თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი “არმია” და თსსუ დაუპირისპირდნენ. გამარჯვება 100:70 “არმიამ” მოიპოვა.
არმიელთაგან ყველაზე მეტი 17 ქულა ჯერემი რიჩარდსონმა დააგროვა, “მედიკოსთაგან” კი 18 ქულით კოკა ტომარაძე გამოირჩა. რაც შეეხება აკაკი დვალიშვილის, თსსუ-ს მეფარე, 14 ქულითა და 12 მოხსნით, ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
კოტე ტუღუში (“არმიას” მთავარი მწვრთნელი): “პლეი ოფში განსხვავებული თამაშებია, რადგან ყველა ძლიერი გუნდია და არ აქვს მნიშვნელობა, ვის შევხვდებით. აქვე გეტყვით, რომ გიორგი შარაბიძეს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და შემდეგ შეხვედრაშიც ვერ დაგვეხმარება”.
კახა შენგელია (თსსუ-ს მთავარი მწვრთნელი): “ჩვენთვის ასეთ გუნდთან თამაში დიდი პატივია. აღსანიშნავია, რომ ბევრი კარგი მომენტი გვქონდა და 70 ქულის მოგროვებაც სასიხარულოა, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მომავალ ჩემპიონთან დავმარცხდით. აქვე აღვნიშნავ, რომ ფილიპ სამოილოვიჩს ოთხთავა კუნთი აქვს გაწყვეტილი და სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს”.
ბუბა კვიმსაძე (“არმია”): “ჩემპიონატის მსვლელობისას გვსურდა, რომ შეცდომები მინიმუმამდე დაგვეყვანა და ვფიქრობ, გამოგვივიდა. მეტოქემ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია და ალბათ მაყურებელმაც ისიამოვნა”.
გიორგი პირველაშვილი (თსსუ): “რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ წინ კიდევ ბევრი თამაში გველის და ყველა შეხვედრას ღირსეულად ჩავატარებთ. მინიმუმ ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ.”
ამჟამად მიმდინარეობს შეხვედრა “შსს აკადემიასა” და “სოხუმს” შორის.
რუსუდან ჭუმბურიძე







