ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, ფინალურ მატჩში ერთმანეთს გერმანული გუნდები დაუპირისპირდებიან. ეს ინგლისის დედაქალაქში, “უემბლის” სტადიონზე მოხდება.
აქამდე 3-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა ითამაშეს. 2000 წელს, ერთმანეთს ესპანური გუნდები, “რეალი” და “ვალენსია” დაუპირისპირდნენ. 3 წლის შემდეგ, იტალიის ჯერი დადგა – ფინალში ერთმანეთს “მილანი” და “იუვენტუსი” შეხვდნენ. 2008 წელს, ფეხბურთის გულშემატკივრებმა ინგლისური ფინალი იხილეს, როდესაც “მანჩესტერი” “ჩელსის” დაუპირისპირდა. ევროპის წამყვანი 4 საფეხბურთო ქვეყნიდან გერმანია ერთადერთი იყო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2 გუნდი მივლენილი აქამდე არ ჰყავდა და დღეიდან, ეს “ხარვეზიც” გამოსწორებული იქნება.
დღევანდელ თამაშს ფავორიტი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს, “ბაიერნი” ფინალების წაგებას დაეჩვია (მიუნხელებმა ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზე გამართული ბოლო 3 ფინალი წააგეს), მოგების მეტი შანსი მაინც იუპ ჰაინკესის შეგირდებს აქვთ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. უპირველესად, “ბაიერნის” მიერ სეზონის ბრწყინვალედ ჩატარება უნდა აღინიშნოს. “რეკორდმაისტერის” მიერ დაფიქსირებული შედეგები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება განუმეორებელი. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ მიუნხენელებმა ბოლო წლებში ევროპულ ფეხბუთში გაბატონებულ “ბარსელონას” შეურაცხმყოფელი მარცხი აგემეს, გაანადგურეს რა კატალონიელები 2 მატჩის ჯამში 7:0. ამას უნდა დავუმატოთ გამოცდილება. ბოლო დროს, “ბაიერნის” ფეხბურთელებს უმაღლესი დონის თამაშებში მონაწილეობის არცთუ მცირე გამოცდილება დაუგროვდათ. ბოლოს კი, იმას აღვნიშნავთ, რომ “ბაიერნი” თითქმის უდანაკარგოდ თამაშობს, ხოლო “დორტმუნდს” სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.
ურთიერთშეხვედრები
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 100 მატჩს ითვლის. “ბაიერნმა” 45-ჯერ მოიგო, “დორტმუნდმა” – 26-ჯერ, ხოლო 29 თამაში ფრედ დასრულდა.
ევროტურნირებზე, გუნდები ერთმანეთს აქამდე ერთხელ გადაეყარნენ. 1998 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ორივე მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. დორტმუნდში გამართულ განმეორებით შეხვედრაში, მასპინძლებმა 109-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს და 1/2-ფინალში გავიდნენ.
“დორტმუნდი” გერმანულ გუნდებს ევროტურნირებზე სულ 4-ჯერ შეხვედრია. “შავ-ყვითლებმა” 3-ჯერ მოიგეს და ერთხელ ფრედ ითამაშეს. ბურთების შეფარდება – 5:0.
“ბაიერნს”, გერმანიის წარმომადგენლებთან ევროტურნირებზე გამართულ 14 თამაშში 7 მოგება, 2 ფრე და 5 მარცხი დაუგროვდა. ბურთების შეფარდება – 26:23.
არბიტრი
შეხვედრას 42 წლის იტალიელი არბიტრი, პროფესიით არქიტექტორი, ნიკოლა რიცოლი მოემსახურება. დამხმარე მსაჯები ასევე იტალიელები, რენატო ფავერანი და ანდრეა სტეფანი იქნებიან. დამატებითი დამხმარები არბიტრები – ჯანლუკა როიკი და პაოლო ტალიავენტო. მე-4 მსაჯობა UEFA-მ სლოვენიელ დამირ სკომინას ანდო.
ნიკოლა რიცოლის UEFA-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში 55-ჯერ უმსაჯია, აქედან 21-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე.
იტალიის ჩემპიონატში, სერია ჩ-ში მსაჯობა რიცოლიმ 1998 წელს დაიწყო. 2001 წელს, მან როგორც სერია B-ში, ასევე სერია A-ში მუშაობის უფლება მიიღო, ხოლო 2010 წლიდან, ის მხოლოდ სერია A-ს მატჩებს უძღვება.
ნიკოლა რიცოლის კარიერაში გარდამტეხი 2006-07 წლების სეზონი იყო, როდესაც მას “რომასა” და “ინტერის” დაპირისპირების გარდა, მილანური და რომაული დერბების მსაჯობაც ანდეს. მომდევნო სეზონში, რიცოლიმ ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე მსაჯობა დაიწყო, ხოლო 2008 წელს, მას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩიც ანდეს.
