ქუთაისის “ტორპედოს” სათანამშრომლოდ ესპანელი სპეციალისტი ფერნანდო გასპარი ეწვია, რომელსაც წლების მანძილზე ესპანურ კლუბებში: “რეალში”, “მალაგაში”, “რასინგში”, “ვალიადოლიდში”, “რაიო ვალეკანოსა“ და პორტუგალიურ “ბენფიკაში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია.
ასევე, ჩინეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც იყო. ამჟამად კი, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელ-ინსტრუქტორი გახლავთ. იგი ერთ-ერთ უძლიერეს ფიზმომზადების სპეციალისტად ითვლება ევროპაში.
ესპანელი სტუმარი ხუთშაბათს უკვე დაესწრო “ტორპედოს” ვარჯიშს და პარასკევს, კვლავ ადევნებს თვალს მისი თანამემამულე ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით გამართულ საწვრთნელ პროცესს. გასპარი ზეგ “ქართულ კლასიკოზე” დასწრების შემდეგ საქართველოდან გაემგზავრება.
საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ვებგვერდთან მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
“საქართველოში ჩამოსვლით მოხარული ვარ. თქვენი ქვეყანა ძალიან ლამაზია. “ტორპედოს” ვარჯიშს დავესწარი. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, რადგან ამის საშუალება მომცა და ამაყი ვარ, რომ ამ გუნდს ესპანელი მწვრთნელები თავკაცობენ. ნიჭიერი ბიჭები გყავთ და ასეთი კურსით აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგებს. შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაქვთ და როგორც ამ თამაშში, ასევე ზოგადად ყველა ტურნირზე წარმატებებს გისურვებთ. აქ მოპატიჟება იმდენად გამეხარდა, რომ ესპანურ “კლასიკოს” ქართული ვამჯობინე და იმედია, ამ შეხვედრაში “ტორპედოსგან” გაწბილებული არ დავრჩები“.