სხვა

17:00 | 21.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

უარყოფით ბალანსს გაგამარუც ვერ გადაურჩა

ტოკიოში გრძელდება 2011 წლის პირველი სუპერტურნირი სუმოში, რომელსაც თამამად შეგვილია ქართველთათვის ყველაზე წარუმატებული ბაშო ვუწოდოთ. “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე შეჯიბრის დასრულებამდე, ორი ტურია დარჩენილი, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ სამივე ქართველი სეკიტორი – ტოჩინოშინი, კოკაი და გაგამარუ ასპარეზობას უარყოფითი ბალანსით ანუ მაკე-კოშით დაასრულებენ.
ქართველთაგან ყველაზე დიდხანს თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ გაძლო, რომელსაც 12 დღის თავზე, 5 მოგება და 7 მარცხი გააჩნდა და წოდებაში დაწინაურებისთვის სამივე დარჩენილ შერკინებაში გამარჯვება მართებდა, თუმცა, სასწაული არ მოხდა.
დასავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე 198-კილოგრამიანმა ქართველმა, 28 წლის მონღოლ შოტენროსთან (მე-11 მაეგაშირა) ბრძოლისას თავი ძალიან დაბლა დახარა, რითაც მისმა მეტოქემ კარგად ისარგებლა, კისერში ხელის მორტყმით თეიმურაზს წონასწორობა დააკარგვინა, თვითონ კი, სწრაფად “გამოეცალა” და ჰიკიოტოში დააფიქსირა.
23 წლის ჯუღელის შემდეგი მოწინააღმდეგე მისივე თანატოლი, ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე იქნება, რომელმაც 13 ბრძოლაში მე-2 გამარჯვება, მე-2 მაეგაშირა იოშიკაძესთან მიითვალა. ტოჩინოშინიმ 28 წლის იაპონელი დოჰიოს კიდესთან სწრაფად მიიმწყვდია და იორიტაოშით იმარჯვა.
ცნობისთვის, გორგაძე ჰაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ირჯება, თუმცა, უკვე ცხადია, რომ მომავალ მარტის ბაშოზე, რეიტინგში საგრძნობლად დააქვეითებენ.
3 მოგების ფონზე, მე-10 მარცხი განიცადა ქართული სუმოს პიონერმა, ლევან ცაგურიამ, რომელსაც იაპონიაში კოკაის შიკონათი იცნობენ. აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდების მქონე 29 წლის ქართველმა, მონღოლ ტაკეკაძესთან (მე-7 მაეგაშირა) ბრძოლა მარცხენამხრიან დგომა ჰიდარი-იოცუში გადაიყვანა, თუმცა, მეტოქის მავაშის ხელთ მოგდება ვერ მოახერხა და მეტოქემ უვატენაგე განახორციელა.
კოკაი, რომელსაც 7-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონიდან რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში დაქვეითება ელის, შემდეგ შერკინებას მე-12 მაეგაშირა მოკონამისთან ჩაატარებს. ქართველს 26 წლის მონღოლთან შარშან, ორჯერ იორიკირით აქვს წაგებული.
იანვრის ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მე-12 გამარჯვება ოძეკი კოტოოშუსთან მიითვალა. “თეთრი ფენიქსის” უახლოესი მდევარი, კვლავაც იაპონელი მე-13 მაეგაშირა ოკინოუმია, რომელსაც ზურგს 11 მოგება უმაგრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095148