ვის აწყობდა ეს ფრე? ალბათ, უპირველესად “ჩიხურას”, რომელმაც მდევრებთან ჰანდიკაპი შეინარჩუნა და კვლავაც მყარად დგას მეორე ადგილზე. აი, მასპინძლებს კი სრული საფუძველი აქვთ იმისა, რომ გულდაწყვეტილნი იყვნენ – ბოლოს ისინი გაცილებით ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან.
უგოლო ფრის მიუხედავად, ვინც მატჩს უყურა, ვერავინ იტყვის, რომ მოსაწყენი თამაში იყო. პირიქით, პირველიდან ბოლო წუთამდე არ განელებულა დაძაბულობა. “დილას” აკლდა მეკარე ნუკრი რევიშვილი, ხოლო სტუმრებს – გიორგი გაბედავა და რატი წინამძღვრიშვილი. ეს ფეხბურთელები ტრავმის გამო არ იყვნენ მოედანზე.
შეხვედრა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან მოედნიდან თოვლს წმენდნენ. საწყის წუთებში “დილა”უფრო აქტიური იყო და განსაკუთრებით გამოირჩეოდა გრიგო, დოლიძე, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან გაილაღა. საერთოდ, დოლიძეს თუ თამაში წაუვიდა, საქართველოს ჩემპიონატში მისი შეჩერება ძნელია და ამჯერადაც, შოთა კაშიას ძალიან გაუჭირდა. ეს განსაკუთრებით პირველ ნახევარში იგრძნობოდა.
მე-3 წუთზე კი “დილას” ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ იაქტიურა, ჯარიმის უფლება მოიპოვა და დავით ბოლქვაძემაც კარგად დაარტყა, თუმცა მეკარე გოგიტა სომხიშვილმა მოიგერია. მალევე, დოლიძემ ჩამოიტოვა კაშია, ჩააწოდა და ქვილითაიას ერთი შეხებით დარტყმული ისევ სომხიშვილის “სეივით” დასრულდა. ისევ დოლიძის გარღვევა ვიხილეთ და ირაკლი მოდებაძემ ოდნავ ააცილა. მოდებაძე-ქვილითაიას დუეტი ბევრ პრობლემას უქმნიდა სტუმრებს.
ისე არ იყო, თითქოს “ჩიხურა” დაცვაში იდგა და მხოლოდ შეტევების მოგერიებით იყო დაკავებული. სოსო ფრუიძის გუნდი ცენტრში არაფერს თმობდა, დათუნაიშვილ-ბეჭვაია-ჯიღაურის მეშვეობით ცენტრში ერთხანს უპირატესობაც მოიპოვა და მწვავე შეტევებიც ჰქონდა. მაგალითად, მე-40 წუთზე ჯიღაურის გარღვევას მოჰყვა ხიფათი, ბესიკ დეკანოიძეს წამით დაასწრეს, თორემ ახალგარზდა შემტევი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა. აქტიური იყო ტატანაშვილიც, რომელიც ამჯერად გოლს ვერ ეწია, თუმცა ბომბარდირთა დავაში ჯერ ბადალი არ ჰყავს. ტაიმის ბოლოს “დილას” ჰქონდა მომენტი, როცა ქვილითაიამ დარტყმას პასი არჩია, რბილად ჩააწოდა და მოდებაძეს ოდნავ აუცდა დარტყმული.
მეორე ტაიმშიც არ განელებულა ტემპი, თუმცა საწყის 15-20 წუთში “ჩიხურა”უფრო მწვავედ თამაშობდა და მასპინძლებო ორჯერ გადარჩნენ: ჯერ ოდიკაძის ჩაწოდების შემდეგ, გიორგი დათუნაიშვილმა ოდნავ ააცილა თავით, ორ წუთში კი ტატანაშვილმა გაითავისუფლა თავი მცველებისგან, მაგრამ შეყრილაძეს ცენტრში დაურტყა და მეკარესაც ნახტომი არ დასჭირვებია. აქტიურობდა მარჯვენაფლანგელი დეკანოიძეც, რომელმაც ოდიკაძე-ტატანაშვილის წამოწყებული კომბინაცია ვერ დაასრულა ზუსტი დარტყმით. მოკლედ, მეორე ტაიმის საწყის მონაკვეთში სტუმრები უკეთ თამაშობდნენ, თუმცა “დილამ” ისევ იპოვა თავისი თამაში. მართალია, მოდებაძე და ქვილითაია ისეთი აქტიურები ვეღარ იყვნენ, მაგრამ მაინც შექმნეს რამდენიმე ხიფათი. თამაშს ავანტიურული ხასიათი მიეცა: არც “ჩიხურა” ცდილობდა დაცვაზე გადასვლას, თუმცა ბოლო 20 წუთში მეტწილად გოლის არგაშვებაზე ზრუნავდა – დოლიძე კვლავაც გააქტიურდა და თითქმის პირისპირ გასულს მცველები ჩაუხტნენ; შეცვლაზე შესულ ნიკა სადაღაშვილს თავური აუცდა, დავით ბოლქვაძის საჯარიმო დარტყმა მეკრემ მოიგერია. საპასუხოდ, ყვლეფგან მყოფი გიორგი რეხვიაშვილის ჩაწოდებას მოჰყვა ხიფათი, როცა ტატანაშვილმა თავით ოდნავ ააცილა.
