შვეიცარიის ჩელენჯლიგაში მოასპარეზე ლიხტენშტაინის “ვადუცის” ბარიერის გავლის შემდეგ, საჩხერის “ჩიხურას” ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაპირისპირება შვეიცარიის “თუნთან” მოუწევს.
საფეხბურთო კლუბი “თუნი” ამავე სახელწოდების ქალაქში 1898 წელს დაფუძნდა. “თუნი” შვეიცარიის ნაციონალლიგაში, რომელიც 2008 წელს სუპერლიგად გადაკეთდა, 1946-1950, 1953-1954, 1955-1970, 2002-2008 წლებში თამაშობდა. 2008 წელს გუნდი სუპერლიგიდან ჩელენჯლიგაში დაქვეითდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ, შვეიცარიის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონს კვლავ დაუბრუნდა.
განვლილ სეზონში “თუნმა” სუპერლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა. გამომდინარე იქიდან, რომ უეფას რეიტინგსიაში შვეიცარია მაღალ ადგილს იკავებს, ხსნებული გუნდი გათამაშებაში მე-2 ეტაპიდან ჩაერთო. “თუნის” მთავარი მწვრთნელი ურს ფიშერია. გუნდი საშინაო მატჩებს “არენა თუნზე” ატარებს, რომლიც 10300 გულშემატკივარს იტევს.
ევროთასებზე “თუნს” დებიუტი 2003 წელს ჰქონდა, როდესაც ინტერტოტოს თასის გათამაშების პირველი ეტაპიდან ჩეხეთის “ბრნოსთან” გამოვარდა (2:3, 1:1). 2004 წელს, ამავე ტურნირის საწყისი ეტაპიდან შვეიცარიელებმა რუმინული “გლორია” გამოთიშეს (2:0, 0:0), შემდეგ გერმანულ “ვოლფსბურგს” აჯობეს (3:2, 4:1), ხოლო მე-3 ეტაპზე ორი მატჩის ჯამში “ჰამბურგთან” დამარცხდნენ (2:2, 1:3).
2005 წელს “თუნმა” შვეიცარიის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ხსენებულ გათამაშებაში “თუნმა”, რომელსაც მაშინ ურს შიონენბერგერი წვრთნიდა, სენსაცია მოახდინა. შვეიცარიელებმა ჯერ კიევის “დინამოს” ბარიერი გაიარეს (1:0, 2:2), შემდეგ შვედეთის “მალმიო” დაჯაბნეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ. სხვათა შორის, “თუნი” ხსენებული ტურნირის ისტორიაში ყველაზე დაბალბიუჯეტიანი გუნბდია, რომელსაც ჯგუფში უთამაშია. მაშინ “თუნის” ბიუჯეტი 2 მილიონი ევრო იყო.
ჯგუფში “თუნი” ლონდონის “არსენალს” (0:1, 1:2), ჩეხეთის “სპარტას” (1:0, 0:0) და ამსტერდამის “აიაქსს” დაუპირისპირდა (2:4, 0:2). საბოლოოდ, შვეიცარიელებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და უეფას თასის გათამაშებაში გადაინაცვლეს. “ჰამბურგთან”, 1/16-ფინალის პირველ მატჩამდე 3 დღით ადრე, კლუბის ხელმძღვანელობამ შიონენბერგი დაითხოვა და მის მაგივრად ჰაინც პეშლი დანიშნა. “თუნმა” შინ გერმანელებს 1:0 მოუგო, მაგრამ გასვლაზე 0:2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
2011-2012 წლების სეზონში, “თუნმა” ევროპის ლიგის მე-2 საკვალიგიკაციო ეტაპზე ალბანეთის “ვლაჟნიას” სძლია (2:1, 0:0), მე-3 ეტაპზე იტალიის “პალერმოს” დააყრევინა ფარ-ხმალი (1:1, 2:2) და ჯგუფში შესასვლელ პლეი ოფში ინგლისურ “სტოკ სიტისთან” წააგო (0:1, 1:4).
სხვათა შორის, “თუნში” თბილისის “დინამოს” ყოფილ თავდამსხმელ სანდრო იაშვილს უთამაშია. 2007-2008 წლების სეზონში მან შვეიცარიულ გუნდში 21 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი მიითვალა.
“ჩიხურა” პირველ მატჩს 18 ივლისს სტუმრად ჩაატარებს და მთავარი არბიტრი ივაილო სტოიანოვი იქნება. საპასუხო შეხვედრა 25 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება.
“თუნის” ამჟამინდელი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიიომ ფევრი, დავიდ მოზერი, ფრანჩესკო რუბერტო;
მცველები: კევინ ბიგლერი, დავიდ ფრაი, ბენიამინ ლიუტი, თომას რაინმანი, ლუკას შენკელი, ნიკოლას შინდელჰოლცი, ენრიკო სკირინცი (იტალია), ფულვიო სულმონი;
ნახევარმცველები: როლანდ ბატიგი, ნელსონ ფერეირა (პორტუგალია), დენის ჰედიგერი, მილოშ კრსტიჩი (სერბეთი), მატიე სალამანი (საფრანგეთი), სეკუ სანოგო (კოტ დივუარი), მიხაელ ზიგფრიდი, ანდრეას ვიტვერი, ლუკა ძუფი;
თავდამსხმელები: კასიო (ბრაზილია), ხოსეფ მარტინესი (ვენესუელა), ბერატ სადიკი (ფინეთი), მარკო შნოივლი.