რაგბი

18:17 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტულუზა” და “კასტრი” ნახევარფინალში არიან

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის ნახევარფინალში გასულ ოთხივე გუნდში ქართველი ლეგიონერები თამაშობენ და შესაბამისად, მთავარ ჯილდოს წლეულს ჩვენებური აუცილებლად შემართავს.

პლეი ოფში გასული ექვსეულიდან, მხოლოდ ერთი იყო ისეთი, რომელშიც ქართველი ლეგიონერი არ თამაშობდა. “რასინგ მეტრო” რეგულარულ გათამაშებაში მე-6 ადგილს დასჯერდა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზასთან” მოუწია სტუმრობამ. საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა კატალონიელებს ტოლი არ დაუდო, 30 ათასი მაყურებლის გასახარად 33:19 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

ქართველ ლეგიონერთაგან სასტარტო შემადგენლობაში კაკოვინი იყო, რომელიც ღია თამაშში ძალიან კარგად ირჯებოდა, შეტევაში აქტიურობდა და რაქში ორ-სამ მეტოქეს ითრევდა, რითაც თანაგუნდელებს უპირატესობას უქმნიდა. ის მწვრთნელმა 45-ე წუთზე შეცვალა.

ბრეგვაძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო.

მატჩის პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. მასპინძელთა ჯარიმას სტუმრებმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს და წინ გაიჭრნენ, მაგრამ მე-18 წუთზე ლელო მიიღეს, ხოლო კიდევ ათ წუთში ჯარიმით ანგარიში 11:6 გახდა.

“რასინგ მეტრომ” ლელოთი წონასწორობა 35-ე წუთზე აღადგინა, მაგრამ გარდასახვა ვერც მან გამოიყენა და ზედ შესვენების წინ “ტულუზა” ჯარიმით დაწინაურდა.

მეორე ნახევრის დებიუტი მასპინძლებისა იყო და მათ ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდეს. “რასინგმა” ლელოთი ჩამორჩენა 55-ე წუთზე შეამცირა, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მაგრამ დარჩენილ დროში ქულები მხოლოდ “ტულუზამ” აგროვა, ორი ჯარიმა გაიტანა და 33:19 იმარჯვა.

“ტულუზა” ნახევარფინალში დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” სტუმრად 24 მაისს ეთამაშება.

პლეი ოფის მეორე მატჩში ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის “მონპელიეს” დაუხვდა. ფეიქრიშვილი და ჟღენტი განაცხადში არ იყვნენ. გორგოძემ შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა, ოღონდ სინბინით დაისაჯა და მოედანზე ჯამში 70 წუთი გაატარა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს პირველხაზელი ნარიაშვილი.

გორგოძე ზედმეტად აგრესიულად ირჯებოდა, რამდენჯერმე დაჯარიმდა და ამის გამო რეფერიმ 37-ე წუთზე სინბინით დასაჯა. ეს 10 წუთი გადამწყვეტი აღმოჩნდა, მანამდე თანაბარ თამაშში, კაცნაკლულ მეტოქესთან მასპინძლებმა 10 ქულა აიღეს და ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს.

საწყის 35 წუთში გუნდებმა სამ-სამი ზუსტი დარტყმა გაცვალეს, აქედან პირველ ორ შემთხვევაში “მონპელიე” დაწინაურდა, ერთხელ კი, “კასტრი”, რომელმაც ერთი არეკნი და ორი ჯარიმა გაიტანა. გორგოძე რომ გაასინბინეს, მასპინძლებმა ჯარიმით უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმი 12:9 მოიგეს. “კასტრი” ძალიან კარგად თამაშობდა ფეხით, ტაქტიკური დარტყმებით სტუმრებს უმეტესად თავის ნახევარზე ღრმად აბრუნებდა და პრინციპში ამ ტაქტიკამ გაამართლა.

დაიწყო მეორე ტაიმი და სანამ მამუკა მოედანზე დაბრუნდებოდა, “კასტრმა” ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა, ხოლო 52-ე წუთზე ჯარიმით 22:9 დაწინაურდა. “მონპელიემ” ჯარიმით 3 ქულა 58-ე წუთზე გაქვითა, მაგრამ მალევე ჯარიმა თავადაც გაუშვა. ამან სტუმრები აიძულა, რომ ლელოზე ეთამაშა, მაგრამ მიზანი მიუღწეველი დარჩა და “კასტრმაც” 25:12 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, გორგოძემ წაქცეულ მეტოქეს, რომელიც მის ფეხს ხელს არ უშვებდა, გათავისუფლების შემდეგ ეს ფეხი სახეში ჩაარტყა და წითელ ბარათს იმსახურებდა. რეფერიმ მომენტი უყურადღებოდ დატოვა, მაგრამ რა განაჩენს გამოუტანს სადისციპლინო კომისია ქართველ ლეგიონერს, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

“კასტრი” ნახევარფინალში დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონს” 25 მაისს სტუმრად ეთამაშება. Top 14-ის ნახევარფინალებამდე, 18 მაისს ქართველთა გუნდები - “კლერმონი” და “ტულონი”, ერთმანეთს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - “ჰაინეკენის თასის” ფინალში დაუპირისპირდებიან.

 

0.117365