კვირას და ორშაბათს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის III ტურის მატჩები გაიმართება. მიმდინარე ევროთასების გამო, ამ ტურში გორის “დილასა” და თბილისის “დინამოს” მატჩები გადაიდო. მათი ჩატარების თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
III ტური
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე)
25 აგვისტო. მცხეთა. “მცხეთა პარკი”. 17:00
მსაჯები: ბ. ნინუა, ს. სპიცინი, დ. კვეტენაძე, გ. ვადაჭკორია (სათადარიგო)
გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში ძლივს დარჩენილმა “ვიტ ჯორჯიამ” ახალი ჩემპიონატი წარმატებით და ხალისიანად დაიწყო. ჯერ ლანჩხუთის “გურიას” მოუგო (3:0), შემდეგ კი “ზუგდიდთან” ფრედ ითამაშა (0:0), თუმცა მისი მთავარმეგოლე ელგუჯა ლობჯანიძეE ცოტა ზუსტი რომ ყოფილიყო, “ვეტერინარებს” განმუხურიდან, შესაძლოა, სამი ქულაც წამოეღოთ. მერე მათმა დამრიგებელმა ზურაბ ბერიძემ თქვა: მოტივაცია კარგი გვაქვს და მომდევნო ტურში, “ჩიხურას” წინააღმდეგ ყველაფერი უნდა ვიღონოთ წარმატებისთვისო.
“ჩიხურამ” ჩემპიონატი განმუხურში “ზუგდიდთან” მოგებით დაიწყო, თუმცა გასულ ტურში რუსთავის “მეტალურგს” ქუთაისში “უმასპინძლა” და 2:3 დამარცხდა. კვირას, სოსო ფრუიძის შეგირდები ლიდერს ხვდებიან და წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, პირველ ადგილზეც გადაინაცლონ. ასე რომ...
მერანი (მარტვილი) – ზუგდიდი
25 აგვისტო. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”. 17:00
მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. ფიფია, გ. ჩიგოგიძე, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)
მარტვილელები საკუთარი სტადიონის მოუწესრიგებლობის გამო, იძულებულნი არიან, მეთოქეებს სამტრედიაში უმასპინძლონ და ჯერჯერობით “ეროსი მანჯგალაძე” მათთვის იღბლიანი არენაა. პირველ ტურში ჭყონდიდელებმა აქ ცხინვალის “სპარტაკს” მოუგეს (2:1), შემდეგ საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალის პირველ მატჩში ნამდვილ მასპინძლებს – “სამტრედიას” სძლიეს (4:2) და II ტურში “გურიასთან” სტუმრად დამარცხების შემდეგ (0:1) გუნება ცოტა გამოიკეთეს.
ზუგდიდელებისთვის კი გასულ სეზონში დაწყებულული პრობლემები გრძელდება. “მსოფლიო სპორტი” ადრეც წერდა, რომ უფინანსობის გამო, გუნდი სეზონს მოუმზადებელი შეხვდა და შედეგიც სახეზეა. აგვისტოში სამი მატჩი გამართა, სამივე შინ და ჯერ არ გაუმარჯვია. ჯერ “ჩიხურასთან” წააგო (1:3), შემდეგ “ვიტ ჯორჯიას” დაუზავდა (0:0) და ბოლოს ქვეყნის თასის პირველ მეთექვსმედედფინალურ მატჩში ქვედალიგელ ხობის “კოლხეთს” ვერ მოუხერხა ვერაფერი (1:1). ზუგდიდელების დამრიგებლის, კობა წიტაიშვილს სიტყებიც გასაგებია: გუნდი სულ ორი კვირაა ჩავიბარეთ და ფეხბურთელები მოუმზადებლები არიაანო.
სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი)
25 აგვისტო. თბილისი. “მიხეილ მესხი” 17:00
დისკვალიფიცირებული: ლადო ახალაია (სიონი)
საჯები: დ. სანოძე, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, ა. კრიჭაშვილი, ა. ნონიკაშვილი, ლ. სილაგავა (სათადარიგო)
პირველ ტურში “დილასთან” დამარცხების შემდეგ (1:2), “სიონმა” მიჯრით 2 მატჩი მოიგო (ჩემპიონატში “სპარტაკთან” - 2:0, თასზე - სტუ-სთან 6:1) და ლანჩხუთელებს ამაღლებული განწყობით ხვდება.
რაც შეეხება “გურიას”, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ,,გურიას“ პრესსამსახური უფლებამოსილია საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობის მიზნით გაავრცელოს შემდეგი განცხადება:
წინა საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდის წევრებისა და ადმინისტრაციის მიმართ კლუბს გააჩნდა მიმდინარე წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანება 59 030 ლარის ოდენობით, გასასტუმრებელი იყო 62 თანამშრომელი, მათ შორის 25 ფეხბურთელი. აღნიშნული თანხის გაცემა უსახსრობის გამო ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეუძლებელი იყო. საფეხბურთო გუნდი 25–ე ჩემპიონატის დაწყების წინ დატოვა 14–მა ფახბურთელმა, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ დავალიანების დაუყონებლივ გასტუმრებას. იყვნენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც დავალიანების მიუხედავად გუნდი არ დაუტოვებიათ. კლუბის ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა სხვადასხვა ბანკებს კრედიტის თხოვნით, მაგრამ ბანკები უარს ამბობდნენ იმის გამო, რომ კლუბს კისერზე აწევს წინა ხელისუფლების დროს აღებული 400 000 ლარიანი კრედიტი. შექმნილი სიტუაცია ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საკუთარი ინტერპრეტაციით გააშუქა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბატონ ზაზა ურუშაძის ძალისხმევით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და ადგილიბრივი ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილი გაიზარდა 90 ათასი ლარით საფეხბურთო კლუბ ,,გურიას“ სუბსიდირებისთვის, რაც 16 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომამ საბიუჯეტო ცვლილებში ასახა.