იტალიელი FIFA-ს არბიტრი 2007 წლიდანაა. ის იმ 52 მსაჯს შორის მოხვდა, რომლებიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე იმუშავებენ.
რიცოლი “დორტმუნდის” შეხვედრაში პირველად იმსაჯებს. მას “ბაიერნის” მატჩში მონაწილეობა 2-ჯერ აქვს მიღებული და მიუნხენელებმა ორივე თამაში წააგეს. 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, მიუნხენელები “მანჩესტერთან” სტუმრად 2:3 დამარცხდნენ. 2 წლის შემდეგ, იმავე ტურნირის 1/8-ფინალში, “ბაიერნმა” ბაზელში ადგილობრივ გუნდთან 0:1 წააგო. ორივე შემთხვევაში, “რეკორდმაისტერმა” შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.
გზა ფინალამდე
“ბორუსია” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთო, მაგრამ გერმანიის მაშინდელი ჩემპიონები მე-4 კალათში მოხვდნენ. უკანასკნელად, შემთხვევა, როდესაც ბოლო კალათში მოხვედრილი გუნდი ფინალში გავიდა, 2004 წელს დაფიქსირდა. ეს “მონაკომ” შეძლო, რომელიც “პორტუსთან” 0:3 განადგურდა.
“დორტმუნდი” “სიკვდილის” ჯგუფში მოხვდა, მაგრამ იურგენ კლოპის შეგირდებმა “რეალს” (2:1, 2:2), “აიაქსსა” (1:0, 4:1) და “სიტის” (1:1, 1:0) აჯობეს და პირველი ადგილი გაიფორმეს.
1/8-ფინალში, “დორტმუნდი” დონეცკის “შახტარს” შეხვდა. უკრაინაში გამართულ პირველ მატჩში (2:2), გერმანელებმა წაგებას თავი ბოლო წუთებზე გატანილი გოლით აარიდეს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში გერმანელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს.
1/4-ფინალში, “დორტმუნდს”, შეიძლება ითქვას, გაუმართლა, რადგან გერმანელებმა გრანდები თავიდან აიცილეს. თუმცა, კლოპის გუნდისთვის იოლი მეტოქე არც “მალაგა” გამოდგა. ესპანეთში უგოლო თამაშის შემდეგ, განმეორებითი მატჩის 91-ე წუთამდე, გერმანელები 1:2 აგებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ აუცილებლად მოგება ჭირდებოდათ. “დორტმუნდმა” ამოცანას თავი წარმატებით გაართვა – 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
ფლეი ოფის ბოლო ეტაპზე, “შავ-ყვითლებს” კვლავ ესპანური გუნდი შეხვდათ. ამჯერად, გაცილებით ძლიერი მადრიდის “რეალი”. მიუხედავად ამისა, პირველ მატჩში, გერმანელებმა შინ 4:1 იმარჯვეს. განმეორებითი შეხვედრის ბოლო 7 წუთში, “რეალმა” 2 გოლი კი გაიტანა, მაგრამ ფინალში მაინც “დორტმუნდი” გავიდა.
ჯგუფური ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა “ბაიერნმაც”. მიუნხენური გუნდი პირველ კალათში მოხვდა და შესაბამისად, “რეკორდმაისტერს”, დღევანდელ მეტოქესთან შედარებით, იოლი ჯგუფი შეხვდა. მართალია, ბატე-სთან მოულოდნელმა მარცხმა იუპ ჰაინკესს გეგმები აურია, მაგრამ საბოლოოდ, მიუნხენელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, აჯობეს რაც “ვალენსიას” (2:1, 1:1), ბატე-ს (1:3, 4:1) და “ლილს” (1:0, 6:1).
ფლეი ოფში, “ბაიერნს” წინააღმდეგობა მხოლოდ “არსენალმა” გაუწია, ისიც განმეორებით მატჩში. 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში, ლონდონში, მიუნხენელებმა 3:1 იმარჯვეს, შინ 0:2 წააგეს და შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წესის წყლობით გავიდნენ.
შთამბეჭდავი იყო “ბაიერნის” მიერ 1/4-ფინალში ჩატარებული მატჩები. მიუნხენელებმა იტალიის საუკეთესო გუნდს, ტურინის “იუვენტუსს” ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით, 2:0 მოუგეს.
როგორც გაირკვა, 1/4-ფინალში ნაჩვენები თამაში და დაფიქსირებული შედეგი “ბაიერნის” მაქსიმუმი არ იყო. 1/2-ფინალში, “რეკორდმაისტერმა” ბოლო წლების მსოფლიოს საუკეთესო გუნდად მიჩნეულ “ბარსელონას” კუდით ქვა ასროლინა. მიუნხენში 4:0-ს ბარსელონაში 0:3 მოჰყვა და საერთო ჯამში, “ბაიერნმა” 7:0 იმარჯვა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო 5 სეზონის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგას ან “ბარსელონა” იგებს, ან ის გუნდი, რომელიც კატალონიელებს ნახევარფინალში აჯობებს. ამ ტრადიციის გაგრძელება ხელს “ბაიერნს” აძლევს.
