ნოვაკ ჯოკოვიჩის მსგავსად მონრეალის “მასტერზ1000”-ის მეორე წრეში რეიტინგის მეორე ნომერმა ენდი მარეიმ 2 სეტით მოახერხა გამარჯვების მოპოვება. 26 წლის უიმბლდონის ჩემპიონმა შოტლანდიელმა კლასიფიკაციის 53-ე ნომერს, ესპანელ მარსელ გრანოლიერსს 6:4, 7:6 (7:2) მოუგო.
მარეისა და გრანოლიერსის მატჩი საათსა და 50 წუთს გაგრძელდა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თუმცა, საკვანძო მომენტებში ენდიმ მეტი ფხა გამოიჩინა და გრანოლიერსის დამარცხებით მასთან პირადი დაპირისპირებების ანგარიში 3:1 გახადა.
მონრეალის ტურნირის მესამე სტადიაზე ენდი მარეი ლატვიელ ერნესტს გულბისს შეხვდება, რომელმაც სასტარტო მატჩში წლეულს კარგად მოთამაშე იტალიელ ფაბიო ფონინის სძლია.
მოგვიანებით დაასრულა თავისი მატჩი რაფა ნადალმა. პირენელმა მხოლოდ 2 გეიმი დაუთმო კანადელ ლევაინს 6:2, 6:0, რითაც ნოვაკ ჯოკოვიჩის სასტარტო შეხვედრის მაჩვენებელი გააუმჯობესა. შეგახსენებთ, სერბმა გერმანელ ფლორიან მაიერს 6:2, 6:1 სძლია.