ჩოგბურთი

15:13 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონი და “წვრილ-წვრილები”

მიმდინარე კვირაში საჩოგბურთო სამყაროს ყურადღება უიმბლდონისკენ არის მიპყრობილი, თუმცა, ცხადია, “წვრილ-წვრილი” ტურნირები სხვაგანაც იმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი ლონდონურ კორტებზე პირველი წრის მატჩს სამშაბათს ჩაატარებს და მისი მეტოქე ხორვატი პეტრა მარტიჩი იქნება.

ამასობაში, საფრანგეთში პერიგოს 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა მაკა ჩახნაშვილმა. კვალიფიკაციაში მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი მე-9 რეიტინგის მქონე რუს ნატალია ორლოვას 6:2, 6:1 მოუგო.

ძირითად ბადეში მაკა მე-3 ნომრად მიჩნეულ ლატვიელ დიანა მარცინკევიჩას ეთამაშება.

გერმანიაში იმყოფება სოფო შაფათავა, რომელიც შტუტგარტ-ვაიჰინგენის 25-ათასიან ტურნირზე ძირითად ბადეშია დაშვებული და მისი პირველი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

დღეს, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) ახალი რეიტინგიც გამოქვეყნდა, სადაც კვლავ 7 ქართველი გოგონა მოხვდა. ჩვენებურთაგან საუკეთესო ანა ტატიშვილი 1 პოზიციით დაწინაურდა და 834 ქულით 78-ე ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ უიმბლდონზე ანას 100 ქულა აქვს დასაცავი, ამდენად, პეტრიჩთან მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს.

78 (79). ანა ტატიშვილი – 834 ქულა; 236 (229). სოფო შაფათავა – 234; 313 (314). ოქსანა კალაშნიკოვა – 145; 414 (414). მაკა ჩახნაშვილი – 86; 491 (490). სოფო ქვაცაბაია – 64; 609 (593). ეკატერინე გორგოძე – 42; 841 (826). ნათია გეგია – 17.

0.116126