ჭიდაობა

20:09 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

უიმედო მდგომარეობა – 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ალბათ გარდაუვალია

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ გიორგი ედიშერაშვილს (55 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მძიმეწონოსანს, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ვიცეჩემპიონ ლევან არაბულს (120 კგ) ხელფასები მოუხსნა და დაფინანსება შეუწყვიტა. შეგახსენებთ, ამ სპორტსმენებს დოპინგის მიღებაში ედებათ ბრალი. აკრძალული პრეპარატი მათ სისხლში 8-11 ნოემბერს მოსკოვში გამართულ ევროპის ერთა თასზე აღებულმა დოპინგ-ტესტმა აღმოაჩინა.

დღეს სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს, ოლიმპიური გუნდის მთავარ ექიმ ზურაბ კახაბრიშვილს და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარეს პალიკო კასრაძეს შეხვდა. დაახლოებით ორსაათიანი თათბირის შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს.

“დოპინგის პრობლემის მხრივ საქართველოში არასახარბიელო მდგომარეობაა. ბოლო პერიოდში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა და ვითარების გამოსასწორებლად პრობლემას სასტიკ ბრძოლას ვუცხადებთ. მთელ რიგ საკითხებში ეს ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება და ამიტომ გადავწყვიტეთ, საქმეში ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიც ჩავრთოთ. საჭიროა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც აკრძალულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობას დაარეგულირებს. უცხოეთიდან ეს წამლები უმეტეს შემთხვევაში კონტრაბანდის სახით შემოდის და არა მარტო ქართული სპორტის შედეგიანობას, არამედ იმიჯს და რაც ყველაზე სავალალოა, სპორტსმენის ჯანმრთელობას ვნებს. ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც საძირკველშივე უნდა აღიკვეთოს, რათა უმძიმეს შედეგებს გადავურჩეთ” – განაცხადა ლევან ყიფიანმა და იქვე ერთი მკაცრი გადაწყვეტილებაც გაახმაურა – სამინისტრო აღარ დააფინანსებს იმ ფედერაციებს, რომლებსაც არ ექნებათ გაფორმებული ხელშეკრულებები ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოსთან.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ედიშერაშვილმა და ლევან არაბულმა აკრძალული პრეპარატები მავანთა რჩევით, თვითნებურად მიიღეს. კურტანიძემ სამინისტროს მკაცრ სანქციას ბუნებრივი რეაქცია უწოდა, რათა სხვა სპორტსმენებს აღარ ჰქონდეთ ცდუნება, რომელსაც ორმა მოჭიდავემ ვერ გაუძლო.

“ამ გაუაზრებელი ნაბიჯით სპორტსმენები პირველ ყოვლისა თავიანთ ჯანმრთელობას აყენებენ სერიოზული საფრთხის წინაშე. ამასთან, შემოსავლის გარეშეც რჩებიან. არადა პატიოსნად შრომის შემთხვევაში ყველა პირობა აქვთ, რათა ნორმალურად იცხოვრონ. მოსამზადებელი ციკლის მრავალფეროვნებით, შედეგების დასაფასებელი წახალისებებით და ხელფას-პრემიებით საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა” – აღნიშნა ლუკა კურტანიძემ. მისივე განცხადებით, სამომავლოდ მოჭიდავეებს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან უფრო ხშირი ურთიერთობა ექნებათ და ყოველი ტურნირის წინ გაივლიან შიდა დოპინგ-ტესტს, რათა მსგავსი იმედგაცრუებები გამოვრიცხოთ.

პალიკო კასრაძემ დააზუსტა, რომ დოპინგ-ტესტების ჩაბარება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების წინ მოხდება. ამასთან, ანტიდოპინგურ სააგენტოსაც აქვს ერთი კატეგორიული მოთხოვნა – ყველა ფედერაციაში უნდა იყოს ერთი ადამიანი, რომელიც ანტიდოპინგურ საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი.

