ფეხბურთი

0:12 | 16.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო ფრემ გურულები დააკმაყოფილა

 

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და მატჩის დებიუტშივე მასპინძლებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. შალამბერიძის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო ჭეიშვილმა შეასრულა და გამოზომილი ჩაწოდებით ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი საბა ლომია მოძებნა. გურულთა შემტევს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მან მეკარის ბაქნიდან თავური დარტყმა საკმაოდ სუსტად შეასრულა და აჭარელთა გოლკიპერს ბურთის დაუფლება აღარ გასჭირვებია.

ამის შემდეგ სტუმრებიც გააქტიურდნენ და ტაიმის მესამედის მიწურულს თავის გამოჩენის შანსიც ჰქონდათ. ჩელებაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ ლობე ურტყამდა საგოლე პოზიციიდან, მაგრამ მისი ძლიერი გასროლა ხარიხას ზევიდან გადაევლო.

ხუთი წუთის შემდეგ ისევ აჭარელებს მიეცათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა. შეტევაში ჩართულმა ჩალაძემ ჩელებაძეს უპასა, რომელმაც ერთი შეხებით თუხარელი ხელსაყრელ პოზიციაში გაიყვანა. სტუმართა ნახევარმცველის ძლიერი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

 25-ე წუთზე იერიშში გართულ სტუმრებს გურულთა კონტრშეტევა გაეპარათ. კვერენჩხილაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ შალამბერიძე გასატანად იდეალურ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ ახლო კუთხეში მისი გამიზინული დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს.

ნახევარი საათის მიწურულს ისევ ჩალაძემ იაქტიურა. მან მოედნის კიდიდან, შუაგულისკენ გადაინაცვლა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერად გაისროლა. დარტყმა ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა.

მე-40 წუთზე მასპინძლებს გოლის გატანის 100%-იანი შანსი მიეცათ. ჯიშკარიანის იდეალური გადაცემის შემდეგ საბა ლომია მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის მარცხენა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

ტაიმის ბოლო მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. უკანასკნელ წუთზე გურულებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელსაც ჭეიშვილი აბოლოებდა, მაგრამ შეტევაში ჩართული მცველის დარტყმაც ასცდა მიზანს.

შეხვედრის მეორე ტაიმი ქობულეთელთა სრული უპირატესობით წარიმართა. 55-ე წუთზე აჭარელთა სწრაფი კომბინაციის შემდეგ ახლადშემოსული ჩაფიძე ურტყამდა საჯარიმოს რკალიდან, მაგრამ ბურთი ხარიხამ აისხლიტა და მოედნის ფარგლები დატოვა. ორი წუთის შემდეგ კოპალიანმა მეტოქის მცველთა შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და შორეულ კუთხეში გამიზნული დარტყმა განახორციელა. ბურთი ოდნავ ასცდა კარის მარჯვენა ძელს.

ამის შემდეგ თავის გამოჩენა თამაშში კარგად ჩართულ ლაშა ჩაფიძეს და კუტალიას მართებდათ, თუმცა მათი მცდელობაც უშედეგო გამოდგა.

ანგარიშში დაწინაურების საუკეთესო შესაძლებლობა აჭარლებს 82-ე წუთზე ჰქონდათ. ჩელებაძემ მარცხენა ფრთაზე გაილაღა და საჯარიმოში შევარდნილ ჩაფიძისკენ ბურთი ზუსტად გადაამისამართა. ჩაფიძე საპენალტე ნიშნულიდან შეუჩერებლივ ურტყამდა, მაგრამ ზუხბაიამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და თავისიანები აშკარა უსიამოვნებისგან იხსნა.

85-ე წუთზე მასპინძლებმა საპასუხო ჩხვლეტა განახორციელეს. კვერენჩხილაძემ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მეტოქეები ჩამოიტოვა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერად გაისროლა. აქაც გოლკიპერმა იმარჯვა. თეიმურაზ კაკალაძემ სწორი პოზიცია შეარჩია და სიტუაცია განმუხტა.

... და მაინც, აჭარლებს ჰქონდათ შანსი ქობულეთში გამარჯვებულები დაბრუნებულიყვნენ. მატჩის კომპენსირებული დრო იწურებოდა, როცა ჩელებაძის ჩაწოდებული საჯარიმო მცველებმა თავით მოიგერიეს, რომელსაც ჩაფიძე დაუხვდა და შეუჩერებელი დარტყმა განახორციელა. ზუხბაია აკრობატულ ნახტომში მისწვდა ბურთს და თავისიანებს ქულა შეუნარჩუნა.

პრესკონფერენცია:

თეიმურაზ ლორია (,,გურია”) - ,,ჩვენი გუნდი სულ რამდენიმე დღის შეკრებილია. პრაქტიკულად მომზადებას თამაშიდან თამაშამდე გავდივართ. ეს მატჩი წინაზე გაცილებით უკეთ ჩავატარეთ. პირველ ტაიმში საგოლე მომენტებიც შევქმენით. შეხვედრის მეორე ნახევარში ფიზიკურად მოვისუსტეთ, ამიტომ აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავიტანეთ. შედეგით კმაყოფილი ვარ.”

ბესიკ შეროზია (,,შუქურა”) - ,,ბიჭებმა დავალება ნაწილობრივ შეასრულეს. მეორე ტაიმი ჩვენი სრული უპირატესობით წარიმართა. საგოლე მომენტებიც მრავლად შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მთლიანობაში გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ შედეგით უკმაყოფილო ვარ.”

გურია (ლანჩხუთი) - შუქურა (ქობულეთი) 0:0 (0:0)
15 აგვისტო. 17.30. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე". 500 მაყურებელი.

გურია: ზუხბაია, ჟვანია, გოგიაშვილი, ჭეიშვილი, ხარაბაძე, ჯოჯუა, კილაძე (მიქაბერიძე 75), შალამბერიძე, ჯიშკარიანი, კვერენჩხილაძე (კ) (კვანტალიანი 90+2), ს. ლომია (გაბრიჩიძე 83);

მწვრთნელი:  თეიმურაზ ლორია

შუქურა: თ. კაკალაძე, ჩალაძე, კალანდაძე, ხოჭოლავა, გ. გურული, კუტალია, კუხიანიძე (ჩაფიძე 46), თუხარელი, ლობე (ბერუაშვილი 82), ჩელებაძე (კ), კოპალიანი (მეტრეველი 64);

მწვრთნელი:  ბესიკ შეროზია

გაფრთხილება:  ზუხბაია (57), ჩელებაძე (60);

არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი

0.121815