ფეხბურთი

22:52 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” სტუმრად ზედიზედ მეორედ მოიგო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის მეტოქეებს საერთო ის ჰქონდათ, რომ წინა, მე-3 ტურის შეხვედრაში ორივემ დაისვენა. ცხინვალის „სპარტაკს“ თბილისის „დინამოსთან“, ხოლო ქუთაისის „ტორპედოს“ გორის „დილასთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ რადგან იმ დროისათვის ჩვენს მოქმედ ჩემპიონსა და ვიცეჩემპიონს, ევროპის ლიგაზე პლეი ოფის საპასუხო მატჩები ჰქონდათ ჩასატარებელი, ცხინვალელებსა და ქუთათურებს კალენდარული მატჩების გადადება მოუწიათ. ერთი სიტყვით, ორივე გუნდს სხვებზე მეტი დრო ჰქონდათ სათანადოდ მოსამზადებლად, მაგრამ, საბოლოო შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს დრო „ტორპედომ“ უკეთ გამოიყენა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონის პირველი 2 ტურის შემდეგ, „სპარტაკმა“ ამჯერად საგრძნობლად უკეთ ითამაშა, მაგრამ, მაინც დამარცხდა. „ტორპედომ“ კი სასტარტო ტურში შინ „მეტალურგთან“ ფრისა და „ზესტაფონის“ გასვლაზე ძლევის შემდეგ, სტუმრად ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ორივე დანაკლისით შეხვდა ამ შეხვედრას. მასპინძლებს ტრავმირებული თორნიკე თუხარელი აკლდათ, სტუმრებს კი დისკვალიფიცირებული ნიკა ფირცხალავა. მეტოქეებს თავიდანვე შეეტყოთ, რომ ორივე მოგებისთვის იბრძოლებდა და ქულაზე არცერთი ყაბულს არ იყო. პირველად მოწინააღმდეგის კარისკენ მასპინძლებმა გაისროლეს, მაგრამ 21 წუთზე „სპარტაკის“ კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ ხელსაყრელი მომენტიდან ბურთი კარს გადააცილა. შემდეგ სტუმართა ჯერი დადგა, მაგრამ, კუხიანიძის დარტყმისას ცხინვალელთა მეკარე გიორგი ნადირაძემ იმარჯვა. ამის მერე ზვიად მეტრეველს მიეცა შანსი, მაგრამ კვლავ უშედეგოდ და პირველი ნახევარიც უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ მოედანზე უკეთესი სანახაობა გაჩაღდა. გარდამავალი უპირატესობის ფონზე ხან ერთ კართან იქმნებოდა ხიფათი და ხანაც მეორესთან. საბანაძე და კუხიანიძე მასპინძელთა მცველებს ხშირად აწუხებდნენ, მაგრამ სპარტაკელები საიმედოდ იცავდნენ თავს. ცხინვალელთაგან კი შონია, კვეკვესკირი და მეტრეველი აქტიურობდნენ. მათ კარგად აუბა მხარი შეცვლაზე შესულმა თამაზ მაქაცარიამაც, მაგრამ სტუმართა მეკარე და მცველები საიმედოდ თამაშობდნენ. უფრო მეტიც, თამაშის მსვლელობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ორივე გუნდი თითო ქულას იმსახურებდა, მაგრამ, ქუთათურებმა მოულოდნელად მოიგეს. 76-ე წუთზე იმერლებმა საჯარიმო დარტყმის შედეგად ბურთი მეკარის მოედანში ჩაჰკიდეს, სადაც ტანმაღალმა გიორგი ხიდეშელმა ყველას დაასწრო და თავურით ე. წ. “მალული ბურთი” გაიტანა.

დარჩენილ დროში „სპარტაკი“ ქულის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ ქუთათურებმა ბოლომდე მშრალად შეძლეს კარის შენახვა. კარგად ირჯებოდა იმერელთა მეკარე მაქსიმე ქვილითაია, რომელმაც კაპიტნის თეიმურაზ შონიას დაშავების შემდეგ, გაკაპიტნებული ზვიად მეტრეველის ორგზის დარტყმას გადაეფარა. თავის მხრივ, „სპარტაკის“ კიპერი გიორგი ნადირაძეც არ ყოფილა უქმად.

ერთი სიტყვით, ამ მატჩში გადამწყვეტი ერთადერთი გოლი აღმოჩნდა, რომელმაც ქუთათურებს მორიგი 3 ქულა მოუტანა. „სპარტაკი“ კი ერთადერთი გუნდია, რომელიც 3 თამაშის შემდეგ ჯერაც უქულოდაა.

სპარტაკიტორპედო 0:1 (0:0)

1 სექტემბერი. თბილისი. „მიხეილ მესხი“. 140 მაყურებელი.

სპარტაკი: ნადირაძე, მგელაძე, ქურდაძე, კილასონია, მეგრელიშვილი (ფანცხავა 81), ჩაფიძე (მაქაცარია 61), კვეკვესკირი, შონია (ნარიმანიძე 75), ბურძენაძე, თექთურმანიძე, მეტრეველი

მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

ტორპედო: ქვილითაია, ტაბატაძე (გ. ფანცულაია 18), ცინცაძე, მ. გიგაური, საბანაძე, კუხიანიძე (გ. გოროზია 46), გ. ხიდეშელი, მთივლიშვილი, კაპანაძე, ზ. ჭელიძე (სანდოხაძე 74), დ. უბილავა

მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა (ესპანეთი)

გოლი: 0:1 ხიდეშელი (76)

გაფრთხილება: მ. გიგაური (28), დ. მეგრელიშვილი (30), ნ. კვეკვესკირი (76)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)

 

დღევანდელი ტურის შედეგები

ჩიხურა (საჩხერე) – ზესტაფონი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 გიორგი დათუნაიშვილი (7)

დილა (გორი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 დავით ბოლქვაძე (20), 2:0, 3:0 ირაკლი მოდებაძე (32, 73)

გაძევება: გიორგი გავაშელიშვილი (“მეტალურგი” 19)

 

1.                                         4         3         0         1        8:4         9      
2. 4 2 1 1 6:2 7
3. 3 2 1 0 6:2 7
4. 3 2 1 0 5:3 7
5. 4 2 0 2 6:4 6
6. მერანი 4 2 0 2 4:5 6
7. მეტალურგი 4 1 2 1 4:6 5
8. დინამო თბილისი 2 1 1 0 3:2 4
9. ზუგდიდი 4 1 1 2 3:6 4
10. გურია 3 1 0 2 1:5 3
11. ზესტაფონი 4 0 1 3 3:6 1
12. სპარტაკი 3 0 0 3 1:5 0

 

მეგოლეები:

3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ ფოტოები 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128981