22 მარტს მიუნხენში მდებარე ფიბა-ს შტაბ-ბინაში ორგანიზაციის სხდომაა დაგეგმილი, სადაც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლის ვინაობა უნდა გარკვეულიყო, თუმცა, როგორც სჩანს, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია.
Eurohoops.net-ის ინფორმაციით, მომავალ შაბათს ფიბა-ევროპა მომავალი ევრობასკეტის მასპინძლის შეცვლას არ აპირებს და შესაძლოა, მისი ჩატარება საერთოდაც ისევ უკრაინას მიანდოს. ამ ქვეყანაში არსებული ვითარება ორგანიზაციის ხელმძღვანელთათვის შესწავლის საგნად დარჩება, შემოდგომაზე კი, როდესაც ფიბა-ს უფროსობა უკრაინას გეგმიური ვიზიტით ესტუმრება, საბოლოო გადაწყვეტილენა იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ გასული დღის პირველ ნახევარში ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მარკიან ლუბკივსკის განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო, ევრობასკეტი აღარ ჩატარდებოდა, თუმცა, მოგვიანებით მდგომარეობა შეიცვალა.
ფიბა-ევროპამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკრაინის კალათბურთის ფედერაციის წერილზე დაყრდნობით შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: “ცნობა, რომ უკრაინა ტურნირის ჩატარება არ აპირებს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ფიბა-ევროპას ამგვარი განაცხადი არ მიუღია. გავრცელებული ინფორმაცია პირადად მარკიან ლუბკივსკსის აზრს ასახავს და არა – უკრაინის კალათბურთის ფედერაციის“.
მიუხედავად ამისა, მაინც დაწყებულია იმ ქვეყნების მოძიება, რომელიც უკრაინის განზე დარჩენის შემთხვევაში, ჩემპიონატს უმასპინძლებენ. უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულის სურვილი პოლონეთს, ჩეხეთს, საფრანგეთს, გერმანიას და სერბეთს აქვთ ექსპერტთა ფავორიტი კი ბალტიური განაცხადია, რომლის თანახმადაც ევრობასკეტ-2015-ს მიღება ერთობლივად სურთ ლატვიას, ლიტვას, ფინეთს და ესტონეთს.
ამას გარდა, ერთი ვარიანტიც არ უნდა გამოირიცხოს. ევროპირველობა შესაძლოა ესპანეთს ან თურქეთს გადაეცეთ ანუ იმ ქვეყნებს, სადაც 2014 წელს, შესაბამისად, ვაჟთა და ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები ჩატარდება.