საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებისთვის, ტუნისის დიდი პრიზის მეორე დღეც დილის პროგრამაშივე დასრულდა. 73 და 81 კილოგრამში მოჭიდავე ქართველებმა, ნახევარფინალს ვერ უწიეს და შესაბამისად, უმედლოდ დარჩნენ. შედარებით შედეგიანად, როგორც მოსალოდნელი იყო, ლევან წიკლაურმა (81 კგ) იჭიდავა. ევროპის გუნდური ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი, ტუნისურ შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო და კამერუნელ ლუის მესის 2 წუთსა და 17 წამში სძლია. მერვედფინალში, ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიეს, 2 იუკოს სანაცვლოდ, მომგებიანი ვაზარი აუღო, მეოთხედფინალში კი შოკირ მუმინოვთან წაიფორხილა. ამ უკანასკნელმა, წიკლაურს 2 ვაზარი შეუსრულა და საღამოს პროგრამაში ჭიდაობაც გაინაღდა.
ამავე წონაში, ხვიჩა ხუციშვილმაც მოირგო კიმონო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. წილისყრის წყალობით პირველ წრეში დასვენებული ქართველი, მერვედფინალში პორტუგალიელ დიოგო ლიმასთან იპონზე მაშინ დავარდა, როდესაც საფინალო სირენამდე და ოქროს დროის დანიშვნამდე 4 წამი რჩებოდა.
ერთადერთხელ გავიდა ტატამზე 73 კილოგრამში მოჭიდავე არსენ მაჭარაშვილიც. მან, მონღოლი პურევდორჟ განდბოლის შეტევებს მხოლოდ წუთნახევარი გაუძლო. ამ წონაში, ნუგზარ ტატალაშვილს, კვარცხლბეკისკენ მიმავალი გზა მერვედფინალში გადაეკეტა რუს მურატ კოძოკოვთან წაგებით. იქამდე კი, ქართველმა ძიუდოისტმა ბელგიელი ჟან ივ ბოტიე და ტუნისელი სეიფედინ ბენ ჰასენი ჩამოიშორა.
მამაკაცთა 73 და 81 და ქალთა 57, 63 და 70 კილოგრამი წონითი კატეგორიების ნახევარფინალები და ფინალები, თბილისის დროით რვის ნახევრიდან დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე







