საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვერთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა მოსკოვის “დიდ პრიზზე” წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. ტურნირი 3-4 ივლისს გაიმართება და მასზე უძლიერესი შემადგენლობა მოიყრის თავს. ერთი იმიტომ, რომ ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებიდან “დიდი სლემი” ერთ-ერთი გამორჩეულია და მეორე – 9-13 სექტემბერს იაპონიაში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბევრი ნაკრები დასკვნით შეჯიბრად სწორედ რუსულ ტურნირს გამოიყენებს.
ქართულ გეგმაშიც, სწორედ მოსკოვის “დიდი სლემი” განიხილება მსოფლიო პირველობის სტარტად და ტოტიკაშვილმაც, სავარაუდოდ იმ შემადგენლობას უხმო, ტოკიოში რომ უნდა დააყენოს. ნაკრების თავკაცმა რუსეთის სტუმართათვის დაწესებული ქვოტა – წონაში 2 სპორტსმენი, მაქსიმალურად გამოიყენა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით ასუმბანი და ამირან პაპინაშვილი იჭიდავებენ, 66-ში - შალვა ქარდავა და პაატა მერებაშვილი, 73-ში – ზაზა კედელაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი, 81-ში – ლევან წიკლაური და დავით ქევხიშვილი, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი და მინდია ბოდაველი, 100-ში – ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო მძიმე წონაში – ლაშა გუჯეჯიანი და ადამ ოქრუაშვილი.
“მოსკოვურ ტურნირს საუკეთესო ფორმით ვერ ვხვდებით, მაგრამ შედეგიანობა ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ახლახან შევუდექით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გეგმაზომიერ სამზადისს და ბიჭებმა ოპტიმალურ ფორმას სასექტემბროდ უნდა მიაღწიონ. რაც შეეხება იაპონიაში დასაყენებელ შემადგენლობას, ჯერ ვერ გეტყვით, ზუსტად ამ გუნდით გამოვალთ თუ არა. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ნაკრების კანდიდატები ბაკურიანის, ბორჯომისა და თბილისის შეკრებებს გაივლიან და საბოლოო გადაწყვეტილებას დასკვნით შეკრებაზე მივიღებთ. არჩევანს იმ ძიუდოისტებზე შევაჩერებთ, რომლებიც აღნიშნულ მომენტში კონკურენტებზე უკეთ იქნებიან მომზადებულები” – უთხრა ამირან ტოტიკაშვილმა “მსოფლიო სპორტს”.
ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ზაზა კედელაშვილსა და დავით ქევხიშვილზეც ვკითხეთ. პირველს თვალის ტკივილის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა, მეორე კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრების შემადგენლობაში ახლახან, რიო დე ჟანეიროს “დიდ სლემზე” გამოჩნდა.
“კედელაშვილი უკვე კარგადაა. რამდენიმე დღის წინ განაახლა სრული დატვირთვით ვარჯიში და იმედია, სექტემბრამდე სასურველი ფორმის აღდგენასაც მოასწრებს. რაც შეეხება ქევხიშვილს, იყო საუბარი, რომ ისევ 73 კილოგრამში უნდა ეჭიდავა, მაგრამ ეს ბოლოდროინდელი ტრავმიანობის გამო ვერ შეძლო. ყველამ იცის, რომ დათო კანადაში სწავლობს. მოსკოვში იგი სწორედ კანადიდან ჩამოვა და ტურნირის შემდეგ ისევ უკან გაბრუნდება. თუმცა 16 ივლისიდან ალბათ უკვე ნაკრებთან ერთად იქნება და მოსამზადებელ შეკრებებშიც მიიღებს მონაწილეობას. სხვა შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი ჭიდაობა გამოირიცხება” – დასძინა ტოტიკაშვილმა.
ოთარ მაღლაკელიძე