გამოყოფილი თანხით მიმდინარე წლის 20–21 აგვისტოსთვის სრულად დაიფარა ყველა ტიპის დავალიანება და გაიცა პრემიალური თანხებიც, რასაც ითვალისწინებდა ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ შედგენილი ხელშეკრულების პირობები. მიზანშეწონილად მიგვაჩნია საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია რიგ საკითხებთან მიმართებაში:
კლუბის ძველი ხელმძღვანელობის ნებართვით ორ ფეხბურთელს, გიგა კვერენჩხილაძეს და მიხეილ კაკალაძეს წინასწარ ჰქონდათ აღებული სახელფასო თანხა და მათ მიმართ არც რაიმე დავალიანება არსებობდა.
სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში პრემიალურ თანხებთან ერთად (პლუს კუთვნილი პრემიები თითოეულისათვის 200 ლარი) მაისის თვის სახელფასო თანხები გაიცა :
ლაშა ჯანგიძე _2250 ლარი, ლევან ვართაგავა _2375 ლარი, დავით მაისაშვილი _2375 ლარი, სევასტი თოდუა _3625 ლარი, ალექსანდრე გოგიბერაშვილი _2375 ლარი, ლაშა ჩალაძე _2375 ლარი, გოდერძი მაჩაიძე _1750 ლარი, გიორგი ძაძამია –2250 ლარი, გიორგი სალარიძე _2250 ლარი, ჯემალ გოგიბერიძე –625 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყოფილ ფეხბურთელთაგან ადგილობრივი მხოლოდ ჯემალ გოგიბერიძეა.
აქვე მოგაწოდებთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებსაც დავალიანებისა თუ სხვა პრობლემების მიუხედავად გუნდიდან წასვლა არ უფიქრიათ და ახალი პირობებით აგრძელებენ მუშაობას:
ერეკლე კილაძე –2250 ლარი, ალეკო შენგელია –2000 ლარი, კობა შალამბერიძე –1500 ლარი, ვიტალი დარჩიძე –2250 ლარი, არნო ჩუენსუ –2625 ლარი და ადგილობრივი ფეხბურთელები: ტარიელ კუკულაძე –875 ლარი, ბექა წერეთელი –375 ლარი, გიგა ჭეიშვილი –375 ლარი, სანდრო ბახია –375 ლარი, მიხეილ გოგუაძე –500 ლარი.
რაც შეეხება კლუბის ძველ ადმინისტრაციას, ამ შემთხვევაშიც გასტუმრებულია კუთვნილი დავალიანება.
ყველა თანამშრომელს ხელფასთან ერთად მიეცა პრემია.
ამით საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთის ,,გურიამ“ ყველა დავალიანება გაისტუმრა”.
ახლა, საინტერესოა, როგორი შემართებით ითამაშებენ გურულები. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.
დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) – გადაიდო
ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) – გადაიდო
მეტალურგი (რუსთავი) – ზესტაფონი
26 აგვისტო. რუსთავი. “ფოლადი” 17:00
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, დ. ჩიგოგიძე, ი. კაკაბაძე, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)
“მეტალურგის” ხელმძღვანელებმა სეზონის წინ თქვეს: წლეულს სერიოზული მიზნებისთვის ვიბრძოლებთო და ვნახოთ, ჯერჯერობით რუსთაველები ცუდად არ გამოიყურებიან და ლიდერთა მარაქაშიც გაერივნენ. “ზესტაფონი” კი 2 ტურის შემდეგ უქულოთაა, თუმცა სერბმა სპეციალისტმა რატკო დოსტანიჩმა უმოკლეს ხანში საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჩამოაყალიბა და შედეგი მხოლოდ დროის ამბავი გვგონია. ასე რომ, “მეტალურგს” საკმაოდ რთული მატჩი ელის.
1. | ვიტ ჯორჯია | 2 | 1 | 1 | 0 | 3:0 | 4 | |
2. | მეტალურგი | 2 | 1 | 1 | 0 | 4:3 | 4 | |
3. | ტორპედო | 2 | 1 | 1 | 0 | 4:3 | 4 | |
4. | დინამო | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 | |
5. | დილა |
2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 | |
6. | ჩიხურა |
2 | 1 | 0 | 1 | 5:4 | 3 | |
7. | სიონი |
2 | 1 | 0 | 1 | 3:2 | 3 | |
8. | მერანი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:2 | 3 | |
9. | გურია | 2 | 1 | 0 | 1 | 1:3 | 3 | |
10. | ზუგდიდი | 2 | 0 | 1 | 1 | 1:3 | 1 | |
11. | ზესტაფონი | 2 | 0 | 0 | 2 | 3:5 | 0 | |
12. | სპარტაკი |
2 | 0 | 0 | 2 | 1:4 | 0 |
მეგოლეები:
3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”)
2 – ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), ლაშა თოთაძე (“სიონი”), ნიკა საბანაძე, თორნიკე კაპანაძე (ორივე - “ტორპედო”), დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა