ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მასპინძლობის მსურველი ქვეყნების სია დაარეგისტრირა.
განაცხადების მიღების ვადა გუშინ ამოიწურა და დღეს გახდა ცნობილი კანდიდატთა სრული რაოდენობა. როგორც ჩანს, ევროპირველობის მასპინძლობა 32 ქვეყანას სურს. ესენი არიან:
ინგლისი (ლონდონი), აზერბაიჯანი (ბაქო), სომხეთი (ერევანი), ბელარუსი (მინსკი), ბელგია (ბრიუსელი), ბულგარეთი (სოფია), მაკედონია (სკოპიე), უნგრეთი (ბუდაპეშტი), გერმანია (მიუნხენი), საბერძნეთი (ათენი), დანია (კოპენჰაგენი), ისრაელი (იერუსალიმი), ირლანდია (დუბლინი), ესპანეთი (მადრიდი, ბარსელონა, ბილბაო, ვალენსია), იტალია (რომი, მილანი), ყაზახეთი (ასტანა), ნიდერლანდები (ამსტერდამი), პოლონეთი (ვარშავა, ხოჟუვი), პორტუგალია (ლისაბონი, პორტუ), რუსეთი (სანქტ-პეტერბურგი), რუმინეთი (ბუქარესტი), სერბეთი (ბელგრადი), თურქეთი (სტამბოლი), უკრაინა (კიევი, დონეცკი), უელსი (კარდიფი), ფინეთი (ჰელსინკი), საფრანგეთი (ლიონი), ხორვატია (ზაგრები), ჩეხეთი (პრაღა), შვეიცარია (ბაზელი), შვედეთი (სოლნა), შოტლანდია (გლაზგო).
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის თამაშები მთელი ევროპის მასშტაბით 13 ქალაქში გაიმართება. მატჩები 13 პაკეტად დაიყოფა. 12 მათგანში ჯგუფური ეტაპის სამი და პლეი-ოფის (1/8, ან 1/4-ფინალის) თითო თამაში შევა, ხოლო მე-13 პაკეტში ორივე ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრა მოხვდება.
32-ივე ასოციაციას უფლება აქვს ორი განაცხადი შეიტანოს - ერთი სტანდარტულ პაკეტზე და ერთიც ნახევარფინალ-ფინალისთვის. ყველა ასოციაციას აქვს უფლება, რომ თითოეულ პაკეტზე ცალ-ცალკე ქალაქები წარადგინოს, ან განსხვავებული ვარიანტები წარმოადგინოს, მაგრამ საბოლოოდ, ერთ ქვეყანას მხოლოდ ერთი ქალაქით წარმოდგენა შეეძლება. კანდიდატებს აქვთ უფლება, რომ ქალაქების შერჩევაში შესწორებები შეიტანონ, მაგრამ საბოლოო ვარიანტი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2014 წლის 25 აპრილისა. უეფას აღმასრულებელი კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას 2014 წლის 25 სექტემბერს მიიღებს.