი შემტევი ნახევარმცველი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. “ჰალეშერს” ჯერ ქულა არ აუღია და ბოლო ადგილზეა.

იტალიის თასის გათამაშებას გამოეთიშა “ემპოლი”, რომელმაც “კიევოსთან” 0:2 წააგო. დამარცხებულებში ლევან მჭედლიძე მე-80 წუთიდან ათამაშეს, ხოლო ირაკლი შეყილაძეს მხოლოდ თადარიგში ჯდომა მოუწია.

დანიის სუპერლიგის მე-5 ტურში, “ორჰუსი” “კოპენჰაგენს” ესტუმრა და ქულა აიღო – 1:1. “ორჰუსის” რიგებში დავით დევდარიანი 67-ე წუთზე გამოჩნდა და 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე განაცხადში არ იყვნენ. “ორჰუსს” 7 ქულა აქვს და 12 გუნდში მეხუთეა.

პოლონეთის თასის 1/16-ფინალში, ვარშავის “ლეგიამ” სტუმრად “როზვოის” 3:0 აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ვარშაველებში ლადო დვალიშვილი მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა.

1/8-ფინალშია “იაგელონიაც”, რომელმაც გასვლაზე “პუშაჩას” 3:0 მოუგო. “იაგელონიაში” გიორგი ფოფხაძემ 90 წუთი იასპარეზა, ხოლო ნიკა ძალამიძე ტრავმირებულია და გუნდს ჯერ ვერ ეხმარება.

ბელარუსის პრემიერლიგის 21-ე ტურში, ბრესტის “დინამომ” მოზირში ადგილობრივ “სლავიასთან” მატჩი 1:1 დაასრულა. უჩა გოგოლაძემ ბრესტელებში შეუცვლელად იასპარეზა. “დინამოს” 21 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-9 პოზიციაზეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-17 ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია თავკაცობს, შინაურ კედლებში იურმალას “სპარტაკს” 3:1 მოუგო. “სკონტოში” ირაკლი კლიმიაშვილმა პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა და 61-ე წუთზე გააფრთხილეს. “სკონტოს” განაცხადში ლაშა დვალი, ლევან ჭაჭიაშვილი და ლადო დათუნაშვილი არ იყვნენ. რიგელები 10-გუნდიან გათამაშებას 38 ქულით ლიდერობენ.

“ვენტსპილსმა” გასვლაზე “მეტას” 2:0 აჯობა. გამარჯვებულებში თორნიკე თარხნიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. “ვენტსპილსი” 35 ქულით მეორეა.

დაუგავპილსის “დაუგავამ” გასვლაზე “ილუკსტესი” 2:0 დაამარცხა. დაუგავპილსელებში მამუკა ღონღაძე და გიორგი ჩიხრაძე ორი ტაიმი გაისარჯნენ. ბიძინა ცინცაძე თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. “ილუკსტესში” გიორგი ხუმარაშვილმა, ჯემალ ჯალიაშვილმა და გიორგი ტუხაშვილმა მოედანზე 90-90 წუთი დაჰყვეს. “ილუკსტესს” 8 ქულა აქვს და ბოლოსწინა პოზიციაზეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-16 ტურში, მოქმედი ჩემპიონი ტაშკენტის “ფახთაქორი”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, თავის მოედანზე გიორგი კვესიეშვილის “ოლმალიქთან” 1:2 დამარცხდა. ორივე ქართველმა ლეგიონერმა საკუთარ გუნდებში თავიდან ბოლომდე ითამაშეს. “ფახთაქორი” 28 ქულით 14 გუნდში მეოთხეა, ხოლო “ოლმალიქი” 23 ქულით მეექვსეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 24-ე ტურში, ტურკუს “ინტერმა” მიუპა-სთან 1:1 ითამაშა. ირაკლი სირბილაძე “ინტერის” რიგებში 67-ე წუთზე შეცვლაზე გამოჩნდა. “ინტერი” 26 ქულით 12 გუნდში ბოლოსწინაა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-3 ტურში, ზაქათალის “სიმურგი”, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძეა, სტუმრად ბაქოს “ნეფთჩისთან” 0:1 დამარცხდა. ზაქათალელებს 4 ქულა აქვთ და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზე არიან.

ესტონეთის მეისტრილიგის 23-ე ტურში, “პაიდემ” ტალინის “ინფონეტს” უმასპინძლა და 2:0 იმარჯვა. თენგიზ ეთერია “პაიდეს” სასტარტოში იყო, მაგრამ ჯერ 39-ე წუთზე გააფრთხილეს, შემდეგ 70-ეზე და თამაში ნაადრევად დატოვა. “პაიდეს” 34 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-5 პოზიციაზეა.

მოლდოვის ნაციონალური დივიზიის მე-4 ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუ”, შინაურ კედლებში “მილსამის” დაუზავდა – 0:0. კიშინიოველებში თორნიკე სტეფნიაშვილი მოედანზე ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შეიყვანეს. “ზიმბრუს” 8 ქულა აქვს და 12 გუნდში მესამეა.

ტირასპოლის “შერიფმა”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, გასვლაზე ბელცის “ოლიმპიას” 5:0 აჯობა. “ოლიმპიაში” სრულად ითამაშა ქართველმა ნახევარმცველმა ბექა ქართველიშვილმა. “ოლიმპიას” 1 ქულა აქვს და ბოლოსწინაა.

“ატირაუმ”, რომელიც ყაზახეთის პრემიერლიგის პირველი ეტაპის მერე მე-2 ექვსეულში მოხვდა, თავის მოედანზე “აკჟაიკს” 2:2 ეთამაშა. გიორგი ფეიქრიშვილი “ატირაუს” განაცხადში ფიგურირებდა, მაგრამ თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. პირველი ეტაპის შემდეგ, ქულები გაიყო და “ატირაუ” 15 ქულით 12 გუნდში მე-2 ადგილზეა. 

0.118476