ფეხბურთი

10:30 | 9.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

უიღბლო ლეგიონი: "ლეგია" დვალიშვილის გარეშე აგებს

კვირის საღამოს მატჩებში ქართველ ლეგიონერებს წარმატებული დღე ვერ ჰქონდათ. მათი უმეტესობა დამარცხებული დარჩა... ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" გასვლაზე 0:1 წააგო "ქარაბუქსფორთან" და ბოლოსწინა ადგილზე დარჩა. ხიზანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" შინ 0:2 წააგო "სპორტინგთან" და მეხუთეზეა. ებრალიძე სასტარტოში გახლდათ და მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს, როცა მისი გუნდი ერთი ბურთით აგებდა.

დანიაში "ორჰუსმა" სტუმრად 0:3 წააგო "მიდტიულანდთან" და მერვე საფეხურამდე დაქვეითდა. ქართველთაგან მხოლოდ დავით დევდარიანმა ითამაშა (შეუცვლელად), დავით სხირტლაძე სათადარიგო გახლდათ და მინდორზე არ შეუყვანიათ, მათე ვაწაძე კი განაცხადს მიღმა დარჩა.

პოლონეთში ლადო დვალიშვილის "ლეგიამ" გდანსკში 0:2 წააგო "ლეხიასთან". დვალიშვილი სათადარიგო იყო და არ უთამაშია – სხვათა შორის, წინა დღეს განაცხადა "ლეგიას" მწვრთნელმა ურბანმა, დვალიშვილი გადაღლილია და ბოლო მატჩებში სუსტად ამიტომაც გამოიყურებოდაო. "ლეგია" მაინც პირველ ადგილზე დარჩა.

აზერბაიჯანში "ყარაბახმა" შინ 3:1 სძლია "ნეფთჩის" და ლიდერი გახდა. ნიკა გელაშვილი 79-ე წუთძე შეიყვანეს მინდორზე. კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" კი შინ ვერ სძლია "ხაზარს" (0:0) და მეოთხე ადგილზე დარჩა, თუმცა 9 ქულით ჩამორჩება ლიდერს. გიორგი ლომაიამ და ლაშა სალუქვაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ალექსანდრე იაშვილი კი მე-80 წუთზე შეცვალეს. ბაჩანა ცხადაძე, გეცოდინებათ, ტრავმირებულია და წლეულს ვეღარ ითამაშებს.

0.128228