“უემბლი”
“უემბლი” ჩემპიონთა ლიგის ფინალს მეშვიდედ უმასპინძლებს, ხოლო სტადიონის თავიდან აშენების შემდეგ (2007 წელი), ეს მეორედ მოხდება. ამ მხრივ მე-2 ადგილს იყოფენ “სანტიაგო ბერნაბეუ” (მადრიდი), “ეიზელი” (ბრიუსელი), “პრატერი” (ვენა) და “ოლიმპიკო (“რომი”), რომლებმაც ფინალს ოთხ-ოთხჯერ უმასპინძლეს. “უემბლიზე” გამართული წინა ფინალები შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:
1963, მილანი-ბენფიკა 2:1
1968, მანჩესტერი-ბენფიკა 4:1
1971, აიაქსი-პანათინაიკოსი 2:0
1978, ლივერპული-ბრიუგე 1:0
1992, ბარსელონა-სამპდორია 1:0
2011, ბარსელონა-მანჩესტერი 3:1
დანაკლისი
როგორც აღვნიშნეთ, “დორტმუნდი” მატჩს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. იურგენ კლოპს “ბაიერნისკენ” მიმავალ გზას დამდგარი მარიო გიოტცე არ ეყოლება. ტრავმირებულია მატს ჰუმელსი, რომლის საკითხიც ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაა.
“ბაიერნს” ტონი კროოსი არ ეყოლება, მაგრამ მიუნხენელებმა “იუვენტუსთან” და “ბარსელონასთან” დაამტკიცეს, რომ ეს მათთვის დიდი დანაკლისი არაა. ტრავმირებულია ჰოლგერ ბადშტუბერიც, მაგრამ მის გარეშე თამაშს “ბაიერნი” დიდი ხანია მიეჩვია – ამ ფეხბურთელს 2012 წლის 1 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.
საინტერესო ფაქტები
- ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში გერმანული გუნდები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან;
- ევროტურნირის ფინალში გერმანული გუნდები ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. 1980 წელს, უეფას თასის ფინალში, “აინტრახტმა” “გლადბახი” დაამარცხა. 33 წლის წინათ, წაგებული გუნდის მწვრთნელი იუპ ჰაინკესი იყო, რომელიც დღეს “ბაიერნს” თავკაცობს;
- მიმდინარე სეზონში, 52 თამაშიდან, “ბაიერნმა” 44 მოიგო, ხოლო “დორტმუნდმა”, 51 თამაშიდან – 29;
- ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 ფინალიდან 2 გოლზე მეტი მხოლოდ ერთში გავიდა. ის თამაში, რომელშიც “ბარსელონამ” “მანჩესტერი” 3:1 დაამარცხა, ასევე “უემბლიზე” ჩატარდა;
- ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში “დორტმუნდმა ერთხელ ითამაშა და მოიგო. “ბაიერნს” 9 ფინალში 4 მოგება აქვს. მიუნხენელებმა ბოლო 2 ფინალი წააგეს;
- ბუნდესლიგაში, “დორტმუნდს” “ბაიერნთან” 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ყველა ტურნირის გათვალისწინებით, “ბაიერნს” “დორტმუნდთან” ბოლო 4 მატჩში არ წაუგია;
- “ბაიერნმა” და “დორტმუნდმა”, ნეიტრალურ სტადიონზე, ბოლოს 2012 წლის 12 მაისს, გერმანიის თასის ფინალში ითამაშებს. ბერლინში ჩატარებულ შეხვედრაში დორტმუნდელებმა მიუნხენელები 5:2 გაანადგურეს;
- მიმდინარე გათამაშებაში, რობერტ ლევანდოვსკიმ 10 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (12 გოლი) ჩამორჩება;
- მიმდინარე გათამაშებაში, მეტოქის შეტევის დროს, ბურთის მოგერიება ყველაზე მეტჯერ ნევენ სუბოტიჩმა (133) და მატს ჰუმელსმა (106) მოახერხეს;
- ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 12 თამაშში “დორტმუნდმა” კარი მშრალად მხოლოდ 3-ჯერ შეინახა;
- “მაინცსა” და “დორტმუნდში” მუშაობის დროს, იურგენ კლოპი “ბაიერნს” 20-ჯერ დაუპირისპირდა. მისი შედეგი 5 მოგება, 4 ფრე და 11 მარცხია;
- მიმდინარე გათამაშებაში, “დორტმუნდის” პასების მხოლოდ 66% იყო ზუსტი, რაც ფინალურ ეტაპზე მოთამაშე 32 გუნდს შორის 27-ე შედეგია;
