შარშან, შავიზღივსპირა თურქულ ქალაქ უნიეში (ორდუს რეგიონი), საზაფხულო ახალგაზრდულ ფესტივალზე, რომელიც სპორტულ ღონისძიებებსაც მოიცავდა, ქუთაისის მე-100 სასპორტო სკოლის კალათბურთელ გოგონათა გუნდი იყო მიწვეული. მაშინ ქუთაისელებს მართლაც რომ თბილი დახვედრა მოუწყვეს. რაც შეეხება თამაშებს, ჩვენმა გოგონებმა 2 მატჩი გამართეს უნიეს საკალათბურთო კლუბის წარმომადგენლებთან და ორჯერვე დამარცხდნენ - 59:69 და 60:68.
უნიეში ქუთაისელთა სტუმრობისას გადაწყდა, რომ თურქები საპასუხო ვიზიტით ჩამოვიდოდნენ. ასეც მოხდა. 1-3 მარტს უნიელი კალათბურთელი გოგონები ქუთაისს გახლდნენ. თურქულ დელეგაციას გულთბილი დახვედრა მოუწყვეს ქალაქის მერიაში. დელეგაციის წევრები საგანგებოდ დამზადებული მაისურებითა და სხვადასხვა სუვენირებით დასაჩუქრდნენ. თავის მხრივ, სტუმრებმა უნიეს მთავრობის გზავნილი ქუთაისის მერს უსახსოვრეს.
ქუთაისში ყოფნისას, უნიელებმა დაათვალიერეს სპორტული მუზეუმი, მოინახულეს ბაგრატის ტაძარი და ყუმისთავში ”პრომეთეს მღვიმე“.
რაც შეეხება სპორტულ მხარეს, ქუთაისელი და უნიელი კალათბურთელები 2-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი თამაში სპორტის სასახლის დარბაზში გაიმართა. მასპინძლები თითქოს იოლად ამარცხებდნენ მეტოქეს, მაგრამ ბოლოსკენ სტუმრებმა 3 ქულამდე დაიყვანეს ანგარიშში სხვაობა. ქუთაისელებმა 63:60 მოიგეს. მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი ნელი ჟორჟოლიანი იყო, რომელმაც 28 ქულა მიითვალა. სტუმართაგან კი საუკეთესო შედეგი, 13 ქულა, სიმგე გიულერს ჰქონდა.
გუშინწინდელზე დაძაბული გუშინდელი თამაში გამოდგა, რომელიც კომპლექსური სპორტსკოლის დარბაზში შედგა. ქუთაისელები მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდნენ. საფინალო სირენამმდე 17 წამით ადრეც, ანგარიში 75:74 იყო, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლები ზედიზედ დაჯარიმდნენ, უნიელებმა 4 -დან 2 საჯარიმო ზუსტად გამოიყენეს და საბოლოოდ, მატჩიც მოიგეს - 76:75. ქუთაისელთაგან ისევ ნელი ჟორჟოლიანმა იყოჩაღა - 33 ქულა, უნიელთაგან – გიუნი ნურგასლანმა (23 ქულა).
თურქულმა დელეგაციამ დიდი კმაყოფილება გამოთქვა ქუთაისში სტუმრობით. სპორტული კონტაქტები ქალაქებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.
იუზა კაციტაძე ქუთაისიდან
ავტორის ფოტოები