ძიუდოს ფედერაციაში დასრულდა აღმასკომის საგანგებო სხდომა. სხდომის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა. მინისტრის განცხადებით, აღმასკომზე უმთავრეს საკითხად განიხილეს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ამირან ტოტიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. ტოტიკაშვილმა თავად წარადგინა სხდომაზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება, რომელსაც აღასკომის ყველა წევრმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ასევე გათავისუფლებულია ტოტიკაშვილის სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი. რაც შეეხება ყველაზე საინტერესო საკითხს - გაიზიარებს თუ არა პასუხისმგებლობას ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა და კონკრეტულად მისი პრეზიდენტი დილარ ხაბულიანი, ამის შესახებ, მინისტრმა განაცხადა, რომ ის ფედერაციის პრეზიდენტის ნაცვლად საუბარს არ აპირეს და ხაბულიანი თავის პოზიციას სავარაუდოდ ორშაბათს გაახმოვანებს. მომავალ კვირაშივე დაინიშნება ძიუდოს ფედერაციის კიდევ ერთი საგანგებო სხდომა, სადაც იმსჯელებენ ამირან ტოტიკაშვილისა და მისი შემცვლელების საკითხზე. სავარაუდო კანდიტატები ჯერ არ სახელდება, მაგრამ უკვე მომავალ აღმასკომზე აუცილებლად იქნება გარკვეული კანდიტატების სავარაუდო ვინაობაც და დილარ ხაბულიანის განცხადების შინაარსიც.
რაც შეეხება ტოტიკაშვილის ბრალდებებს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის მიმართ, თავად გია ნაცვლიშვილმა მხოლოდ გაოცება გამოთქვა ამაზე საუბრისას და აღნიშნა, რომ პირველად ესმის ასეთი რამ. მისი განცხადებით, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ იგი, როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ექიმის საშუალებით ელაპარაკებოდეს ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს.
კომენტარი გააკეთა პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტის თავჯდომარემ გიორგი ასანიძემაც, რომელმაც მოიწონა ამირან ტოტიკაშვილის საქციელი, რომ ის საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან და განაცხადა, რომ მომავალ აღმასკომზე, სპორტის კომიტეტის სახელით, ისიც აუცილებლად წარადგენს თავის რეკომენდაციებს.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა და ამჟამად ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრმა შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტოტიკაშვილმა თანამდებობიდან წასვლით სწორი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ძიუდოში არსებული დაძაბული სიტუაცია და მუდმივი არეულობა არ დალაგდება მანამ, სანამ ფედერაციის ხელმძღვანელობა, კონკრეტულად დილარ ხაბულიანი არ გაიზიარებს ამ პასუხისმგებლობასო.
როგორც უკვე გაცნობეთ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დილარ ხაბულიანი აღმასრულებელი კომიტეტის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.
ეკა ელოშვილი







