“
კეისის ხელმძღვანელობით, “რეპტორსმა” დეკემბერში 8 მოგება და 6 მარცხი მიითვალა. ამასთან, კანადურმა გუნდმა სტუმრად ექვს შეხვედრაში იმარჯვა და თვის ბოლო 9 მატჩიდან 7 მოიგო.
ჰორნაჩეკის “სანზს” ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საუკეთესო დეკემბერი ჰქონდა. ფინიქსელებმა 13 მატჩიდან 10-ში იმარჯვეს. ისიც სათქმელია, რომ “სანზმა” ხუთ თამაშში მიჯრით ბოლო სამი სეზონის განმავლობაში პირველად მოიგო.
საინტერესოა, რომ ჰორნაჩეკი ლიგის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც თვის საუკეთესოს ტიტული როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში ერთი და იმავე გუნდის რიგებში მიიღო.
1991 წლის დეკემბერში ჯეფმა “სანზს” 12-დან 11 შეხვედრა მოაგებინა და დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
თვის მწვრთნელობაზე პრეტენზიას მაიკ ბუდენჰოლცერი (“ატლანტა”), მარკ ჯეკსონი (“გოლდენ სტეიტი”), ფრენკ ვოგელი (“ინდიანა”), დოკ რივერსი (“კლიპერსი”), ერიკ სპოელსტრა (“მაიამი”), სკოტ ბრუსი (“ოკლაჰომა სიტი”), ტერი სკოტსი (“პორტლენდი”) და გრეგ პოპოვიჩი (“სან ანტონიო”) აცხადებდნენ.