საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან-პრის მეორე, ფინალური ეტაპის მეოთხე მატჩში უელსი 24:7 დაამარცხა და პირველი სათამაშო დღის შედეგებს თუ გადავხედავთ, 12 საუკეთესო გუნდს შორის დარჩენის არცთუ ურიგო შანსი უნდა ჰქონდეს.
უმეტესად ქართულ კლუბებში მობურთალი ბიჭებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ოთხივე თამაშში თავგამოდებით იბრძოლა, ორი თამაში მოიგო, ერთში პრაქტიკულად მინიმალურად დამარცხდა, ერთში კი, მარცხი მსაჯის უცნაურმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.
პირველი მატჩი პორტუგალიასთან გვქონდა, რომელიც 7-კაცა რაგბში ევროპის ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ გამხდარა და მსოფლიოშიც ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება. მატჩის უმეტესი დრო უპირატესობა სწორედ მეტოქეს ჰქონდა და ბიჭების დაცვაში თავდადებული თამაშის დამსახურებაა, საწყის 7 წუთში ანგარიში რომ არ გაიხსნა. მაგრამ მოსახდენი მეორე ტაიმის პირველსავე წუთზე მოხდა, პორტუგალიამ ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე თამაში მასპინძელ რუმინელებთან გვიწევდა, ქართველმა მორაგბეებმა ხელდახელ კარგი შეტევა წამოიწყეს, სწრაფმა და ტექნიკურმა გიორგი შკინინმა და ლევან გოგოლაშვილმა მარცხენა ფლანგზე უპირატესობა შექმნეს, იერიში მარჯვენა ფლანგიდან გაგრძელდა და გიორგი ჯიმშელაძის პასით გიორგი კალმახელიძემ ლელო გაიტანა. ქართველებმა მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს და შემდეგი შეტევისას მასპინძლები ზედიზედ სამჯერ რომ დაჯარიმდნენ საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ - 12:0.
მეორე ტაიმში რუმინელებმა ლელო-გარდასახვა გაქვითეს, მაგრამ მერე ბახვა კობახიძე დაუხვდა მეტოქეს მედგრად, ბურთი ხელიდან მისსავე 22-ში გამოგლიჯა და ლელო გაიტანა, რასაც შავლეგ მახარაშვილის ზუსტი გარდასახვა მოყვა. ბოლო წუთებზე მოდუნებამ მეტოქეს ლელო-გარდასახვის საშუალება მისცა, მაგრამ გამარჯვება მაინც ქართველებს დარჩათ - 19:14.
მესამე თამაშში ქართველთა შეცდომების გარდა მსაჯმაც გამოიღო ხელი და ამან იტალიასთან 5:14 მარცხი განაპირობა. ჩვენ ბურთი თითქმის არ გვქონდა, რადგან რეფერი ქართველთა ქმედებაში მუდამ დანაშაულს ხედავდა. იტალია 14:0 რომ დაწინაურდა, ქართველებმა მერეღა შეძლეს ერთი ლელოთი პასუხის გაცემა, არადა, ამის გაკეთება 5-6-ჯერ მაინც შეეძლოთ და მატჩი 5:14 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ლელო რამაზ ხარაზიშვილმა ინდივიდუალური გარღვევით გაიტანა და გზად სამი მცველი ჩამოიცილა.
დღის დასკვნითი მატჩის დებიუტი უელსთან წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ბურთი ჩვენვე დავკარგეთ და მეტოქემ ლელო გაიტანა, მაგრამ ორწუთნახევარი იყო გასული, როდესაც ლევან გოგოლაშვილმა მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, დროული პაუზით დაზღვევაზე გადასულ სამ მცველს შორის საჭირო დერეფანი მოძებნა, მათ შორის სუფთად გაძვრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო დიმიტრი კალანდაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. მალევე დაწინაურების შანსი გაჩნდა, მაგრამ ზურაბ ძნელაძეს მცველმა დაასწრო და ბურთი ფეხით კიდით ხაზს იქით გადააგდო.
