ჩოგბურთი

15:07 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტროიცკი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

 ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) სერბი ვიქტორ ტროიცკის 18 თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ბალკანელს ბრალი საჩოგბურთო ანტიდოპინგური პროგრამის (სტატია 2.3 – “სათანადო მიზეზის არქონის შემთხვევაში ანალიზის ჩაბარებაზე უარის განცხადება”) დარღვევაში დასდეს და კორტზე გასვლასაც წლინახევარი ვეღარ შეძლებს.

2013 წლის 15 აპრილს ტროიცკის შეატყობინეს, რომ მონტე კარლო “მასტერზ1000”-ის ტურნირის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მას დოპინგ-ანალიზი უნდა გაევლო. ვიქტორმა საანალიზოდ შარდი ჩააბარა, თუმცა, სისხლის აღება იუარა. ტროიცკიმ დამოუკიდებელ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. სერბის მტკიცებით, მას ანტისადოპინგო სამსახურის წარმომადგენელს მიმართა, რომ შეუძლოდ იყო და სისხლის ანალიზისგან თავის არიდება სთხოვა. თავდაპირველად ტროიცკის სისხლის ჩაბარებისგან თავის შეკავების უფლება მისცეს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ არავის ჰქონდა უფლება ჩოგბურთელისთვის სადოპინგო ტესტის გავლის დროს რაიმე სახის შეღავათი მიეცა და მომხდარში ბრალი ტროიცკის დაეკისრა.

“კარიერის განმავლობაში ყველაზე მძიმე მომენტი დამიდგა. უდანაშაულო ვარ. არათუ, არასდროს მიმიღია აკრძალული პრეპარატები, მათი გამოყენებაც კი არ გამიფიქრია. მეტად უსიამოვნო მდგომარებაში ჩავვარდი”, - ამგვარია ტროიცკის პირველი რეაქცია მას შემდეგ, რაც მან საკუთარი დისკვალიფიკაციის თაობაზე შეიტყო.

ვიქტორ ტროიცკის საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 179 მატჩი აქვს მოგებული (159 მარცხის წილ) და ATP-ის ერთი ტურნირის გამარჯვებულიცაა.

0.124779