ძიუდო

10:49 | 6.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტოტიკაშვილი ბოლო-ორს ბორჯომში იტყვის

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, 9-13 სექტემბერს ტოკიოში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ბოლოსწინა შეკრებას იწყებს. 6 აგვისტოს, გაფართოვებული შემადგენლობა ბორჯომში გაემგზავრება. 10-ში კი, მთავარი მწვრთნელი ამირან ტოტიკაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი გუნდის სრულ სიას დაასახელებს. 15-კაციანი განაცხადის 13 წევრის ვინაობა ტოტიკაშვილმა “სპორტულ ამბებს” ორი კვირის წინ გაუმხილა. გასარკვევი მხოლოდ 66 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში დასაყენებელი მეორე ნომრებიღა რჩება. 26-31 ივლისს, ქართველმა ძიუდოისტებმა ბელარუსში, ერთობლივ სანაკრებო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა და ნაკრების თავკაცთან ინტერვიუ ამით დავიწყეთ.
ამირან ტოტიკაშვილი: “სტაიკების ცნობილ ბაზაზე 17 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. მათ შორის იაპონიის, უკრაინის, ბელარუსისა და აზერბაიჯანის პირველი შემადგენლობები. ერთობლივ ვარჯიშებში მონაწილეობა ბიჭებისთვის ძალიან სასარგებლო იყო”.
- რამდენი სპორტსმენით ჩახვედით ბელარუსში?
- ცხრამეტი ძიუდოისტით. ამათგან სამი: შალვა ქარდავა, იოსებ წელაური და ხვიჩა ხუციშვილი თბილისის ძიუდოს ფედერაციამ დააფინანსა, ხოლო ბეთქილ ნავერიანი საკუთარი ხარჯით გამოჰყვა გუნდს.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელ შემადგენლობას, ამ ცხრამეტი ძიუდოისტიდან შეარჩევთ?
- აუცილებლად. წინასწარი გეგმის თანახმად, საბოლოო შემადგენლობა ჯერ კიდევ სტაიკებში გამგზავრებამდე უნდა გამომეცხადებინა, მაგრამ გადავწყვიტე, შიდა კონკურენციას ერთობლივ წვრთნებშიც დავკვირვებოდი.
- და რა გადაწყვიტეთ?
- ამას 10 აგვისტოს, ბორჯომიდან გეტყვით.
- დარჩენილ ორ ადგილზე, არჩევანს რომელ ძიუდოისტებს შორის გააკეთებთ?
- 66 კილოგრამში, მინდია ხომიზურმა უკვე გაინაღდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობა. მას შალვა ქარდავასა და პაატა მერებაშვილს შორის საუკეთესო შეუწყვილდება. 81-ში კი, ლევან წიკლაურთან ერთად, გიორგი შინჯიკაშვილი, იოსებ წელაური, ან ხვიჩა ხუციშვილი იჭიდავებს. ტოკიოში სრული გუნდით ჩავალთ.
- როდის გეგმავთ გამგზავრებას?
- 2 სექტემბერს უკვე იაპონიაში ვიქნებით, რათა გუნდმა აკლიმატიზაციის გავლა მოასწროს.
სანამ სრული ქართული განაცხადი დასახელდება, იმ 13 ძიუდოისტს შეგახსენებთ, ადრიანადვე რომ გაინაღდეს სეზონის უმთავრეს შეჯიბრში მონაწილეობა.
60 კგ – დავით ასუმბანი და ამირან პაპინაშვილი
66 კგ – მინდია ხომიზური
73 კგ – ზაზა კედელაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი
81 კგ – ლევან წიკლაური
90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი და მინდია ბოდაველი
100 კგ – ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი
+100 კგ – ლაშა გუჯეჯიანი და ადამ ოქრუაშვილი
აბსოლუტური – ალექსანდრე მსხალაძე

ოთარ მაღლაკელიძე


 



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167829