კასრაძემ ერთი მეტად საინტერესო ინფორმაციაც მოგვაწოდა. ედიშერაშვილს და არაბულს აკრძალული პრეპარატი თბილისის იმ ფიტნეს დარბაზში გადასცეს, სადაც იქამდე დოპინგ-სკანდალში 7 ქართველი სპორტსმენი გახვიეს. ამრიგად, მაცდუნებლის პოვნაც არ უნდა იყოს ძნელი, მაგრამ ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოს და სპორტის სამინისტროს ამ ეტაპზე პრობლემის მოგვარების სამართლებლივი ძალა არ შესწევთ.

ზურაბ კახაბრიშვილმა დააკონკრეტა, რომ საუბარია ქაიროს ქუჩაზე მდებარე ფიტნეს-დარბაზზე. ოლიმპიური გუნდის ექიმი ამ სკანდალის შემდეგ ბაკურიანში ჩავიდა და მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებს ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი, რომლის თანახმადაც, ნაკრების წევრები და კანდიდატები (სულ 120 კაცი) ნაკრების ექიმების უნებართვოდ არც ერთ პრეპარატს არ მიიღებენ.

“სპორტსმენებს კანონიერების ფარგლებში აბსოლუტურად ყველა დანამატს ვაძლევთ, რაც მათ განვითარებას და გაძლიერებას სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, შიგადაშიგ მათ დაუმორჩილებლობას მაინც ვაწყდებით. გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც სისულელეს დააჯერებენ და სავალალო შედეგსაც უმალ ვიღებთ. პრეპარატი, რომელიც ეგონათ, რომ ორგანიზმიდან 25-30 დღეში გაქრებოდა, დოპინგ-სინჯმა 72-ე დღეს აღმოაჩინა. მინდა ურჩი სპორტსმენები კიდევ ერთხელ გავაფრთხილო, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. ედიშერაშვილს და არაბულს დროულად რომ გაემხილათ, რა ბიოდანამატი მიიღეს, რუსულ ტურნირზე საერთოდ არ გავუშვებდი და მაქსიმუმ, მხოლოდ შიდა სანქციებს დასჯერდებოდნენ. არ დავმალავ, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სპორტსმენები ამ გზით გადავარჩინეთ” – განაცხადა კახაბრიშვილმა.

ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა განსაკუთრებით დანანებით აღნიშნა, რომ საქართველოში დოპინგის პრობლემა პირველ ყოვლისა ბავშვთა სპორტშია მოსაგვარებელი, სადაც დამწყებ და ახალგაზრდა სპორტსმენებს უამრავი არაპროფესიონალი მომავალს უნგრევს.

“ბევრი კლუბი თუ ვაისპეციალისტი უპატიებელ შეცდომას უშვებს. ქართული სპორტის მთავარი ტრაგედიაც სწორედ ესაა. მოზარდებს ორგანიზმს უნადგურებენ და პირველ ყოვლისა ამ პრობლემას უნდა მიეხედოს” – დასძინა ზურაბ კახაბრიშვილმა.

დაბოლოს ისევ ლუკა კურტანიძის კომენტარი. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მაინც იმედი აქვს, რომ დოპინგის მოხმარებაში მხილებული ქართველი სპორტსმენები ორწლიან დისკვალიფიკაციას გადაურჩებიან და სასჯელი შედარებით მსუბუქი იქნება, მაგრამ ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელისა და ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმის განცხადებების გათვალისწინებით, ოპტიმიზმის წინაპირობა არ არსებობს.

20 იანვარს იწურება ვადა, რომელშიც ქართულ მხარეს უხეშად რომ ვთქვათ, თავი უნდა ემართლებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერაფრით ხერხდება. საბოლოო ვერდიქტის ოფიციალურად გამოცხადებამდე პროცესი შეიძლება ორი და სამი თვეც გაიწელოს, თუმცა ეს ქართველი სპორტსმენებისთვის შეღავათი სულაც არაა. დისკვალიფიკაცია ნოემბრიდან მოყოლებული, უკვე ძალაშია და გიორგი ედიშერაშვილი და ლევან არაბული სავარაუდოდ, ხალიჩას 2015 წლის შემოდგომაზეღა დაუბრუნდებიან, მაშინ, როდესაც რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ციკლის ძირითადი ნაწილი უკვე ჩავლილი იქნება.

0.136222