პირველად დამოუკიდებელი ქართული წყალბურთის ისტორიაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ვლადიმერ ისელიძის გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ციკლის დასკვნით პლეი ოფში თურქეთის ნაკრები ორრაუნდიან ბრძოლაში 17:16 დაამარცხა.
ქართველი წყალბურთელები სტამბოლში 4-ბურთიანი უპირატესობით (8:4) ჩავიდნენ. საპასუხო მატჩიც ჩვენთვის სასურველი სცენარით დაიწყო – პირველ ოთხ წუთში მარკო ელაჩასა და მარინო ფრანიჩევიჩის გოლებით დაწინაურდა. მასპინძლებმა მე-5 წუთზე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ელაჩამ იქვე აღადგინა ორბურთიანი უპირატესობა, მაგრამ თურქებმა პერიოდის ბოლომდე ერთხელ კიდევ აჯობეს ქართველ მეკარეს ზურაბ ჭუმბურიძეს და მცირე შესვენებაზე 2:3-ით გავიდნენ.
მეორე პერიოდის ნახევარი მასპინძელთა კარნახით ჩათამაშდა და მათ დაწინაურებაც შეძლეს. ბოლო სამ წუთში კი რევაზ ჩომახიძემ და მარკო ელაჩამ ორჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე მარკო ელეზიმ საქართველო კვლავ წინ გაიყვანა – 6:5.
მესამე მეოთხედში მასპინძლებმა იძალეს, რაც მნიშვნელოვანწილად რიცხობრივი უპირატესობის დამსახურება იყო. რამდენიმეჯერ ქართველებსაც შეეძლოთ მეტოქის გაძევებით ესარგებლათ, მაგრამ შანსი ვერა და ვერ გამოიყენეს. შვიდწუთნახევარი ისე გავიდა, თურქ მეკარეს მხოლოდ ერთხელ მოუხდა კარიდან ბურთის გამოტანა, ელეზის დარტყმის შემდეგ. განსაკუთრებით დრამატული კი ბოლო ნახევარი წუთი გამოდგა – საქართველოს ნაკრები ერთი ქულით (7:8) აგებდა და შეეძლო დარჩენილი დრო მხოლოდ შეტევაში გაელია, მაგრამ ელაჩამ 13 წამით ადრე ესროლა, თან არაზუსტად და მასპინძლებს სწრაფი შეტევის შანსი დაუტოვა, რითაც ისარგებლეს კიდეც და ბოლო რვაწუთეულის წინ 9:7 დაწინაურდნენ.
თურქეთს მინიმუმ 4 ქულით წინ გასვლა სჭირდებოდა, მაგრამ დასკვნითი მეოთხედის 7 წუთი ქულა-ქულაში თამაშში გაილია. მარკო ელაჩამ კიდევ ორჯერ აიღო მასპინძელთა კარი და თითქოს მეტოქეს საბოლოო იმედიც გადაუწურა. მერვე წუთზე, უფრო ზუსტად კი თამაშისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე 40 წამით ადრე ანგარიში 12:9 გახდა. საქართველომ სხვაობის შემცირება ვეღარ შეძლო და მოწინააღმდეგეს ბოლო შეტევის უფლება დაუტოვა, მაგრამ საბედნიეროდ აღარ დასცალდათ.
ქართული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ევროპირველობაზე გასვლა წყალბურთელებთან ერთად აუზში იზეიმა.
საქართველოს ნაკრები: ზურაბ ჭუმბურიძე (მეკარე), გიორგი ხვედელიანი, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი (2 გოლი), გალაქტიონ ლაითაძე, მარკო ელაჩა (5), რევაზ ჩომახიძე (1), ზურაბ რურუა, ტატო გეგელაშვილი, მარკო ფრანიჩევიჩი, კონსტანტინე ნიკოლეიშვილი, ბექა კაპანაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ისელიძე
მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი
2014 წლის ევროპის პირველობა 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ტურნირის საგზურები ადრეულადვე ჰქონდათ დაბევებული მასპინძელ უნგრეთს და გასული ევროპის ჩემპიონატის მოწინავეებს – სერბეთს, ჩერნოგორიას, იტალიას, გერმანიას და საბერძნეთს.
პლეი ოფის მატჩების შემდეგ, საქართველოს გარდა, ფინალში უკვე გააღწიეს ესპანეთმა, ხორვატიამ და საფრანგეთმა. მიზანთან ძალიან ახლოს არიან რუმინეთი და რუსეთი, რომელთაც პლეი ოფის პირველი მატჩები, შესაბამისად, დიდ ბრიტანეთთან (18:7) და ჰოლანდიასთან (11:9) აქვთ მოგებული.