აღსანიშნავია, რომ რეხვიაშვილი გამორჩეული იყო შეხვედრაში. “ჩიხურას” მცველი მართლაც დიდ სამუშაოს ასრულებდა და დაცვას ლიდერობდა. მისი საიმედო თამაში რომ არა, “ჩიხურა” ამდენს ვერ გაუძლებდა.
ბოლოს, ხუთწუთიან მონაკვეთში კიდევ ორჯერ გადარჩა “ჩიხურა”: თემურ ღონღაძემ შორიდან ცაციით ძელს მოარტყა, ხოლო შემდეგ მოდებაძის თავით დაგდებულ ბურთს ქვილითაიას ახლოდან დარტყმა მოჰყვა – მეკარე სომხიშვილმა მოიგერია. ეს ის მომენტია, როცა იტყვი, მეკარემ გუნდი გადაარჩინაო. ეს ბოლო მომენტი იყო...
ასეა თუ ისე, 0:0 – უგოლო თამაშის მიუხედავად, შეხვედრას მოსაწყენს ვერავინ დაარქმევდა. სოსო ფრუიძის გუნდი მეორე ადგილზე კვლავაც საკმაო ფორით დარჩა, თუმცა “დილას” ნუ დავუკარგავთ: მეტოქეს აჯობეს და ახლოს იყვნენ მოგებასთან. მატჩის საუკეთესო მოთამაშეზე კი უკვე ვთვქით. სტუმართა მცველმა რეხვიაშვილმა, როგორც იტყვიან, იომა და არაერთ შემთხვევაში ბოლოს წამს განმუხტა ხიფათი.
დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:0
15.12. 2023. 14:00. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”. 1500 მაყურებელი
დილა: შეყრილაძე, ღონღაძე, კობახიძე, თომაშვილი, გიორგი გურული, მაისსურაძე, ბოლქვაძე (გიორგი დიასამიძე 84), დოლიძე (გოგინაშვილი 88), გორელიშვილი (სადაღაშვილი 57), მოდებაძე, ქვილითაია.
მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი.
ჩიხურა: სომხიშვილი, ოდიკაძე, ჭელიძე, რეხვიაშვილი, კაშია, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, ჯიღაური (ქიმაძე 80), დეკანოიძე, კვასხვაძე, ტატანაშვილი.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
გაფრთხილება: კაშია (55), დათუნაიშვილი (69).
მსაჯი: ოთარ ხეცაძე.
15 დეკემბერი
დინამო (თბილისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ლაშა კასრაძე (89)
სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 დავით სვანიძე (30), 2:0 ვალერი აბრამიძე (90)
14 დეკემბერი
მეტალურგი (რუსთავი) – გურია (ლანჩხუთი) 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 გიორგი ჩირგაძე (17), 2:0 გიორგი გავაშელიშვილი (49), 3:0 გიორგი ჩირგაძე (72), 3:1 მამუკა ტორონჯაძე (89)
ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი 1:2 (0:0)
გოლები: 0:1, 0:2 ირაკლი ეხვაია (49, 50), 1:2 რევაზ ბარაბაძე (79)
ზესტაფონი – სპარტაკი (ცხინვალი) – გადაიდო
1 | დინამო | 17 | 12 | 3 | 2 | 40:13 | 39 |
2 | ჩიხურა | 17 | 10 | 4 | 3 | 34:21 | 34 |
3 | გურია | 17 | 9 | 0 | 8 | 20:24 | 27 |
4 | დილა | 17 | 7 | 6 | 4 | 23:15 | 27 |
5 | სიონი | 17 | 7 | 5 | 5 | 21:18 | 26 |
6 | მეტალურგი | 17 | 7 | 5 | 5 | 23:22 | 26 |
7 | ზესტაფონი | 16 | 6 | 4 | 6 | 18:15 | 22 |
8 | ტორპედო | 17 | 6 | 4 | 7 | 19:19 | 22 |
9 | ვიტ ჯორჯია | 17 | 6 | 4 | 7 | 20:23 | 22 |
10 | სპარტაკი | 16 | 4 | 1 | 11 | 13:24 | 13 |
11 | მერანი | 17 | 4 | 1 | 12 | 14:34 | 13 |
12 | ზუგდიდი | 17 | 2 | 5 | 10 | 7:24 | 11 |
მეგოლეები:
12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)
8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)