- ყველა ტურნირის გათვალისწინებით, “დორტმუნდს” 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ასეთი ცუდი შედეგი კლოპის გუნდს 2011 წლის აგვისტო-სექტემბერს შემდეგ არ ჰქონია, ხოლო 5-მატჩიანი მოუგებელი სერია “დორტმუნდს” ბოლოს 2009 წლის აგვისტო-სექტემბერში ჰქონდა;
- რობერტ ლევანდოვსკიმ, ბოლო 24 თამაშში, 22 გოლი გაიტანა;
- მატს ჰუმელსი “ბაიერნის” სკოლის აღზრდილია. ის “დორტმუნდში” 2008 წელს გადავიდა;
- “ბაიერნმა”, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში და 1/2-ფინალში ოთხივე თამაში მოიგო, საერთო ანგარიშით 11:0. მიუნხენური გუნდი მხოლოდ მეხუთეა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ამ ეტაპის 4 თამაშში კარი მშრალად შეინახა;
- იუპ ჰაინკესი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მესამედ ათამაშებს. გერმანელმა სპეციალისტმა ფინალამდე გასვლა სამივე შემთხვევაში მოახერხა. 1998 წელს, მან “რეალთან” ერთად გამარჯვება იზეიმა, ხოლო გასულ სეზონში, მისი “ბაიერნი” “ჩელსისთან” დამარცხდა;
- “ბაიერნს” შანსი აქვს გახდეს პირველი გერმანული გუნდი, რომელიც ერთ სეზონში სამივე ტურნირს მოიგებს. ამისთვის საჭიროა, რომ მიუნხენელებმა დღეს “დორტმუნდი”, ხოლო 1 ივნისს, გერმანიის თასის ფინალში, “შტუტგარტი” დაამარცხონ;
- მიმდინარე გათამაშებაში, “ბაიერნის” საუკეთესო ბომბარდირი ტომას მიულერია, რომლის ანგარიშზეც 8 გოლია;
- წინა 10 შეხვედრაში, ბურთი ყველაზე მეტჯერ, 39-ჯერ ხავი მარტინესმა ჩაჭრა;
- მიმდინარე გათამაშებაში, “ბაიერნმა” 10 გოლი გაუშვა, აქედან 6 თამაშის ბოლო 15 წუთში;
- იუპ ჰაინკესს შანსი აქვს გახდეს მე-4 მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა თასს ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგებს. აქამდე, ეს შედეგი ერნსტ ჰაპელმა, ჟოზე მოურინიომ და ოტმარ ჰიტცფელდმა აჩვენეს. ამ უკანასკნელმა ჩემპიონთა ლიგა “ბაიერნსა” და “დორტმუნდს” მოაგებინა;
- მიმდინარე სეზონში, “ბაიერნმა” ლონდონში ერთხელ უკვე მოიგო. 1/8-ფინალის პირველ მატჩში, მიუნხენელებმა “არსენალი” 3:1 დაამარხეს. მანამდე, მიუნხენელებს ლონდონში გამართულ 5 მატჩში მოგება არ ჰქონდათ;
- იუპ ჰაინკესი “დორტმუნდს” 46-ჯერ დაუპირისპირდა. მისმა გუნდმა 21-ჯერ მოიგო, 14-ჯერ ფრედ ითამაშა და 11-ჯერ წააგო;
- ფეხბურთელობის დროს, იუპ ჰაინკესმა “დორტმუნდს” ერთ მატჩში 5 გოლი გაუტანა. ის თამაში მისმა “გლადბახმა” 12:0 მოიგო, რაც ბუნდესლიგის რეკორდად დღემდე რჩება;
- მიმდინარე გათამაშებაში, “ბაიერნმა” ყველაზე მეტი, 29 გოლი გაიტანა. “დორტმუნდის” ანგარიშზე 23 ბურთია, რაც მე-3 შედეგია;
- წინა 10 თამაშში, “ბაიერნმა” 100 კუთხური მოაწოდა, რაც მე-2 ადგილზე მყოფი გუნდის მაჩვენებელზე 26 კუთხურით მეტია;
- ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან), “ბაიერნს” 299 გოლი აქვს გატანილი. ევროტურნირებზე, მიუნხენელებმა 399 ბურთი გაიტანეს და 749 გაუშვეს;
- ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 26 თამაშიდან “ბაიერნმა” 24 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი, გიუნდოგანი, ბენდერი, კუბა, როისი, გროსკროიტცი, ლევანდოვსკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, შვაინშტაიგერი, მარტინესი, რობენი, მიულერი, რიბერი, მანჯუკიჩი.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).