ქუთაისის “ტორპედომ” ცხინვალის “სპარტაკის” 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. რევაზ ძოძუაშვილის გუნდმა პირველ ტაიმში მარცხის შემდეგ, უპირატესობა მოიპოვა, მეტოქეზე მწვავედ თამაშობდა და რამდენიმე მომენტიდან ორი გამოიყენა.
პირველივე წუთზე, ირაკლი ლექვთაძეს ჰქონდა შანსი, საშუალო მანძილიდან ურტყამდა და მასპინძელთა მეკარე გიორგი ნადირაძემ მოიგერია ბურთი. მალევე, “სპარტაკის” ფორვარდმა ირაკლი ეხვაიამ ახლო მანძილიდან ააცილა, არადა, ხელს არავინ უშლიდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ, თამაში შედარებით დამშვიდდა და გუნდები მეტწილად ცენტრში ორთაბრძოლებით იყვნენ დაკავებულნი. გოლამდე, გამოსარჩევი მხოლოდ ზვიად მეტრეველის ოდნავ აცილებული თავური იყო.
პირველ გოლს რაც შეეხება, 38-ე წუთზე მშვენიერი კომბინაციისა და დარტყმის შემდეგ გავიდა: გივი იოსელიანმა მარცხნიდან ჩააწოდა, მეტრეველმა საჯარიმოს მისადგომებთან დაუგორა თემურ შონიას და “სპარტაკის” კაპიტანმაც უძლიერესი დარტყმით შანსი არ დაუტოვა როინ კვასხვაძეს – 1:0.
კახა კაჭარავას გუნდს მალევე მეორე ბურთის გატანა შეეძლო, მაგრამ შონიამ რატომღაც თავად არ დაარტყა, მეტრეველს გაუკეთა პასი და ოდნავ ძლიერი გამოუვიდა – მეკარეც გამოვიდა კარიდან და არ დაარტყმევინა. მთლიანობაში “სპარტაკი” მცირე უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმის შედეგი ლოგიკური იყო.
მეორე ნახევარში კი სხვა “ტორპედო” ვიხილეთ. ტრავმამოშუშებული ბექა ტუღუში შევიდა შეცვლაზე და ძალიან კარგად ითამაშა – მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი წონა აშკარად ეტყობოდა, ტუღუში (თენგიზ ჩიკვილაძესთან ერთად) საუკეთესო იყო. 56-ე წუთზე სწორედ მათი მონაწილეობით გავიდა საპასუხო გოლი: ტუღუშის პასი, ჩიკვილაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და შორეულ კუთხეში დაბალი დარტყმით გაათანაბრა – 1:1. “სპარტაკის” ფეხბურთელები მსაჯებს ედავებოდნენ, ჩიკვილაძეს დარტყმამდე ბურთი ხელზე მოხვდაო.
ამ გოლმა “ტორპედო” გაამხნევა, “სპარტაკის” ნახევარდაცვა და დაცვა კი თითქოს აირია. ლატვიელმა სავჩენკოვსმა თავურით ააცილა კარს, ტუღუშს მეკარემ აუღო, ჩიკვილაძის დარტყმული საჯარიმოს შემდეგ ისევ ნადირაძემ მოიგერია ბურთი.
83-ე წუთზე მსაჯს “სპარტაკის” კარში პენალტის დანიშვნა შეეძლო: შეცვლაზე შესული ტორპედოელი დავით ხურციძისა და ლევან კაკუბავას ორთაბრძოლის დროს. ერთ წუთში კი ისევ ხურციძე აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, რადგან გამარჯვების გოლი გაიტანა – ტუღუშმა მარცხნივ ჩიკვილაძეს გააყოლა ბურთი, თენგიზმა დაბალი პასით მოძებნა ხურციძე, რომელმაც ვარდნაში გადაგზავნა ბურთი კარში.
შეხსენებისთვის, ხურციძე 20 წლის გახლავთ და მოსკოვის ცსკა-ს ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. ძოძუაშვილმა შეცვლები გამოიცნო.
26.04. 16:00. თბილისი. “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი. 200 მაყურებელი
სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:0)
სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე (კონსტანტინე ხიზანეიშვილი 18), მგელაძე, იოსელიანი, ცერცვაძე, შონია (მაქაცარია 89), პარუნაშვილი, თუხარელი, მეტრეველი, ეხვაია (გაბაშვილი 87)
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ტორპედო: კვასხვაძე, ხარაბაძე, ადამაძე, თოდუა, ჩადუნელი (სავჩენკოვსი 56), მამასახლისი, ჩიკვილაძე, ზურაბ გელაშვილი, ლექვთაძე (ტუღუში 46), მარკოზაშვილი, კვერნაძე (ხურციძე 67)
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
გოლები: 1:0 შონია (38), 1:1 ჩიკვილაძე (56), 1:2 ხურციძე (84)
გაფრთხილება: მარკოზაშვილი (33), მეტრეველი (37)
მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე
ზუგდიდი – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:3 (1:2)
გოლები: 0:1 მაისურაძე (26), 1:1 მირცხულავა (30), 1:2 ჯავაშვილი (38 საკუთარ კარში), 1:3 კორიფაძე (81), 2:3 კირკიტაძე (89, პენალტით)
| 1 | ვიტ ჯორჯია | 28 | 11 | 6 | 11 | 36:37 | 39 |
| 2 | ტორპედო | 28 | 11 | 6 | 11 | 33:39 | 39 |
| 3 | დილა | 27 | 9 | 8 | 10 | 36:31 | 35 |
| 4 | სპარტაკი | 28 | 9 | 4 | 15 | 28:36 | 31 |
| 5 | ზუგდიდი | 28 | 7 | 6 | 15 | 20:39 | 27 |
| 6 | მერანი | 27 | 6 | 4 | 17 | 21:49 | 22 |







