ფეხბურთი

13:30 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინაში “ქართული” დერბი კანკავამ მოიგო

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-2 ტურში. დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომელშიც ჯაბა კანკავა გამოდის, ზედიზედ მეორედ მოიგო. ამჯერად, დნეპროპეტროვსკელებმა სტუმრად ლუცკის “ვოლინს” 1:0 სძლიეს. ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა პირველი ტურის მსგავსად მოედანზე 90 წუთი გაატარა. “ვოლინში” სანდრო კობახიძემ მოედანზე 2 ტაიმი დაჰყო. უკრაინის მოქალაქე ევგენი ბოხაშვილი 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “დნიპრო” 14 გუნდში მე-2 ადგილზეა და გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით დონეცკის “შახტარს” ჩამორჩება.

ლვოვის “კარპატი” შინ დონეცკის “მეტალურგთან” 0:1 დამარცხდა. მურთაზ დაუშვილი, რომელმაც წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო, 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუა თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. “კარპატის” ერთი ქულით მე-11 პოზიცია უკავია.

ლუგანსკის “ზორიამ” გასვლაზე დონეცკის “მეტალურგთან” 0:1 წააგო. ჯაბა ლიპარტია სამატჩო განაცხადში კი იყო, მაგრამ არც ამჯერად უთამაშია. ზაურ მახარაძე, რომელიც უკრაინაშია დაბადებულ-გაზრდილი დონეცკელთა თადარიგში იმყოფებოდა. “ზორია” ბოლოა ადგილზეა, “ოლიმპიკი” – მეცხრეზე.

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-5 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” თავის მოედანზე “ტომსკთან” 3 ქულა დაკარგა – 2:3. გოგიტა გოგუა ხაბაროვსკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე, კახა ალადაშვილმა შეცვალა. რუსეთის მოქალაქე ლაშა იმედაშვილმა ორი ტაიმი “სკა-ენერგიას” თადარიგში გაატარა. ხაბაროვსკელები 5 ქულით 18 გუნდში მე-12 პოზიციაზე არიან.

ტიხვინის “ტოსნომ” მიმდინარე სეზონში პირველი თამაში წააგო. ტიხვინელები ვლადივოსტოკში ადგილობრივ “ლუჩ-ენერგიასთან” 1:4 დამარცხდნენ. ნუკრი რევიშვილმა და გიორგი ნავალოვსკიმ “ტოსნოში” შეუცვლელად იასპარეზეს. მათ მსგავსად მიხაილ გორელიშვილიც სასტარტოში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს. “ტოსნო” 10 ქულით მეხუთეა.

“სახალინმა” სტუმრად ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგასთან” ქულაც ვერ აიღო – 0:3. ზურაბ არზიანმა და გიორგი კახელიშვილმა დამარცხებულებში 90-90 წუთი იასპარეზეს. მერაბ ურიდია “ვოლგაში” ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებზე გამოჩნდა. “სახალინი” 3 ქულით მე-17 ადგილზეა, ხოლო “ვოლგა” 7 ქულით მერვეა.

ძერჟინსკის “ხიმიკმა” სარატოვის “სოკოლთან” 1:3 წააგო. რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქიამ “ხიმიკში” სრულად ითამაშა. ძერჟინსკელები 4 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

ბელარუსის პრემიერლიგის მე-19 ტურში, სოლიგორკის “შახტიორი” “მინსკს” ესტუმრა და უქულოდ დარჩა – 0:3. სანდრო გურული “შახტიორის” სასტარტოში იმყოფებოდა და 57-ე წუთზე შეცვალეს. სოლიგორსკელები 32 ქულით 12 გუნდში მეოთხენი არიან. მოგილიოვის “დნეპრმა” გასვლაზე “ბელშინასთან” ქულა აიღო – 0:0. ნიკა მნათობიშვილმა მოგილიოველებში 90 წუთი გაატარა. “დნეპრი” 12 ქულით მეთერთმეტეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) 23-ე ტურში, “ვენტსპილსმა” იურმალას “სპარტაკსი” მიიღო და 1:0 მოიგო. თორნიკე თარხნიშვილმა ვენტსპილსელთა რიგებში 2 ტაიმი ითამაშა. “ვენტსპილს” 50 ქულა აქვს და 10 გუნდში მეორეა.

“იურმალამ” “ლიეპაიას” უმასპინძლა და 0:1 წააგო. გიორგი დიაკვნიშვილი დამარცხებულთა სასტარტოში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. “იურმალა” 7 ქულით ბოლოა.

შესვენების შემდეგ უზბეკეთის ჩემპიონატი განახლდა და მე-14 ტურში ტაშკენტის “ფახთაქორმა” შინ “ანდიჟანს” 2:0 აჯობა. კახა მახარაძემ ტაშკენტელებს შეუცვლელად უმასპინძლა. “ფახთაქორი” 14-გუნდიან ჩემპიონატს 36 ქულით ლიდერობს.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში, კლაიპედას “გრანიტასმა” პანევეჟისის “ეკრანასს” სტუმრად 3:2 მოუგო. გიორგი ალავერდაშვილსა და თამაზ ჩარგეიშვილს კლაიპედელებში არ უთამაშიათ. “გრანიტასი” 25 ქულით 10 გუნდში მეშვიდეა.

“თრაკაიმ” თავის მოედანზე ვილნიუსის “ჟალგირისთან” 0:2 წააგო. ნიკა აფაქიძემ სრულად ითამაშა. მის მსგავსად ბესო ამაშუკელი სასტარტოში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს. “თრაკაი” 39 ქულით მეორეა.

გერმანიის მე-3 ლიგის მე-2 ტურში, “უნტერჰახინგმა” სახლში “ვისბადენთან” 3:3 ითამაშა. ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა “უნტერჰახინგში” მოედანზე 37-ე წუთზე გამოჩნდა.

“ჰალეშერმა” ბილეფელდში ადგილობრივ “არმინიას” 5:1 მოუგო. აკაკი გოგიამ გამარჯვებულებში სრულად იასპარეზა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში, ტურკუს “ინტერი” სტუმრად “იალკაპალოკეროს” დაუზავდა – 2:2. ირაკლი სირბილაძე ტურკუელთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ინტერი” 25 ქულით 12 გუნდში მეცხრეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-3 ტურში, ვარშავის “ლეგიამ” შინ ზაბჟეს “გურნიკს” ვერ აჯობა – 1:1. ლადო დვალიშვილი, რომელსაც “ლეგიას” დატოვება გადაწყვეტილი აქვს, ვარშაველთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ლეგია” 4 ქულით 16 გუნდში მეცხრეა.

0.115717