- ალო, გამარჯობა. რიგითი სტატისტიკური ქართველის ბინაა?
- რიგითი სტატისტიკური ქართველი გისმენთ.
- თუ შეგიძლიათ, რამდენიმე წუთი რომ დაგვითმოთ. ”ჭეშმარიტ ფეხბურთზე“ გვსურს გესაუბროთ.
- გისმენთ, ოღონდ ცოტა ჩქარა თუ შეიძლება. “რეალი” კიდევ ვერ იგებს და ჟოზეს დამჟავებული სიფათის ცქერით მინდა დავტკბე.
- გსმენიათ რამე ჭეშმარიტი ფეხბურთის შესახებ?
- მაგალითად?
- მაგალითად, რას ფიქრობთ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბარსელონა”-“მილანის” მატჩზე?
- და ეგ ჭეშმარიტი ფეხბურთი იყო?
- ვითომ რატომ არ იყო?
- ორ პენალტს თუ დაგვიდებენ, ”ზესტაფონიც“ მოუგებს ”მილანს“.
- ხომ არ მეშლება, მართლა რიგითი სტატისტიკური ქართველის ბინაში ვრეკავ?
- ეჭვი გეპარება თუ?..
- აბა თუ ქართველი ხარ, პენალტების გატანაზე როგორ ლაპარაკობ? ხომ არ დაგავიწყდა საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორ თამაშში 3 პენალტი რომ ვერ გაიტანა...
- აბა, ეგ რა ლაპარაკია, ახლა. მარადონამაც კი გააფუჭა პენალტი. ასეა თუ ისე, ვფიქრობ, რომ ”ბარსელონა”-”მილანის” შეხვედრა ნამდვილად არ იყო ”ჭეშმარიტი ფეხბურთი”. სხვა რა გაინტერესებთ კიდევ? ჟოზეს სიფათი მაქვს სანახავი – ხომ გითხარით.
- ლეო მესიზე რას ფიქრობთ?
- ლეო მესი მაგარია. მაგრამ მარადონა უფრო მაგარი იყო.
- რატომ? რაკი მარადონა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა?
- თუნდაც... თან მარადონას მოგონილი პენალტებით თამაშების მოგება არ უყვარდა.
- ხელით გატანა ხომ უყვარდა სამაგიეროდ?
- “ხელი, ხელი, ხელი”... გაახურეთ რა საქმე! მეტი არაფერი გახსენდებათ მარადონაზე?
- მაგალითად თქვენ რა გახსენდებათ? კოკოითს ხელი რომ ჩამოართვა? თუ უგო ჩავესს რომ ჩაეხუტა?
- თქვენ მოგზავნილი ხომ არ ხართ გენაცვალე? ჭეშმარიტ ფეხბურთზე უნდა გელაპარაკოო – მითხარით და ახლა კიკოითი და უგო ჩავესიო...
- კარგი. მაშინ ის მითხარით “ბარსელონა“ რატომ არ გიყვართ.
- აი, თქვენ, მაგალითად, პოდიუმი ტელევიზორში მაინც ხო გინახავთ. აი ისა რა, ლამაზი გოგონები ამაღლებულ ადგილზე რომ მიდი-მოდიან და გადი-გამოდიან.
- მეხუმრებით? ეგ ვის არ უნახავს, მაგრამ ვერ ვხვდები პოდიუმი ”ბარსასთან” რა კავშირშია?
- იმ კავშირშია რომ, პოდიუმზე ვინც გოგონები გამოდიან, ყველანი ლამაზები და ათასი კუწურიე-მუწურიეების მიერ არის ნარჩევი. მაგრამ რაკი ყველა ლამაზია, ყველა ხომ არ მოგწონთ? მოგწონთ მხოლოდ ისინი, რომლებიც უბრალოდ თქვენ გემოვნებაში ჯდება. ასეა ”ბარსელონაც”. არაა ჩემი გუნების გუნდი და რა ვქნა. არც თქვენი ”ჩავინიესტა” მინდა და არც მესი. მომწყინდა ბიჯოს!
- რომელ გუნდს გულშემატკივრობთ, ის მაინც მითხარით.
- რომელსა და ”ზესტაფონს”.
- მე უცხოურ გუნდებზე გეკითხებით.
- უცხოურ გუნდებს რატომ უნდა ვუგულშემატკივრო. გეუბნებით ”ზესტაფონის” გულშემატკივარი ვარ მეთქი. ახლა, თუ მაინცა და მაინც უცხოურ ფეხბურთს ვუყურებ, მაშინ იმისკენ ვარ, ვინც სუსტია. ასე რომ, ”ბარსელონა” ჩემი გუნების ამბავში ვერ ჯდება. თან ის ორი პენალტიც ხომ გახსოვთ.
- რამდენჯერ უნდა გაიხსენოთ ის ორი პენალტი. არ დაიღალეთ?
- რატომ მირეკავდი ბოლო-ბოლო? თუ ჩემი აზრი გაინტერესებდა, გითხარი. ორი პენალტი ხომ არა ვარ, სულ რომ გახარებდეთ და კარგ ხასაითზე გაყენებდეთ.
- არანორმალური ხარ ვიღაცა ხარ.
- არანორმალური შენ ხარ და კიდევ ის მსაჯია, ორი პენალტი ვინც დადო.
- მართლა არ უნდა დამერეკა. გიჟი ყოფილხარ!...
- გიჟები შენს ფლანგებზე მოიკითხე...
ტელეფონის ყურმილის მიღმა წყვეტილი სიგნალი გაისმა, რაც კავშირის შეწყვეტას მოასწავებდა. ”რამდენი გიჟია ამ ქალაქში” – ჩაილაპარაკა შეჭაღარავებულმა კაცმა. შემდეგ ყურმილი დადო. ზოლიანი შარვალი შეისწორა, ზოლიანსავე პერანგზე ღილი შეიკრა და ფლოსტების ფრატუნით წავიდა სხვა ოთახისაკენ, საიდანაც დიდი ჟრიამულის ხმა გამოდიოდა.
ლევან სეფისკვერაძე