რაგბი

15:49 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

უდისციპლინობამ ფინალს მიღმა დაგვტოვა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, მოსკოვში მიმდინარე 2013 წლის მსოფლიო თასზე იაპონიას თანაბარ სიტუაციაში 3 ლელო გაუტანა, მაგრამ მოედანზე 4 წუთით კაცნაკლული რომ დარჩა, ამდენივე ლელო გაუშვა და პრაქტიკულად მოგებული მატჩის წაგებით, სიხარულის უფლება მეტოქეს გადაულოცა.

XVII ადგილისთვის გამართული ნახევარფინალის პირველმა ტაიმმა ქართველთა უპირატესობით ჩაიარა. კოლელიშვილმა პირველივე წუთზე ფლანგიდან შეუტია და სანამ აუტში გადაიყვანდნენ ბურთის მოედანზე დატოვება მოახერხა, მაგრამ გიგაურმა მისი შემაგრება ვერ შეძლო.

ტაიმის შუაში კვირიკაშვილი ორთა შორის სუფთად გაძვრა, მაგრამ ბოლო მცველმა მისი შეჩერება მოახერხა. სამაგიეროდ, შემდეგ ჯერზე მანვე ფეხით რომ გადაიკიდა, მთელი ხაზი თამაშგარე დატოვა და სანამ ბოლო მცველი იმავე ილეთს გაუკეთებდა, გიგაურს უპასა. ამ უკანასკნელს ბევრი სდია მცველმა, მაგრამ ლელო მაინც ძელებსშუა გავიდა.

ტაიმის მიწურულს შარიქაძემ მეტოქეს ბურთი რაქში სუფთად აართვა, თუმცა შებოჭეს და თითქოს იერიშმა სიმწვავე დაკარგა, მაგრამ სამხარაძემ ფრუიძეს გრძელი გადაცემა გაუკეთა და მეორე ლელოც გავიდა. საქართველოს საუკეთესო ბომბარდირმა კვირიკაშვილმა ორივე რეალიზაცია ზუსტად შეასრულა, აქედან მეორე არცთუ მარტივი პოზიციიდან და ტაიმი 14:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი წუთნახვერის დაწყებული იქნებოდა, როდესაც ძნელაძემ მეტოქე ყელში შებოჭა და სინბინით დაისაჯა, იაპონიამ კი, მეტობა ლელო-გარდასახვად 20 წამში აქცია. სამაგიეროდ, თამაშის განახლების შემდეგ კვირიკაშვილმა ბურთი სიჩქარეაკრეფილ კოლელიშვილს გაატანა, რომელმაც სამი მცველი ჩამოიცილა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა - 21:7.

მოგება ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ფინალამდე 2,43 წამით ადრე, იაპონელმა ბურთი ფეხით რომ გადაიკიდა, მას კოლელიშვილმა ისეთი უთავაზა სახიდან სისხლი ადინა და სინბინი დაიმსახურა.

იაპონელებმა მეტობა კარგად გამოიყენეს, ორი ლელო გაიტანეს, არცთუ მარტივი სიტუაციებიდან ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და როდესაც ქართველები დაჯარიმდნენ და დროც ამოწურული იყო, კარის გასწვრიდან გამარჯვების ჯარიმა შეასრულეს - 24:21.

ახლა იაპონელები მე-17 ადგილს მასპინძელ რუსეთს შეეცილებიან, რომელმაც ურუგვაი 38:0 დაამარცხა, საქართველოს ნაკრები კი, 20-ეულში მოხვედრით დაკმაყოფილდა.

საქართველოს ნაკრებმა იაპონიის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ზურაბ ძნელაძე, ვიტო კოლელიშვილი, ბიძინა სამხარაძე, მერაბ კვირიკაშვილი, მერაბ შარიქაძე, რევაზ გიგაური, გიორგი ფრუიძე. შეცვლაზე შევიდნენ ალექსანდრე თოდუა, ბახვა კობახიძე, შავლეგ მახარაშვილი, ირაკლი გეგენავა. არ უთამაშია გიორგი ჯიმშელაძეს.

0.113401