ექვსი ერის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულმა უელსის ნაკრებმა, კარდიფში “მილენიუმზე” საფრანგეთი 27:6 დაამარცხა და ტიტულის შენარჩუნების შანსი დაიბრუნა.
ორი კვირის წინ დუბლინში განცდილი მწარე მარცხის შემდეგ, “დრაკონებმა” საფრანგეთს კარგი დაცვა დაუპირისპირეს, მეტოქის შეცდომებით კარგად ისარგებლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. მასპინძლებმა მეტოქე ძალისმიერ ბრძოლაში დაჩაგრეს და ფრანგთა თითქმის ყველა შეტევა გაანეიტრალეს. უელსელებმა საწყის წუთებში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს, ტაიმი 20:6 მოიგეს და ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს.
უელსს ანგარიშის გასახსნელად 2 წუთზე ნაკლები დრო დაჭირდა. ფრანგები რაქში თამაშისას დაჯარიმდნენ და ლეიგ ჰალფპენიმ ჯარიმა 50 მეტრიდან გაიტანა. სამიოდე წუთში ორი ფრანგი საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში ბურთის დაუფლებისას ერთმანეთს შეეჯახა, ოვალი ჩათვლის მოედანში შეგორდა და ჯორჯ ნორტმა საჩუქარი უპრობლემოდ შეირგო. ჰალფპენის გარდასახვა გაუცუდდა, მაგრამ მერე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და მე-10-ე წუთისთვის ანგარიში 11:0 გახდა.
ჟან-მარკ დუსანმა პირველი ჯარიმა გააცუდა, მაგრამ მეორე შანსი გამოიყენა. მიუხედავად ამისა, უელსმა მალევე შეძლო საპასუხო ჯარიმის გატანა. დუსანს იმ დღეს დარტყმები რომ არ მისდიოდა, მერე ეს უფლება პლისონმა გადაიბარა და სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირა, მაგრამ შესვენებამდე ჰალფპენიმ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 20:6 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბასტაროს კარგი გარღვევის შემდეგ ბონაველს ლელო უნდა გაეტანა, მაგრამ ჩათვლის მოედნიდან 2-3 მეტრში ბურთი ვერ დაიჭირა. მალე რეფერიმ ორივე გუნდის მორაგბე გაასინბინა, მათი დაბრუნების შემდეგ კი, ყვითელი ბარათი ლუი პიკამოლს უჩვენა და 63-ე წუთზე მასპინძლებმა მეტობა 7 ქულად აქციეს. ხაზი ჯერ ჯეიმი რობერტსმა გაჭრა, მერე ჩათვლის მოედნის სიახლოვეს წარმოქმნილი რაქის გვერდზე სემ უერბარტონი გაიჭრა და მიუხედავად იმისა, რომ შებოჭეს, ჩათვლის მოედნის ხაზს მაინც მიწვდა. ზუსტმა გარდასახვამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა და უელსმა ექვსი ერის ზედიზედ მესამედ მოგების შანსი შეინარჩუნა.
2014 წლის ექვსი ერი. მესამე ტური
21 თებერვალი
უელსი - საფრანგეთი 27:6 (20:6)
22 თებერვალი
იტალია - შოტლანდია
ინგლისი - ირლანდია
- ირლანდია 2 2 0 0 54-9 4
- უელსი 3 2 0 1 53-47 4
- საფრანგეთი 3 2 0 1 62-61 4
- ინგლისი 2 1 0 1 44-26 2
- იტალია 2 0 0 2 25-53 0
- შოტლანდია 2 0 0 2 6-48 0