ძიუდო

21:15 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოთის რევანში და მეორე ქართული ბრინჯაო

ძიუდოისტთა მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ამირან პაპინაშვილის (60 კგ) ბრინჯაოსა და ავთანდილ ჭრიკიშვილის (81 კგ) ოქროს დღეს ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) ბრინჯაო მიამატა.

90 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ქართველი ლიდერი ჩელიაბინსკში მიმდინარე სეზონის უმთავრეს ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და საქმეში მეორე წრიდან ესტონელ ალექსანდრ მარმელიუკთან შეხვედრით ჩაერთო, რომელიც 53 წამში, სუფთა გდებით მოიგო. ლიტველი კაროლის ბაუზა მესამე წუთზე შებოჭა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უნგრელ კრისტიან ტოთს დაეჭიდა. ამ ძიუდოისტს ლიპარტელიანი ოთხი თვის წინ, საფრანგეთში გამართული ევროპირველობის ნახევარფინალშიც შეხვდა და საკმაოდ ადვილად – ვაზარით აჯობა. ამჯერად კი ილეთი ვერ შეუსრულა და ერთი გაფრთხილებით დამარცხდა.

რეპეშაჟში გადართულმა ვარლამ ლიპარტელიანმა ორი ეფექტური გამარჯვება მოიპოვა. ჯერ უკრაინელი ქუაჯოუ ნჰაბალი დააგდო ვაზარზე და შებოჭა, რეპეშაჟის ფინალში კი უზბეკი შერალი ჟურაევი წუთსა და 42 წამში დაანარცხა ბეჭებით ტატამს.

ამავე წონაში დღეს საქართველოს დროშის ქვეშ ნაკრების დებიუტანტმა ბექა ღვინიაშვილმაც იჭიდავა, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში იპონით წააგო რუსეთის ნაკრების წევრ კირილ ვოპროსოვთან. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ, ლიპარტელიანის დარად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე კი ილიას ილიადისი, საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური ავიდა. მსოფლიოს აწ უკვე 3-გზის, ევროპის 2-გზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩელიაბინსკურ ფინალში კრისტიან ტოთს სუფთა გდებით მოუგო.

დღესვე მედლები 70 და 78 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ქალებმაც გაითამაშეს. საქართველოს დროშის ქვეშ ესტერ სტამმა იჭიდავა, მაგრამ პირველსავე მეტოქესთან – ავსტრიელ ბერნადეტ გრაფთან ოქროს დროში, ვაზარით დამარცხდა.

ხვალ ინდივიდუალურ პირველობას 100 და +100 კილოგრამში მოჭიდავე მამაკაცები და მძიმეწონოსანი (+78 კგ) ქალები დაასრულებენ. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან კი კიმონოებს ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი მოირგებენ.

 

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ჩელიაბინსკი

29 აგვისტო

 

მამაკაცები

90 კგ

1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)

2 კრისტიან ტოთი (უნგრეთი)

3 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

3 კირილ ვოპროსოვი (რუსეთი)

 

ქალები

70 კგ

1 იური ალვეარი (კოლუმბია)

2 კარენ ნუნ ირა (იაპონია)

3 ონიქს კორტეს ალდამა (კუბა)

3 კატარინა კლისი (პოლონეთი)

 

78 კგ

1 მაირა აგიარი (ბრაზილია)

2 ოდრი ჩომეო (საფრანგეთი)

3 კაილა ჰარისონი (აშშ)

3 ანამარი ველენსეკი (სლოვენია)

0.114679