7 რბოლაში ამდენივე პოულ პოზიცია - ასეთია მიმდინარე სეზონში ”რედ ბულ რეისინგის” საკვალიფიკაციო მონაგარი. ოღონდ, გასული ექვსი ეტაპიდან, მისმა პილოტებმა ჯერ მხოლოდ სამის მოგება მოახერხეს. და თუ გერმანელ სებასტიან ფეტელს პოულის დიდ გამარჯვებად ქცევა ჯერ არ გამოსდის, მისმა ავსტრალიელმა თანაგუნდელმა მარკ უებერმა ორივე რბოლა პოულიდან სტარტის აღების შემდეგ მოიგო. ახლა კი მზადაა, ზედიზედ მესამედაც ავიდეს გამარჯვებულის კვარცხლბეკზე და ერთპიროვნული ლიდერიც გახდეს.
აღსანიშნავია, რომ სანამ ფორმულა 1-ის ქარავანი ევროპას მოადგებოდა, მანამ პოულის მომგებმა ვერცერთმა პილოტმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. ამჯერად უებერმა, ვინც სეზონის დასაწყისში ფეტელის ჩრდილში იმყოფებოდა, მას თითქმის ნახევარი წამით აჯობა. არადა, ფეტელმა შასი გამოიცვალა და იმედი ჰქონდა, რომ ოზი პილოტის პოულების სერიას ამჯერად მაინც შეწყვეტდა.
მაგრამ არაფერი გამოუვიდა. უფრო მეტიც, მას ”მაკლარენის” ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმაც აჯობა, ვისაც უებერის შედეგამდე 0.138 წამი დააკლდა. დამარცხების მიუხედავად, ჰამილტონი პრესკონფერენციაზე კმაყოფილი ჩანდა, რაც იმით ახსნა, რომ რბოლას ტრასის სუფთა ნაწილიდან დაიწყებს, ეს კი სტარტზევე დაწინაურების შანსს აძლევს.
”შესანიშნავი მაჩვენებელი მაქვს, რაც ჩვენი მანქანის უსაზღვრო შესაძლებლობებზე მეტყველებს”, - განაცხადა უებერმა. საინტერესოა, რომ თურქეთში ჩატარებული წინა 5 რბოლიდან, ოთხი იმ პილოტს აქვს მოგებული, ვინც სტარტი პოულიდან აიღო. თუმცა, ტრადიციები რომ არაფერს ნიშნავს, ეს ყველაზე უკეთ უებერმა იცის, რომელმაც ბარსელონაში ამ სეზონის დასაწყისის ტრადიცია დაარღვია - მანამდე პოულის მომგები რბოლას ვერ იგებდა.
ფეტელი კვალიფიკაციის პირველ ორ ნაწილში უსწრაფესი იყო, მაგრამ მესამე, გადამწყვეტ ნაწილში, როგორც თავად განაცხადა, მანქანა მოიშალა. განსაკუთრებით კი ის მუხრუჭებით დარჩა უკმაყოფილო. გადამწყვეტი ცდის მიწურულს, მე-12 და მე-14 მოსახვევების შესასვლელებში, მისი ბოლიდის მუხრუჭები დაიბლოკა, რაზეც გერმანელმა დრო დაკარგა.
”ძალიან გამიმართლა, რომ მეოთხე არ ვარ. წინა რბოლებს თუ გადახედავთ, ყოველთვის მოწინავე სამეულში ვარ, რაც ალბათ ცუდი არაა. ის ადამიანი არ ვარ, მანქანის გაფუჭებით თავი ვიმართლო. უბრალოდ, ასე მოხდა. ახლა ის უნდა გავარკვიოთ, თუ რამ გამოიწვია მუხრუჭების დაბლოკვა და მერე განვსაზღვრავ, რა შემიძლია გავაკეთო რბოლაში. ვფიქრობ, სიჩქარით უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს”, - განაცხადა ფეტელმა.
მეოთხე შედეგი ჰამილტონის თანაგუნდელმა და თანამემამულემ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა აჩვენა, სტარტზე მესამე რიგს კი ”მერსედესის” გერმანელი პილოტები - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი და ნიკო როსბერგი დაიკავებენ.
სამაგიეროდ, გაწბილებული დარჩა ”ფერარი”, რომლის ესპანელმა ფერნანდო ალონსომ მეორე სეგმენტის დაძლევაც კი ვერ შეძლო, ბრაზილიელი ფელიპე მასა კი მერვე შედეგს დასჯერდა. არადა, თურქული რბოლა ”ფერარისთვის” მე-800 იქნება.
| 1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) | 1:26.295 |
| 2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:26.433 |
| 3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) | 1:26.760 |
| 4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:26.781 |
| 5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) | 1:26.857 |
| 6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) | 1:26.952 |
| 7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) | 1:27.039 |
| 8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) | 1:27.082 |
| 9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) | 1:27.430 |
| 10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) | 1:28.122 |
| 11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) | 1:27.525 |
| 12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) | 1:27.612 |
| 13. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) | 1:27.879 |
| 14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) | 1:28.273 |
| 15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) | 1:28.392 |
| 16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) | 1:28.540 |
| 17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) | 1:28.841 |
| 18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) | 1:28.958 |
| 19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) | 1:30.237 |
| 20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) | 1:30.519 |
| 21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) | 1:30.744 |
| 22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) | 1:31.266 |
| 23. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) | 1:31.989 |
| 24. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) | 1:32.060 |
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