მალე გიორგი შკინინი გაიჭრა ფლანგზე, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, შიგნით დააპირა შესვლა, ამ ფანდზე მცველი არ წამოეგო და შემტევი შებოჭა, არადა, პირდაპირ რომ გაქცეულიყო, ქართველს ლელოს გატანის მეტი შანსი ექნებოდა. სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს შკინინმა გრძელი პასით მარცხენა ფლანგზე გიორგი კალმახელიძე გარღვევაზე გაიყვანა, მან სიჩქარეში მბოჭავი ისე მოიგერია, ფეხი გვერდით ხაზს იქით არ გადადგა და ლელო გაიტანა - 12:7.
ანგარიშში სხვაობა მე-11 წუთზე გაიზარდა, როდესაც ქართველებმა მეტოქე ცენტრის სიახლოვეს გააპამპულეს, ბოლოს გოგოლაძე ტექნიკურად დაუსხლტა მცველს და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო კალანდაძემ გარდასახვა გამოიყენა.
თამაშის ბოლოსკენ გოგოლაშვილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, დროული პაუზით ორი მცველი მიიზიდა და შკინინს ბურთი ჩათვლის მოედანში შეაყოლა - 24:7.
ახლა საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ხვალ, თბილისის დროით 12:28 საათზე ჯგუფის ლიდერ ინგლისს ეთამაშება, რომელმაც ოთხივე შეხვედრა მოიგო და პირველ ადგილს ვეღარავინ შეეცილება. თუ ინგლისელებმა თავი არ მოიკლეს და გამარჯვება ქართველ მორაგბეებს დარჩათ, ისინი სავარაუდოდ მეორე ადგილს შეინარჩუნებენ, რაც ქართველებს ევროპის 7-კაცა ელიტაში დარჩენის კი არა, მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსსაც შეუნარჩუნებს. აი, მარცხის შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და რომელ ადგილს დავიკავებთ ჯგუფში, ეს გატანილ-გაშვებული ქულებით გადაწყდება.
საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა ბუქარესტში: ბიძინა სამხარაძე, ლევან გოგოლაშვილი, რამაზ ხარაზიშვილი, რატი ნუცუბიძე, გიორგი კალმახელიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე, გიორგი შკინინი, ზურაბ ძნელაძე, დიმიტრი კალანდაძე, შავლეგ მახარაშვილი, თორნიკე ცერცვაძე.
ევროპის გრან-პრი 7-კაცა რაგბში
II ეტაპი. ბუქარესტი (რუმინეთი). 21-22 სექტემბერი
A ჯგუფი
პორტუგალია - საქართველო 7:0
უელსი - რუმინეთი 14:10
ინგლისი - იტალია 19:0
რუმინეთი - საქართველო 14:19
პორტუგალია - იტალია 17:19
ინგლისი - უელსი 40:7
იტალია - საქართველო 14:5
ინგლისი - რუმინეთი 14:7
უელსი - პორტუგალია 7:10
რუმინეთი - იტალია 21:14
უელსი - საქართველო 7:24
ინგლისი - პორტუგალია 26:14
- ინგლისი 4 4 0 0 99-28 12
- საქართველო 4 2 0 2 48-42 8
- პორტუგალია 4 2 0 2 48-52 8
- იტალია 4 2 0 2 47-62 8
- რუმინეთი 4 1 0 3 52-61 6
- უელსი 4 1 0 3 35-84 6
22 სექტემბერი
უელსი - იტალია
პორტუგალია - რუმინეთი
ინგლისი - საქართველო
B ჯგუფი
შოტლანდია - უკრაინა 41:7
საფრანგეთი - ესპანეთი 7:14
რუსეთი - გერმანია 24:21
ესპანეთი - უკრაინა 33:5
შოტლანდია - გერმანია 7:22
რუსეთი - საფრანგეთი 17:27
გერმანია - უკრაინა 28:0
რუსეთი - ესპანეთი 24:14
საფრანგეთი - შოტლანდია 19:12
ესპანეთი - გერმანია 17:21
საფრანგეთი - უკრაინა 40:5
რუსეთი - შოტლანდია 17:5
- საფრანგეთი 4 3 0 1 93-48 10
- გერმანია 4 3 0 1 92-48 10
- რუსეთი 4 3 0 1 82-67 10
- ესპანეთი 4 2 0 2 78-57 8
- შოტლანდია 4 1 0 3 65-65 6
- უკრაინა 4 0 0 4 17-142 4
22 სექტემბერი
საფრანგეთი - გერმანია
შოტლანდია - ესპანეთი
რუსეთი - უკრაინა
პლეი ოფები. 22 სექტემბერი